Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატყვიარი ქართული ფეხბურთის სახლზე


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ნატყვიარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ოფისის

ფასადზე, ევროპული საკლუბო ტურნირები და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამზადისი – ამ საკითხებს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული სპორტული პროგრამის – “რბენა წინაღობებით” დღევანდელი საფეხბურთო მიმოხილვა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ამ ბოლო დროს ქართული ფეხბურთის წარმატებებზე თითქმის არაფერი გვსმენია, სკანდალურ და კრიმინალურ თავგადასავლებს კი ბოლო არ უჩანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტადიონს მიღმა გაცილებით მეტი ხმაურიანი და საყურადღებო ამბავი ხდება, ვინემ უშუალოდ სათამაშო მოედანზე. ერთი ასეთი ამბავი გასულ პარასკევს მოხდა: ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალგახსნილ ოფისს. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის რამდენიმე მასრა აღმოაჩინა, ოფისის შემინულ ფასადზე კი – ნატყვიარი. “არა მგონია, რომ ეს შემთხვევა განვლილ არჩევნებს და მის შედეგებს უკავშირდებოდეს, – განაცხადა ფედერაციის კვლავარჩეულმა პრეზიდენტმა მერაბ ჟრდანიამ, – არჩევნებში სერიოზული და პატივსაცემი ხალხი მონაწილეობს. თუ ვინმეს ჩვენი დაშინება უნდა, ამ გზით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს”. ჟორდანია ცამდე მართალია: უწინდელი ისტორიებიც მოწმობს, რომ მრავალჭირგამოვლილ ჩვენს ფედერაციას სახელმწიფოს ზეწოლის, სასამართლოს დადგენილებისა თუ ტყვიებისა არასოდეს შეშინებია. ცუდი ის არის, რომ ასეთივე სიმტკიცესა და ბრძოლისუნარიანობას ვერ იჩენენ ჩვენი საფეხბურთო გუნდები, რომლებიც ევროპულ ტურნირებში გამოდიან და როგორც წესი, შიშნაჭამები, სამარცხვინოდ აგებენ. ერთი ასეთი მარცხის მოწმენი ამ დღეებში გავხდით, როცა დანიურმა “კოპენჰაგენმა” შავი დღე აყარა ჩვენს “ლოკომოტივს” და უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა. რკინიგზელთა ბედი კიდევ ორმა ქართულმა კლუბმა გაიზიარა. საკვალიფიკაციო ბარიერს მხოლოდ თბილისის “დინამო” გასცდა, რომელმაც სტუმრადაც აჯობა ტალინის გუნდს. გუშინწინდელმა წილისყრამ ჩვენი დინამოელები და ლიბერეცის “სლოვანი” დააწყვილა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უძველესი და ბოლო წლებში დაწინაურებული კლუბი – ჩეხეთის შარშანწინდელი თასის მფლობელი და წლევანდელი ჩემპიონი. სლოვანელები უეფა-ს თასზე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირიდან გადმოერთვნენ, სადაც იტალიურ “მილანს” საშინაო თამაში მოუგეს და ლიგა მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო დატოვეს.


გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ იანვარში გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება და მომავალი წლის ოქტომბრამდე გასტანს. კალენდარს შეგახსენებთ: პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 8 სექტემებრს შვეიცარიასთან სტუმრად გამართავს, 12 ოქტომბერს კი რუსეთის გუნდს თბილისში უმასპინძლებს. დანარჩენი შეხვედრები გაისად გაიმართება: 29 მარტი, საქართველო-ირლანდია; 2 აპრილი, საქართველო-შვეიცარია; 11 ივნისი, ირლანდია-საქართველო; 6 სექტემბერი, საქართველო-ალბანეთი; 10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო; 11 ოქტომბერი, რუსეთი-საქართველო. მოკლედ, ქართულ ფეხბურთს და მის რჩეულს, ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ევროპული გამოცდა მოელის, რომლის საბოლოო შედეგსაც ბევრად განაპირობებს წარმატებული სტარტი. საუკეთესო ვარიანტი, რა თქმა უნდა, სამი ქულაა, თუმცა ჩვენებურები ფრეზეც ყაბულს არიან. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელ-ფეხბურთელთა წინასამატჩო კომენტარი ისეთი ოპტიმისტური ვერ არის, როგორიც თუნდაც კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას იყო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე პროგნოზებზე საუბარს საერთოდ გაურბის, განსაკუთრებით – ამასწინდელი ტაპიზონული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ფეხბურთელების გასაგონად კი აი, რას ამბობს: “თუ ბაზელში ვინმემ თავი დაზოგა, ან ისე ითამაშა, როგორც თურქეთის ნაკრებთან, შეუძლია ჩათვალოს, რომ მისი სანაკრებო კარიერა დამთავრებულია. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ეს ფეხბურთელი, არავისი ავტორიტეტი და ადრინდელი დამსახურება არ მაშინებს. ვინც საქმეს უგულოდ მოეკიდება, ულაპარაკოდ დავითხოვ გუნდიდან. ამიტომაც ყველას ვაფრთხილებ და მოვუწოდებ, 8 სექტემბერს ისე ითამაშოს, როგორც არასოდეს უთამაშია” .

