Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი იეჰოვას მოწმეები სტრასბურგის სასამართლოში


სოზარ სუბელიანი, თბილისი გასულ კვირაში რადიო “თავისუფლებამ” ისაუბრა თენგიზ ასანიძისა და გურამ აბსანძის შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში ითხოვენ თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენას.

საქართველოდან ევროსასამართლოში განსახილველად შესული საქმეების შესახებ საუბარს ამ კვირაშიც გავაგრძელებთ. საქართველოს იმ 57 სარჩელიდან, რომლებიც ამჟამად სტრასბურგის სასამართლოში განსახილველად არის შესული, ყველაზე ხმაურიანი იეჰოვას მოწმეების სარჩელია. როგორც 24 ივლისის გადაცემაში ვთქვით, ევროსასამართლომ დაჩქარებული წესით განხილვის პრიორიტეტი, თენგიზ ასანიძის საქმესთან ერთად, მხოლოდ ერთ – იეჰოვას მოწმეების – სარჩელს მიანიჭა.

ამჟამად სტრასბურგის სასამართლოში იეჰოვას მოწმეების სამი სარჩელია შესული, რომელთაგან ორი – 1999 წლის 17 ოქტომბრის დარბევის ფაქტი და 2001 წლის 22 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების ორი გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ – ევროპის სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. ხსენებული სამი სარჩელი ევროკონვენციის 7 სხვადასხვა მუხლის, კერძოდ, კონვენციის მესამე, მეექვსე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე მუხლების დარღვევას შეეხება. ხსენებული მუხლები იცავს ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა წამების აკრძალვა, სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და, ბოლოს, კონვენციის მეცამეტე მუხლი – “უფლება ეფექტურ ზომაზე”, რომლის თანახმადაც, “ყველას, ვისაც დაერღვევა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, აქვს ეფექტური ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების მიმართ, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილი იქნეს იმ პირების მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ოფიციალური უფლებამოსილებით.”

ბოლო, მესამე სარჩელი, რომელიც ოცდაათ სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავს, ევროსასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გაატარა რეგისტრაციაში. მოსარჩელეები ითხოვენ, რომ ისიც წინა ორ სარჩელთან ერთად იქნეს განხილული, თუმცა, ევროსასამართლოს ჯერ ამის შესახებ არ უმსჯელია. როგორც იეჰოვას მოწმეების ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, ეს 30 ეპიზოდი მოიცავს იმ საქმეთა ჩამონათვალს, რომლებიც წლების განმავლობაში ხდებოდა და რომლებზეც სამართლებრივი რეაგირების გზები საქართველოში კარგა ხნის წინ ამოიწურა: [მამუკა ჭაბაშვილის ხმა] “ახლახან 30 თავდასხმის ფაქტი გაერთიანდა ერთ საქმედ. ამ საქმეში 99 მოსარჩელეა და სხვადასხვა დარბევის ფაქტებია გაერთიანებული. ამ 30 ფაქტიდან 12 მკალავიშვილის მიერ არის ჩადენილი, 7 – უშუალოდ ხელისუფლების მიერ – პოლიციელებისა თუ სხვა ჩინოვნიკის მიერ, დანარჩენები, ასე ვთქვათ, კერძო შემთხვევებია. ამ 30 ფაქტის დროს არანაირი რეაგირება – მიუხედავად საჩივრებისა და ყველა ზომის მიღებისა – არავითარი რეაგირება არ მოჰყოლი სამართალდამცავთა მხრიდან, სახელმწიფომ არაფერი არ გააკეთა.” [სტილი დაცულია]

რაც შეეხება ორ ძველ სარჩელს, მათი შინაარსი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. კერძოდ, 2001 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა იეჰოვას მოწმეების ორი ორგანიზაციის რეგისტრაცია, თუმცა იქვე გააკეთა სპეციალური შენიშვნა, თითქოს, ამ გადაწყვეტილებით “არ იზღუდება მათი რწმენის თავისუფლება არც მარტო, არც სხვებთან ერთად კავშირში, არც საჯაროდ და არც კერძოდ… არ იზღუდება მათი უფლება რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლად გამომჟღავნების ან რელიგიის სწავლების, რიტუალების შესრულების დაცვის თვალსაზრისით”.

სინამდვილეში, ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ იეჰოვას მოწმეების ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უფლება მკვეთრად შეიზღუდა, რასაც ხელი სასამართლოს გადაწყვეტილებამაც შეუწყო და რაც სწორედ ამდაგვარად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მაგალითად, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის მოხსენებაში ნათქვამია: “მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მიერ დამატებით გაკეთებული წერილობითი განცხადებისა, საზოგადოების ექსტრემისტულად განწყობილმა ელემენტებმა ეს გადაწყვეტილება აღიქვეს როგორც წახალისება იმისა, რომ გააგრძელონ თავდასხმები რელიგიურ უმცირესობებზე.”

