Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა აზიაში მიმდინარე მილიტარიზაციას, შესაძლოა, რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვეს


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი დაიწყო, შუა აზიის ქვეყნებში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზეა გადატანილი მთელი ყურადღება

და, ამდენად, დასაბამი მიეცა რეგიონის ქვეყნების აქტიურ სამხედრო თანამშრომლობასშეერთებულ შტატებთან, რუსეთთან და ჩინეთთან.

უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ”უფრო მობილური და მაღალპროფესიული” არმიის შექმნის მიზნით, 2005 წლისათვის, 15 000-მდე აქვს განზრახული ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიცხობრივი შემადგენლობის შემცირება.

მანამდე ყირგიზეთმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც მომავალი 2-3 წლის განმავლობაში ითვალისწინებს შუა აზიის ამ რესპუბლიკაში პროფესიული არმიის შექმნას.

აგვისტოს დასაწყისში ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საქმეში ფინანსურ დახმარებას მიიღებს ვაშინგტონისგან, ხოლო შეერთებული შტატების ელჩმა ტაჯიკეთში განაცხადა, რომ ვაშინგტონს განზრახული აქვს შეიარაღებული ძალების მომზადებაში დაეხმაროს ტაჯიკეთს.

შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია შუა აზიაში, ძირითადად შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით ხდება. ეს ქვეყნები ათეული მილიონობით დოლარს აბანდებენ ამ რეგიონში, და არა მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ჩარჩოებში, არამედ საკუთარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც. მაგრამ, როგორც მიმოხილველები აღნიშნავენ, ამგვარმა მილიტარიზაციამ, შესაძლოა, ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რეგიონში და მოუგვარებელი დარჩეს მრავალი, მათ შორის სიღატაკის პრობლემაც.

როგორც პენსილვანიის შტატში არსებული სამხედრო კოლეჯის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორს ეროვნული უშიშროების საკითხებში, სტივენ ბლენკს მიაჩნია, ის სამხედრო დახმარება, რასაც შუა აზიის ქვეყნები იღებენ უცხოეთიდან, პირველ რიგში ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება: [სტივენ ბლენკის ხმა] ”რუსეთი იარაღს ყიდის შუა აზიაში, რათა საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დააფინანსოს და კოლექტიური თავდაცვის სისტემა აღადგინოს მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში. რუსებს იმდენად ხელს აძლევს იარაღის მიყიდვა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ შუა აზიაში ნომინალურ ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასებში ყიდიან თავიანთ იარაღს”.

მოსკოვი, რომლის 20 000-კაციანი ჯარი დღემდე რჩება ტაჯიკეთში, შუა აზიის რეგიონში თავისი უწინდელი სამხედრო კავშირების აღდგენაზე ოცნებობს. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის იმის თაობაზე, რომ დუშანბეს მახლობლად სამხედრო ბაზა დაარსდეს რუსეთის 201-ე დივიზიის განსათავსებლად. ყირგიზეთსა და რუსეთს შორის ივნისში დაიდო შეთანხმება რუსეთის სამხედრო პერსონალის სტატუსის შესახებ; გარდა ამისა, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ძალითაც რუსეთის ჯარი ყირგიზეთის სამხედრო ობიექტებს აიღებს იჯარით.

მაგრამ შეერთებულმა შტატებმა გამოწვევა გამოუცხადა რუსეთის ისტორიულ გავლენას შუა აზიის რეგიონში მას შემდეგ, რაც მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა დაიწყო ამ რეგიონის ქვეყნებთან. უზბეკეთმა და ყირგიზეთმა თავიანთი სამხედრო ბაზებით სარგებლობა შესთავაზეს ამერიკის ჯარს, რომელიც ანტიტერორისტულ ოპერაციას აწარმოებს ავღანეთში. ხოლო ყაზახეთმა და ტაჯიკეთმა თავიანთი საჰაერო სივრცე გაუხსნეს ხსენებულ ოპერაციაში მონაწილე ამერიკის თვითმფრინავებს.

ყირგიზეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს სამხედრო დახმარებას უწევს ჩინეთიც, რომელიც ცდილობს, არ დაუშვას, რომ დასავლეთი ჩინეთის ცინიანის პროვინციაში მცხოვრებმა უიგურმა სეპარატისტებმა შუა აზიიდან მიიღონ დახმარება.
XS
SM
MD
LG