Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ძალადობის განახლება ავღანეთში, იოჰანესბურგში დამთავრებული გაეროს სამიტი და კრემლის პოლიტიკა 11 სექტემბრის შემდეგ,

ამ საკითხებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში. მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურნენ გაზეთები ავღანეთში ძალადობის განახლებას. ხუთშაბათს, ქალაქ ყანდაარში, ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურზე, ჰამიდ კარზაიზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, მაგრამ მას ტყვია ასცდა, ხოლო ბოროტმოქმედი ადგილზევე მოკლა დაცვამ. იმავე დღეს, ძლიერმა აფეთქებამ ქაბულის ცენტრში – 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყანდაარში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 17 ადამიანია დაპატიმრებული. 17-ვე – ავღანეთის უშიშროების უწყებათა თანამშრომლები არიან. როგორც ბრიტანეთის გაზეთი ”ტაიმსი” აღნიშნავს, ამ თავდასხმამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაოდენ მოწყვლადია მშვიდობა ავღანეთში და რაოდენ არასტაბილურია ამ ქვეყნის მომავალი. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”კარზაი – სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო დასავლეთის, არამედ ავღანეთის მომავლისთვისაც. ჰამიდ კარზაიმ დაგვანახა, რომ ისლამი - ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და პლურალიზმთან – შეთავსებადია. მხოლოდ კარზაი სარგებლობს სამშობლოში იმგვარი პატივისცემით, რაც მას აძლევს შესაძლებლობას – სცადოს ეროვნული ერთიანობის მიღწევა და ცენტრალური მთავრობის კონტროლქვეშ მოაქციოს მთელი ქვეყანა. მხოლოდ მას ესახება ავღანეთის, როგორც ღია, ტოლერანტული, დემოკრატიული ქვეყნის მომავალი; ქვეყნისა, სადაც გოგონები სკოლებში ივლიან, ხოლო ქალებს მიეცემათ უფლება - ღირსეული ადგილი დაიმკვირონ ქვეყნის პოლიტიკურსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კარზაიმ არაერთგზის სთხოვა მსოფლიო თანამეგობრობას - მეტი დახმარება აღმოუჩინოს ავღანეთს და გაზარდოს ქვეყანაში განთავსებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების რიცხვი. და ეს თხოვნა, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს”.

ამავე საკითხს აშუქებს ქალაქ მიუნჰენში გამომავალი გაზეთი ”ზიუდოჩე ცაიტუნგიც”. გაზეთი წერს:

”ჰამიდ კარზაის სიცოცხლე -საფრთხეშია. შეუდგა რა თავისი მოვალეობის შესრულებას, კარზაი ყოველ წუთს უნდა მოელოდეს იმას, რაც ხუთშაბათს, ყანდაარში მოხდა. თავად მისი და ავღანეთის საკეთილდღეოდ, ჰამიდ კარზაი ცოცხალი გადარჩა. იგი იხსნა დაცვამ, რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცები მსახურობენ, რაც ცხადყოფს, რა ვითარებაა ავღანეთში. ავღანეთის პუშტუნი ლიდერი არ ანდობს, და არც თუ უსაფუძვლოდ, თავის დაცვას, შინაგან საქმეთა ტაჯიკ მინისტრს, ხოლო ამერიკელები რის ვაი ვაგლახით ახერხებენ მოსალოდნელი ტრაგედიის უვნებელყოფას. სულ უფრო იძაბება ქვეყანაში ურთიერთობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ამაზე მეტყველებს ქაბულში ხუთშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტიც, როცა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვინ მოაწყო ეს აფეთქება – გაურკვეველია, სამაგიეროდ ცხადი ისაა, რომ ავღანეთში არ წყდება ძალაუფლებისათვის ბრძოლა, ხოლო თალიბები და ალ-ყაიდის მებრძოლები იატაკქვეშეთში განაგრძობენ ძირგამომთხრელ საქმიანობას.”

ხოლო გაზეთ ”გარდიანის” მიმომხილველის რორი მაკარტის აზრით, 9 თვემ განვლო მას შემდეგ, რაც ავღანეთში – თალიბების რეჟიმი დაემხო, მაგრამ უშიშროების მხრივ ქვეყანაში კვლავაც მეტად საგანგაშო მდგომარეობაა. ”ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურზე ხუთშაბათს მომხდარმა თავდასხმამ დაგვანახა, რაოდენ მყიფეა მშვიდობა ავღანეთში” – წერს ბრიტანელი ჟურნალისტი და განაგრძობს:

”ჯერჯერობით არაა ცნობილი, ურევია თუ არა თალიბების, ანდა ალ-ყაიდის ხელი ხუთშაბათს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებში. არაა გამორიცხული ამ აქტების უკან მუჯაჰედინი საველე მეთაური გულბუდინ ჰექმათიარი იდგეს. ამერიკელი ჯარისკაცები რამდენიმე თვეა ამაოდ დაეძებენ ჰექმათიარს, რომელიც თალიბების მმართველობის დროს თეირანში ცხოვრობდა ლტოლვილის სტატუსით, ხოლო თალიბების დამხობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და იმალება.”

