Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საივესტიციო პოლიტიკა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ”თბილგაზის” ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა საქართველოს ხელისუფლების უსუსური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ ერთხელ თვალნათელი გახადა.

”იტერასთან” ლამის იატაქვეშეთში მიდინარე მოლაპარაკებები შემდგომ აშკარა პოლიტიკურ კონტექსტში ”გასკდა”, რაც არცთუ მოკლებულია ლოგიკას. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეკონომიკური ფაქტორები და ზოგადად ინვესტორების და ინვესტიციებისადმი დამოკიდებულებაა.

საქართველოს თითქმის მთელი გაზგამანაწილებელი სტრუქტურის ერთი, მითუმეტეს, უცხოური კომპანიის ხელში გადასვლა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისითაა საზიანო და რაც არ უნდა გვარწმუნოს ხელისუფლებამ, რომ გაზის განაწილების პოლიტიკას ერთობლივი საწარმო პარიტეტულ საწყისებზე განახორციელებს, ”იტერას” ხელში მაინც საკონტროლო პაკეტი აღმოჩნდება და თანაც იგივე კომპანიას უკვე კარგა ხანია გაზის მოწოდება უკვე აქვს საქართველოში მონოპოლიზირებული. სხვათა შორის, ”იტერა” რუსულ სახელმწიფო პოლიტიკასთან სერიოზულადაა ”დამოყვრებული”, რის დემონსტრირებასაც ეს კომპანია არცთუ იაშვითად წარმატებით ახდენს თუნდაც იგივე საქართველოსთან მიმართებაში. ამასთან, ”იტერას” პერსპექტივაში მომგებიანი ბიზნასი ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე უვარდება ხელში, უფრო მეტიც, აღნიშნული კომპანია ინვესტიციების სახით არანაირ კაპიტალს არ გაიღებს და დაგროვებული ვალების ამოღების შემთხვევაში უკან ჩააბრუნებს თუ არა თანხებს, ისიც გაურკვეველია. რაც შეეხება საქართველოში ერთადერთი ყველაზე კონკურენტული საწარმოს – ”აზოტის” იტერასათვის ხურდაში გატანებას, ეს საერთოდ ეკონომიკური ნონსენსია და მისი სათავეც ასევე პოლიტიკურ და ფინანსურ დაინტერესებაში უნდა ვეძებოთ.

საერთოდ გაუგებარია სახელმწიფო პოლიტიკა სტრატეგიული ობიექტების მიმართ. ადრეულ წლებში, ქართული პრივატიზაციის გარიჟრაჟზე, ხელისუფლება ინვესტიციურად მომხიბლავი ობიექტების გასხვისების შეჩერებას ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების ხსნიდა, შემდგომ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ხელში ამ ობიექტებმა იმდენი ვალები დააგროვეს (მათი წარმოშობა ცალკე საუბრის თემაა), რომ ინვესტიციური მომხიბვლელობაც დაკარგეს და ის მცირედი კომუნიკაციებიც დაზიანდა თუ გაიძარცვა, რომელიც სისტემის ელემენტარულ ფუნქციონირებას მაინც უზრუნველყოფდა.

ძირითადად ხელოვნურად ვალებდაგროვილი საწარმოები, რომელთაც ადრეულ ეტაპზე სახელმწიფო სტრატეგიულად მიიჩნევდა და მათ პრივატიზებას ტაბუს ადებდა, საბოლოოდ სხვადასხვა წარმოშობის და ინტერესების ჯგუფებს ჩალის ფასად ჩაუვარდათ ხელთ. რიგ შემთხვევაში, ამგვარი ფსევდოინვესტორები საწარმოებში დარჩენილი პოტენციალის საბოლოოდ გამოწურვას ახერხებდნენ, აპრიორი შეცდომით გაფორმებული ხელშეკრულებით არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ და შემდეგ ისევ უჩინარდებოდნენ. ამგვარი სახელმწიფო აფიორის ნათელი მაგალითები, სამწუხაროდ, უხვად არის და თუ ”ინფოკომის”, ან თუნდაც იგივე ”ელექტროკავშირის” გახმაურებულ პროცესებს გავითვალისწინებთ, ვშიშობთ, რომ მომავალშიც იქნება.

