Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის იოან პავლე მეორის გრანდიოზული მესა კრაკოვში


თამარ ჩიქოვანი, პრაღა 2 მილიონ-ნახევარზე მეტი მორწმუნე დაესწრო კრაკოვში გამართულ რომის პაპის იოან პავლე მეორის მესას. სამშობლოში, პოლონეთში სამდღიანი ვიზიტის პირველივე დღეს აეროპორტში გამართულ

დახვედრის ცერემონიაზე რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მოგზაურობა ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანები უფრო შემწყნარებლები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. თავად პოლონელებისთვის მათი სახელოვანი თანამემულის ჩასვლა კრაკოვში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. კრაკოვი ვერ იტევდა მესაზე დასწრების მსურველებს. მით უფრო, რომ კრაკოვის ცენტრთან ახლოს მდებარე ბლონეს ველზე თავი მოიყარეს მორწმუნეებმა არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ ბალტიის ქვეყნებიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. პოლონეთის პრეზიდენტის გარდა, მესას ესწრებოდნენ ლიტვის და სლოვაკეთის პრეზიდენტები – ვალდას ადამკუსი და რუდოლფ შუსტერი.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ რომის პაპის იოან პავლე მეორის 98-ე საზღვარგარეთული ვიზიტი განსაკუთრებულ ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული. მართალია, სამშობლოში, პოლონეთში რომის პაპის წლევანდელი ჩასვლა რიგით მეცხრეა, მაგრამ თავისებური სენტიმენტალური განწყობა ვიზიტს თან ახლდა – ბევრი ხვდებოდა, რომ გამორიცხული არ არის, ეს რომის კათოლიკური ეკლესიის 82 წლის მეთაურის ბოლო ჩასვლა იყოს სამშობლოში.
კრაკოვს განსაკუთრებული ადგილი უკავია რომის პაპის ცხოვრებაში – იქ მოხდა მისი მღვდლად ხელდასხმა, იქ ჩაატარა თავისი პირველი მესა, იქ აირჩიეს ჯერ ეპისკოპოსად, შემდეგ კი კარდინალად. შესაბამისად, კრაკოვის ვიზიტი განსაკუთრებულ მოგონებებთან იყო დაკავშირებული. რომის პაპი ესტუმრა იაგელონის უნივერსიტეტს, სადაც ნახევარი საუკუნის წინ სწავლობდა და სადაც გასულ შაბათს მას "ნომერ პირველი სტუდენტის" საპატიო წოდება მიანიჭეს, მოინახულა რაკოვიცეს სასაფლაო, სადაც მისი მშობლები და უფროსი ძმა არიან დაკრძალულნი. ამავე დროს, მან პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საერო საქმეებიც განიხილა, იქნება ეს პოლონეთის ეკონომიკური მდგომარეობა, საშინაო პოლიტიკის საკითხები თუ პოლონეთის ევროპის კავშირში გაწევრიანების პერსპექტივები.
თუმცა, ვიზიტის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მაინც კვირას გამართული მესა აღმოჩნდა. თვითმხილველთა აღიარებით, ეს ყველაზე ხალხმრავალი მესა იყო, რაც აქამდე პოლონეთში ჩატარებულა. რომის პაპის პრესმდივნის თქმით, მასობრიობის თვალსაზრისით, კრაკოვის მესა მხოლოდ 1995 წელს ფილიპინებზე გამართულ ახალგაზრდობასთან შეხვედრას ჩამოუვარდებოდა, სადაც თავი 3 მილიონზე მეტმა მორწმუნემ მოიყარა.
თავის ქადაგებაში რომის პაპმა დაგმო ცხოვრების საიდუმლოებაში ჩარევა,
" გენეტიკური მანიპულაციებით იმის გადაწყვეტა, როდის დაიწყოს ახალი სიცოცხლე და სად არის სიკვდილის საზღვარი."
ქადაგების ბოლოს კი რომის პაპი მრევლს ასე გამოემშვიდობა: ” მინდა გითხრათ
" ნახვამდის" , მაგრამ ეს მხოლოდ უფლის ნებაზეა დამოკიდებული”.
ორმილიონიანი მრევლი დიდხანს სკანდირებდა – "დარჩი ჩვენთან."


ბოლო წლებში რომის პაპს იოანე პავლე მეორეს ჯანმრთელობა საკმაოდ შეერყა – პარკინსონის დაავადების ნიშნები სულ უფრო შესამჩნევი ხდება. გავრცელებული ცნობებით, გამორიცხული არ იყო, კრაკოვის ვიზიტი ბოლო ყოფილიყო პაპის საზღვარგარეთულ მოგზაურობებში, თუმცა, გასულ კვირაში ვატიკანმა გაავრცელა ცნობა, რომ 2003 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია რომის პაპის ვიზიტი ხორვატიაში.
XS
SM
MD
LG