მეორე საკითხი, რომელსაც დღევანდელ მიმოხილვაში შემოგთავაზებთ, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში ოთხშაბათს დამთავრებულ გაეროს სამიტს ეხება. ეგრედ წოდებული ”მიწის” სამიტი იოჰანესბურგში, წერს გაზეთი ”დეილი ტელეგრაფი”, სამარცხვინო ფარსით დამთავრდა. დაცინვები, წამოძახილები და ის შეკითხვები, რომლებითაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს აწყვეტინებდნენ გამოსვლას, ფორუმზე დამსწრე დელეგატთა არატოლერანტობაზე მეტყველებდა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”ბევრმა დელეგატმა, დასავლეთზე თავდასხმისათვის გამოიყენა ფორუმის ტრიბუნა. უნებლიედ იბადება ეჭვი, საზრიანია საერთოდ, გლობალური პრობლემების სერიოზული განხილვისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერების შეხვედრა. ბევრს ევროპასა და ამერიკაში შეექმნა აზრი, რომ მომავალში, ამგვარ ფორუმებს უმჯობესია არ დაესწრო. უნდა ითქვას, რომ ნაწილობრივი პასუხისმგებლობა, იოჰანესბურგის სამიტის პოლიტიზაციისთვის, ვაშინგტონს აკისრია. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ საკმარისი საბაბი მისცა იმისთვის, რათა შეერთებული შტატების პოლიტიკას კრიტიკოსებმა, ქედმაღლური და იზოლაციონისტური უწოდონ. კარგი იქნება, თუ გაერო დაფიქრედა იმაზე, ხომ არ აჯობებს მომავალში ესოდენ მასშტაბურის ნაცვლად უფრო პროფესიონალური კონფერენციების მოწყობა ექსპერტების დონეზე, რათა მსოფლიოს ლიდერები აღარ დაესწრონ შეხვედრებს, რომლებსაც საკუთარ მიზნებში იყენებენ საპროტესტოდ მომზადებული აქტივისტები და დიქტატორები”.

იოჰანესბურგში დამთავრებულმა სამიტმა პირველ რიგში ის დაგვანახა, რომ გლობალური ალიანსი ეკოლოგიისა და განვითარების მიზნით, რაზეც გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ლაპარაკობდა, კვლავაც ილუზიად რჩება – წერს გაზეთი ”ფრანკფურტერ რუნდშაუ” და განაგრძობს:

”ამასთანავე, ყველა უბედურებაში მდიდარ ქვეყნებს ნუ დავადანაშაულებთ. მართალია, ეს ქვეყნები არ იქცევიან ობიექტურად, როცა სავაჭრო ბარიერებისა და აგრარული სუფსიდიების მეშვეობით, განვითარებად ქვეყნებს არ აძლევენ წარმატების შანსს მსოფლიო ბაზარზე. თუმცა, მარტო ამაში როდია საქმე. ძალზედ ხშირად ავიწყდებათ ის ვეებერთელა ნაპრალი, სიმდიდრესა და საღარიბეს შორის რომ არსებობს თავად ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში. ტროპიკული ქვეყნების უმრავლესობა ორ სამყაროდაა გაყოფილი – დედაქალაქებში, ელიტას სასახლეები აქვს აგებული, შემოგარენებში, ღატაკებს - ჯურღმულებში უხდებათ ცხოვრება, და ამ ქვეყნების ეკონომიკა მხოლოდ კორუმპირებულ მმართველ კლასს აძლევს შემოსავალს; ადამიანებს, რომლებსაც სულაც არ აწუხებს საკუთარ ხალხზე ზრუნვა”.

როგორც გაზეთ ”ლიბერასიონის” მიმომხილველი მარი ანდრა აღნიშნავს, ახალი ბარბაროსობის შიშმა, ჩეჩნეთის ომმა და ვაშინგტონთან პარტნიორობის აბსოლუტურმა აუცილებლობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აქტიურად დაუჭირა მხარი დასავლეთს ანტიტერორისტულ კამპანიაში და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების განთავსებას დათანხმდა შუა აზიასა და საქართველოში.
ფრანგი ჟურნალისტი დასძენს:

”11 სექტემბერს რუსებმა ეგრედ წოდებული ცივილიზებული სამყაროს, ანუ დასავლეთის შოკი გაიზიარეს, ტერორისტები ახალი ბარბაროსების როლში მოგვევლინნენ, და ბუნებრივია რუსეთს უნდა დაეგმო ისინი და დაედასტურებინა ცივილიზებულ სამყაროსთან თანადგომა. პუტინმა ისარგებლა შემთხვევით, და პარალელი გაავლო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩეჩნებსა და ალ-ყაიდას შორის. ამ დროს, ჩეჩნეთის ტრაგედიას 11 სექტემბერთან არაფერი აქვს საერთო. თუმცა, არავინ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რუსეთის ომი ჩეჩნეთში –პოსტკოლონიალური ომია. ანტიჩეჩნურ პროპაგანდას ის მოჰყვა შედეგად, რომ რუსეთში იმატა ქსენოფობიამ და კავკასიელი მაჰმადიანებისა და საერთოდ, სამხრეთელებისადმი მტრულმა დამოკიდებულებამ. თუმცა, ჩეჩენი ხალხის დემონიზაცია ხაფანგს უგებს პუტინს. ვინაიდან თუ ყველა ჩეჩენი ყაჩაღად იქნება მიჩნეული, მაშინ ჩეჩნეთი აღარ უნდა ჩაითვალოს რუსეთის ფედერაციის ნაწილად.”
XS
SM
MD
LG