ასევე საინტერესოა საქართველოში შემოსული ინვესტიციების გეოგრაფია. მრავალი მათგანი, როგორც წესი, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ, არაფრის მთქმელ და ყველასათვის უცნობი კომპანიებიდან მომდინარეობს, რომელთა უკან, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისევ ქართული საფინანსო ჯგუფები დგანან. თავის დროზე საქართველოში არცთუ კანონირი გზით ნაშოვნი ფული ხშირად ამ აპრობირებული სქემით ირეცხება, რასაც ჩვენი ჩინოვნიკები არცთუ უანგაროდ უწყობენ ხელს.

არსებობს მოსაზრება, რომ ”მთავარია ფული შემოვიდეს და რა მნიშვნელობა აქვს მის წარმომავლობას”. ბევრი ამისათვის აშშ-ს მაგალითსაც იშველიებს და აცხადებს, რომ ეს ზესახელმწიფო თავის დროზე სწორედ ”ჭუჭყიანი ფულის” ლეგალიზებით აშენდა. ამ აბსურდულ არგუმენტს, ბუნებრივია, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ეკონომისტი თუ პოლიტოლოგი ვერ გაიზიარებს. რაც შეეხება კრიმინალური ფულის დაბანდებას და მისგან მიღებულ სარგებელს, იმთავითვე ამგვარი მიდგომა ამორალურია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ”ჭუჭყიანი ფული” ჩვენი, ანუ მოსახლეობის ძარცვითა ან გარყვნითაა მოხვეჭილი და რა რაციონალური დატვირთვაც არ უნდა მისცენ მას ამგვარი ინვესტიციების მოსურნეებმა, შეუძლებელია ბინძურმა ფულმა სუფთა ბიზნესი შვას. ამასთან, კრიმინალების კეთილშობილება და თანამედროვე კეთილი აბრაგები, ვფიქრობთ, მხოლოდ რომანტიკული კინემატოგრაფიული ტრიუკია და რეალობა, სამწუხაროდ, საპირისპირო ტენდენციითაა გაჯერებული.

საინტერესოა, რომ მსხვილი ე.წ. სტრატეგიული ობიექტების ”ქართული წესით” განკერძოებით სახელმწიფო ბიუჯეტი სოლიდურ თანხებს კარგავს. ამ კუთხით უკვე მერამდენე წელია დაგეგმილი შემოსავლების ნახევარიც ვერ მობილიზდება, რაც პერმანენტული სეკვესტრის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

საქართველოში შემოსულ ინვესტიციებს შორის ”ეიიესი” ლამის ერთადერთ წარმატებულ მაგალითად გვექცა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის მიმართაც უამრავი პრეტენზია არსებობს. სხვათა შორის, ”ეიიესს” იმგვარი გარემო შეუქმნეს, რომ შესაძლოა ამ ერთადერთმა წარმატებულმა ინვესტორმაც ზურგი გვაქციოს და საქართველოს საინვესტიციო იმიჯი საბოლოოდ დაასამაროს.

მთავრობა ხშირად საუბრობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით სხვადასხვაგვარ კონცეფციებსაც ქმნის, საკანონმდებლო ინიციატივებზე ფიქრობს და უკვირს, თუ რატომ არ ეძალებიან ჩვენს ქვეყანას უცხოელი ბიზნესმენები. სახელმწიფოს ხელისუფლებას, სადაც უცხოურ კაპიტალს არაჯანსაღი თამაშის წესები, ელემენტარული თაღლითობა, კანონისადმი უპატივცემულობა და კრიმინალური გარემო ხვდება, ალბათ ამგვარი წუწუნის საბაბი არ უნდა ჰქონდეს.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ინვესტიციებისადმი გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვს და საკუთარი პოლიტიკური არსებობის გახანგრძლივებისათვის მზადაა ნებისმიერ უხერხულ გარიგებაზე წავიდეს. მთავარია დღეს რომელიმე კონკრეტული ლოკალური პრობლემა გადაწყვიტოს და ხვალ რა მოჰყვება ამგვარ გაუზრებელ ნაბიჯს, ეს ელემენტარულად არ ადარდებს.
XS
SM
MD
LG