გასულ კვირას ჩივაძემ ნაკრების საბაზელო შემადგენლობა გამოაცხადა, პარასკევს კი თბილიში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად გემანიაში გაფრინდა. ქართველები ქალაქ რუიტში დაბანაკდნენ, ლეგიონერები შემოიერთეს და დასკვნით ერთობლივ წვრთნას შეუდგნენ. ჩივაძის რჩეულთა შორის არიან: მეკარეები – გიორგი ლომაია და დავით გვარამაძე, მცველები– კახა კალაძე, გელა შეყილაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ედიკ საჯაია, გიორგი შაშიაშვილი და ოთარ ხიზანეიშვილი, ნახევარმცველები – ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ვლადიმერ ბურდული და მამია ჯიქია, თავდამსხმელები – შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი დემეტრაძე. შკრებაზე მიწვეული ცხრამეტი ფეხბურთელიდან ხუთი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს, დანარჩენები კი ლეგიონერები არიან. გერმანიიდან მიღებული ბოლო ცნობების თანახმად, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა ფრიად კმაყოფილი ჩანს გერმანული საწვრთნელ-საცხოვრებელი პირობებით. ჩვენი გუნდი რუიტში ერთ კვირას დარჩება, 7 სექტემბერს კი ავტობუსით ბაზელში გაემგზავრება, იმავე დღეს წმინდა იაკობის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს, კვირას კი იმავე სტადიონზე მასპინძლებს დაუპირისპირდება.

შვეიცარიელთა მთავარი მწვრთნელი იაკობ კუნი ინტერვიუებს უხვად არიგებს და ქომაგებს გამარჯვებას ჰპირდება. კუნი აღიარებს, რომ ნახევარი წლის წინ საქართველოს ნაკრებზე ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ კენჭისყრის შემდეგ საფუძვლიანად დაინტერესდა და ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღო. “ადრე ახლოს ვიცნობდი ჯამარაულსა და ყაველაშვილს, – თქვა მან, – შოთა არველაძის თამაშიც მინახავს, ახლა კი ევროპაში მოთამაშე ქართველთა უმეტესობაზე სრული დოსიე მოვიძიე”. შვეიცარიელთა მწვრთნელი პირველ ყოვლისა კახა კალაძეს გულისხმობს, რომელიც, ცნობილ მიზეზთა გამო, უარს ამბობდა ნაკრებში გამოსვლაზე და აი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველად ტრაპიზონში ითამაშა.

[კახა კალაძის ხმა] “ქართველი ვარ და საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და უბრალოდ ვერ მივეცი თავს იმდენი უფლება, რომ საქართველოს ნაკრებში არ მეთამაშა. სიმართლე გითხრათ, ხალხს არაფერი დაუშავებია.”

სამწუხაროდ, კახა კალაძის უმცროსი ძმის – ლევანის ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია და სამართალდამცველთა მრავალი დაპირების მიუხედავად, ჯერჯერობით სანუგეშო არაფერი ჩანს, მას შემდეგაც კი, რაც საქმეში თვით საქართველოს პრეზიდენტი ჩაერია. ამ დღეებში გავრცელებული ცნობის თანახმად, ედუარდ შევარდნაძეს კალაძეებთან შეხვედრა მოუსურვებია, მაგრამ მხოლოდ ოჯახის უფროსს, კარლო კალაძეს შეხვედრია.

[კახა კალაძის ხმა] “ჩემი შეხვედრა ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ მე ტრაპიზონიდან ეგრევე მილანში წამოვედი. მამაჩემი იყო, შეხვდა. რა ვიცი, დიდი იმედები არის და ვნახოთ. ყველაფერი კარგად უნდა დამთავრდეს”.
XS
SM
MD
LG