კიდევ უფრო დისკრიმინაციულია საქართველოს სასამართლოების მეორე გადაწყვეტილება, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა, ასევე, სტრასბურგში გაასაჩივრეს. რეალურად, რაიონულმა და საოლქო სასამართლოებმა დამრბევები – ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები – ყოველგვარი პასუხიმგებლობისგან გაათავისუფლეს, მაშინ, როცა დაზარალებული მხარის ორ წარმომადგენელს – იეჰოვას მოწმე მირიან არაბიძეს და იეჰოვას მოწმეების სტუმარს, ზაზა კოშაძეს, ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: [მამუკა ჭაბაშვილის ხმა] “კოშაძემ თქვა – ის, უბრალოდ, სტუმარი იყო – აღარ მინდა არაფერიო, პირობითი მიუსაჯეს და წავიდა. არაბიძემ, ის იეჰოვას მოწმეა, თქვა – მე ბოლომდე ვიბრძოლებო, გაასაჩივრა და უზენაესმა შეწყვიტა. უშუალოდ თავდამსხმელები – ცემაზე, ხულიგნობაზე, დარბევაზე – არავინ მისცეს პასუხისგებაში. ჩვენი სასამართლო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ამ ფაქტს – როცა ფორმალურად საქმე აღძრულია, მაგრამ კაცს პასუხისგებაში არ აძლევენ – სასამართლოში ვერ ასაჩივრებ, ასაჩივრებ მხოლოდ პროკურატურაში. როცა იქ ყველანაირი საშუალება ამოიწურა, შარშან ზაფხულში შევიდა ეს საჩივარიც სტრასბურგის სასამართლოში, შემდეგ მოხდა ამ ორი საქმის გაერთიანება…” [სტილი დაცულია]

ამ ორ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თავისი მოსაზრებები უკვე გაგზავნა სტრასბურგში, თუმცა ევროპულ სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის ლაშა ჭელიძის თქმით, ამ პასუხში, უბრალოდ, ფაქტებია ჩამოთვლილი და მეტი არაფერი, რასაც მამუკა ჭაბაშვილიც ადასტურებს. სამაგიეროდ, იუსტიციის სამინისტრო უპასუხოდ ტოვებს იმ კონკრეტულ კითხვებს, რაც ევროსასამართლოს რეალურად აინტერესებს: [მამუკა ჭაბაშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ძირითადად, იმ პასუხში იყო საუბარი იმ ახალ საქმეზე: რომ საქმე აღძრულია, პასუხისგებაში მიცემული და მიდის ძიება. მაგრამ უშუალოდ იმ 1999 წლის ფაქტზე არის შეტანილი, იმ დაზარალებულებს აქვთ შეტანილი, იმაზე, ფაქტობრივად, არავითარი პასუხი არ ჰქონდათ.”
-
“კიდევ ერთი რამე: საქმე რომ მხოლოდ ორ პიროვნებაზეა აღძრული, რეალურად, საჩივრებში, სხვების გვარები გიწერიათ?”
-
“რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა!..”
-
“რამდენი ადამიანია, დაახლოებით?”
“სულ მცირე, ყველაზე ცოტა, რაც შევძელით ჩვენი ძალისხმევით, 1—12 კაცი, უშუალოდ, გვარი, სახელი, მისამართი, ფოტოსურათი… სულ ყველაზე ცოტას გეუბნები, რა…” [სტილი დაცულია]

უნდა ითქვას, რომ დამნაშავეთა გვარები თვითონ გამოძიებასაც ზედმიწევნით ზუსტად აქვს დადგენილი: [მამუკა ჭაბაშვილის ხმა] “მაგალითად, ომბუდსმენის ოფისში რომ შემოცვივდნენ, პროკურატურას, მკალავიშვილთან ერთად, 7 კაცი ჰყავს ჩამოთვლილი – შევიდნენ, ეს გააკეთეს, ეს გააკეთესო: ბიჭო, გამოძიებას დადგენილი ჰყავს, რომ ესენიც იყვნენ! შენ თვითონვე წერ, რომ ესენიც იყვნენ, გამომძიებელი ხარ, პასუხისგებაში კი აძლევ მარტო ორს! რატომ?” [სტილი დაცულია]

მამუკა ჭაბაშვილის აზრით, პროკურატურა მაშინაც სცოდავს, როცა ხსენებულ დარბევებს უბრალო ხულიგნობის კვალიფიკაციას აძლევს: [მამუკა ჭაბაშვილის ხმა] “აქ მიზანი სხვა არის, სუბიექტური მხარე სხვა არის და, სხვათა შორის, ტერორიზმის დისპოზიციაში მშვენივრად ჯდება: იქ არ არის აუცილებელი, რომ ტროტილი დადო, ან რაღაც სხვა. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია მოსახლეობის დაშინებისკენ, ეს დარბევები კი, ფაქტობრივად, იქითკენ არის მიმართული – მე მგონი, უნდა დამეთანხმოთ – მიმართულია იქითკენ, რომ ის აღარ შეიკრიბოს, აღარ გაეკაროს ამ რელიგიას, ჟურნალი არ აიღოს ხელში და ასე შემდეგ, მიმართულია აქეთკენ, დაშინებისკენ და პირდაპირ წერია, რომ ეს არის ტერორიზმი.” [სტილი დაცულია]

რაც შეეხება სასამართლო პროცესის დაწყებას, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეთა სარჩელი პრიორიტეტულ საქმეთა რიგს მიაკუთვნეს, მისი განხილვა, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ თუ დაიწყება.
XS
SM
MD
LG