Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთსა და საქართველოს შორის “ცივი ომი” ახალ საფეხურზე ადის. საქართველო რუსეთს მის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში ადანაშაულებს, რუსეთი კი საქართველოს, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით,

ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში სდებს ბრალს. როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს მცირეხნიანი “თაფლობის თვე” დასასრულს უახლოვდება.

30 ივლისს, დილის 3 საათზე, საქართველოს ტერიტორია ისევ დაიბომბა. ამჯერად რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულმა ორმა დაუდგენელმა საფრენმა აპარატმა დაბომბა პანკისის ხეობის ჩრდილოეთი, ნაქერალას მთის მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა უკვე სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ქვეყნის დაბომბვის ფაქტებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ 29-30 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა და ქვეყნის მიმართ აგრესიული მოქმედება. საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი 30 ივლისს უკვე შეხვდა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, ვითარების გასაცნობად.
საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი იასტრჟემსკი აღმაშფოთებელს უწოდებს პანკისის ხეობის პრობლემისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რაც, მისი აზრით, ხელს არ შეუწყობს რუსეთსა და საქართველოს შორის სტაბილური, მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.
რუსეთის მასმედია დამატებით ცნობებს ავრცელებს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე, იტუმ-კალეს რაიონში, მიმდინარე ბრძოლების შესახებ. ოპერატიული ინფორმაციით, ჩეჩენ მერძოლებს ხელმძღვანელობს არა რუსლან გელაევი, არამედ ვინმე ჰასანი, რომელიც პანკისში ყოფნისას დაუპირისპირდა გელაევს და ჩეჩნეთში დამოუკიდებლად გადასვლა გადაწყვიტა. რუსული წყაროების ცნობით, ჩეჩენთა დიდმა ნაწილმა თავის დროზე თავი აზერბაიჯანს შეაფარა, სადაც ბაქოს სასტუმრო “აფშერონში” დღემდე მიმდინარეობს მერძოლების დაქირავება.
ანუ რუსეთ-საქართველოს ახალ კონფლიქტში, როგორც ჩანს, უახლოეს ხანში ჩართული აღმოჩნდება აზერბაიჯანიც, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებას. ყოველ შემთხვევაში, ორი წლის წინათ, როცა რუსეთმა, ჩეჩენ ბოევიკებთან ბრძოლის საბაბით, საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანთანაც გადაწყვიტა სავიზო რეჟიმის შემოღება, რამდენიმე ბოევიკის რუსეთისთვის გადაცემა საკმარისი აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად. ახლა კი, სულაც არ არის გამორიცხული, გარკვეული სანქციები აზერბაიჯანის მიმართაც ამოქმედდეს.
ასეა თუ ისე, საქართველოს მცდელობა, არსებულ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს, ამ ეტაპზე ოპტიმალურად გამოიყურება. აქამდე საქართველოს განცხადებებს დაუდგენელი საფრენი ობიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის შესახებ რუსეთის ხელისუფლება ინსინუაციად მიიჩნევდა. არადა, ასეთი დაბომბვების ინტენსივობა შემაშფოთებლად მატულობს. საქართველო თითქოს შეეგუა იმ ფაქტს, რომ პერიოდულად მის ტერიტორიებს ბომბავენ, რაც ხელისუფლების ავტორიტეტის ზრდას არც ქვეყნის შიგნით უწყობს ხელს და არც ქვეყნის გარეთ.
XS
SM
MD
LG