Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირკვევა, რომ ალ-ყაიდა ქიმიურ იარაღს ფლობს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ორშაბათს "სი-ენ-ენ"-ით გავრცელებულმა დოკუმენტურმა კადრებმა, თუ რა ექსპერიმენტებს ატარებენ ტერორისტული ორგანიზაციის "ალ-ყაიდის" წევრები სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერების გამოსაცდელად,

დაადასტურა მოსაზრება, რომ ალ-ყაიდა ქიმიურ იარაღს ფლობს. სავარაუდოდ, ტერორისტთა სწავლებისთვის განკუთვნილ ფირზე აღბეჭდილია, როგორ კვდება სამი ლეკვი მას შემდეგ, რაც მათ მახლობლად გამჭვირვალე სითხით სავსე ბოთლი გატეხეს. ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, ექსპერიმენტისას გამოიყენეს მომწამვლელი გაზი, შესაძლოა, ზარინი. გარდა ამისა, ტელემაყურებელმა საკუთარი თვალით იხილა, როგორ სწავლობენ ტერორისტები მანქანების გატაცებას, ყუმბარმტყორცნების გამოყენებასა და ძლიერი ხელყუმბარების დამზადებას.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის კორესპონდენტის ნიკ რობერტსონის მიერ ორი კვირის წინათ ავღანეთიდან ჩამოტანილი 60 ვიდეოკასეტა, რომლებიც თავად ტერორისტების გადაღებულია, სენსაციური აღმოჩნდა – პირველი გადაღებები 80- იანი წლების დასაწყისშია გაკეთებული, ბოლო კასეტაზე კი აღბეჭდილია 11 სექტემბრის მოვლენები. არქივში თავმოყრილია ბოსნიაში, ჩეჩნეთში, სომალისა და სუდანში გადაღებული ტერორისტთა წრთვნების სცენები. გარდა ამისა, ამ თავისებურ კოლექციაში შესულია ყველა ინტერვიუ, რომელიც კი ოდესმე მიუცია "ნომერ პირველ ტერორისტად" აღიარებულ ოსამა ბენ ლადენს.
ნიკ რობერტსონი, რომელიც უარს ამბობს გაამხილოს, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში, ექსპერტების ვარაუდით, ბენ ლადენის კერძო ვიდეოარქივი, მხოლოდ იმის თქმას სჯერდება, რომ ტელეკომპანიას კასეტებისთვის არაფერი გადაუხდია და რომ მას 250-მდე ასეთი კასეტა უჩვენეს.
ორშაბათს "სი-ენ-ენ"-ით ნაჩვენები პირველი კადრების შემდეგ, ექსპერტები ცალსახად აცხადებენ, რომ ალ-ყაიდა ქიმიურ იარაღეს ფლობს. მართალია, ასეთი მოსაზრება ადრეც არსებობდა – მაგალითად, შარშან ლოს-ანჟელესის აეროპორტის თავდასხმის მომზადებისთვის დაპატიმრებულმა ალჟირელმა აჰმედ რესამიმ ამერიკელებს უამბო, როგორ მონაწილეობდა "ცხოველებზე ქიმიურ ექსპერიმენტებში", – მაგრამ ერთია მონაყოლი და მეორე – ამის დამადასტურებელი კადრების ხილვა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მარკ ბეიკერი ესაუბრა ექსპერტს ტერორიზმის საკითხებში მაგნუს რანსტორფს, რომელსაც ავღანეთიდან ჩამოტანილი ყველა კასეტის ნახვის საშუალება ჰქონდა. მისი თქმით, კასეტები ყალბი არ არის და ახალ წარმოდგენებს ქმნის ალ-ყაიდაზე. მისი შეფასებით, ალ-ყაიდა უკეთ არის ორგანიზებული, ვიდრე ადრე ეგონათ.
[ მაგნუს რანსტორფის ხმა] " კადრების უმრავლესობა, ალ-ყაიდას წერილობით წესებთან ერთად, შემაშფოთებელი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს."
"სი-ენ-ენ"-ი ალ-ყაიდის საქმიანობის ამსახველი სხვა კადრების ჩვენებასაც გეგმავს. ტელეკომპანიის პრესმდივნის კრისტა რობინსონის განცხადებით, ეს არ არის ტერორიზმის პროპაგანდა და ტელეკომპანია უჩვენებს იმას, რაც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ტელემაყურებლისთვის.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, "სი-ენ-ენ"-ით ნაჩვენები კადრები ადასტურებს ამერიკის მიერ დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის აუცილებლობას. თეთრი სახლის წარმომადგენლის მაიკლ ენტონის თქმით, კადრები საფუძველს უმაგრებს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას ტერორისტების მომზადებისა და მიზნების შესახებ. ექსპერტთა განმარტებით, კასეტები კარგ სამსახურს გაუწევენ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ტერორისტების ამოცნობის თვალსაზრისითაც. სხვათა შორის, ბევრისთვის მოულოდნელობად იქცა იმ კადრების ხილვა, სადაც მამაკაცების გვერდით მომზადებას ქალებიც გადიან.
XS
SM
MD
LG