Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას სტრატეგიული ეკონომიკური საკითხების მიმართ ერთიანი ხედვა არა აქვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებს შორის კოორდინაციის და გუნდური მუშაობის დეფიციტი გასულ კვირასაც თვალშისაცემი გახდა.

მთვარობა და სხვადასხვა დამოუკიდებელი სახელმწიფო კომისიები თუ საბჭოები არც მანამდე გამოირჩეოდნენ დიდი შეხმატკბილებით და როგორც წესი, მათ მუშაობაში საკუთარი უწყებრივი ინტერესების და მუნდირის ღირსების დაცვის მომენტი უფრო სჭარბობდა, ვიდრე რაციონალური, პრაგმატული და შეთანხმებული მიდგომა ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

ყველაზე უცნაური კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას სტრატეგიულ საკითხებზეც კი არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია. ეს ეკლექტურობა განსაკუთრებით ხილული პრივატიზების მიმართ მიდგომებში გახდა.

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური დისკუსია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შემდგომი ბედისა და საერთოდ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიმართ დამოკიდებულების ირგვლივ გაიმართა.

ანტიკორუფციულ საბჭოში აღმასრულებელი ხელისუფლების შემდგომი რეორგანიზაციის და სამინისტროების რიცხვის ოპტიმიზაციის საკითხი განიხილეს. კახა უგულავს მიერ შემოთავაზებული სქემა საქართველოში სამინისტრო უწყებების სერიოზულ შემცირებას ითვალისწინებს, ანტიკორუფციულის “უწყებრივ სეკვესტრში” მოხვდა სოლომონ პავლიაშვილის სამინისტროც. საერთოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გაუქმების შესახებ საუბარი არ ახალია და იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად ტრიალებს სახელისუფლებო წრეებში. თავის დროზე საუბარი იყო ამ უწყების გამარტივებასა და მისი ფუნქციების ეკონომიკის სამინისტროსათვის დელეგირების თაობაზე, ასევე გამოითქმებოდა მოსაზრება დამოუკიდებელი სააგენტოს ჩამოსაყალიბებლად. ზოგიერთი ექსპერტი, პრივატიზების საკითხის საფინანსო უწყებისათვის გადალოცვის მომხრეც იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი კონცეფცია გააჩნია თავად ამჟამინდელ მინისტრს პავლიაშვილს, რომელიც ჰოლდინგური კომპანიის იდეის შექმნით გამოდის, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტრანსფორმაციის შემდგომი ორგანიზაცია უნდა გახდეს. თავად სამინისტრო უნდა გაუქმდეს, სამეურნეო ფუნქციები ჩამოშორდეს და უფლებების დელეგირება ამ ჰოლდინგზე განხორციელდეს. ერთი შეხედვით, მსგავსი იდეა ჩამოაყალიბა ანტიკორუფციულმა საბჭომაც, თუმცა ამ შემთხვევაში, პავლიაშვილის კონცეფციისაგან განსხვავებით, უგულავას ჰოლდინგური კომპანიის, თუ ასეთი ჩამოყალიბდება, დამფუძნებლად სახელმწიფო ესახება, ქონების მართვის მინისტრი კი სახელმწიფოს სახით ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებლად თავის ამჟამინდელ უწყებას მოიაზრებდა. ანუ ამ უკანასკნელ ვარიანტში, სამინისტრო ლიკვიდირებული კი იქნებოდა, მაგრამ შეიქმნებოდა ასევე სახელმწიფო, თუმცა კერძო სამართლის სუბიექტი ორგანიზაცია, რომელიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამჟამინდელი სამინისტროს დუბლიკატი იქნებოდა. საბოლოოდ, ანტიკორუფციული საბჭოს მოთხოვნით, პავლიაშვილის ვარიანტი ჩავარდა და როგორც ჩანს, ჰოლდინგური კომპანიის, თუ დამოუკიდებელი სააგენტოს დამფუძნებლად მხოლოდ სახელმწიფო გამოვა. თავად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო კი თავის ფუნქციონირებას 2003 წლის იანვარში შეწყვეტს და სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩენილი ობიექტების მართვას და რეალიზაციას ახლადშექმნილ ორგანიზაციას გადაულოცავს.

გასულ კვირას განვითარებულ დისკუსიაში საყურადღებოადა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომელზეც სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ამახვილებს ყურადღებას ან განგებ ჩქმალავს.
წლის ბოლომდე, ანუ ქონების მართვის სამინისტროს ლიკვიდაციამდე, ამ უწყებას ამჟამად სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოების გაყიდვა-გასხვისება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სკანდალური “თბილგაზის” გარდა, სახელმწიფოს საპრივატიზაციოდ დაგულებული აქვს რამოდენიმე “მსუყე ლუკმა”. როგორც ჩანს, სოლომონ პავლიაშვილს ქონების მართვის სამინისტროს მესაფლავეობის გარდა, ნებსით თუ უნებლიედ იმ საჩოთირო და საკმაოდ ბუნდოვანი პროცედურების ჩატარებაც მოუწევს, რომელიც სახელმწიფოსათვის ძალზე მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისებასთან იქნება დაკავშირებული. სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში, ბუნებრივია, ცუდი არაფერია, პირიქით, თუ საქართველოში საბაზრო ეკონომიკის რაღაც ჩანასახები მაინც არსებობს, ვთვლით, რომ ეს თავის დროზე, სწორედ პრივატიზების პროცესის წყალობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია, ბოლო წლებში დამკვიდრებულ, რბილად რომ ვთქვათ, წინდაუხედავ ტენდენციაზე, როდესაც ინვესტიციურად მომხიბლავი ასეულ მილიონობით დოლარის ქონება, ფაქტობრივად ჩალის ფასად, საეჭვოდ დაგროვებული ვალების სანაცვლოდ ხელში უვარდება, ასევე საკმაოდ საეჭვო წარმოშობისა თუ მიზნების მქონე კომპანიებს. ანუ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ქონების მართვის სამინისტრომ ახალ წლამდე “შავი სამუშაო” უნდა შეასრულოს და შემდეგ უკვე თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მოიხსნას და ახლადშექმნილ უწყებას კი მხოლოდ გაპარტახებული და ფაქტობრივად, უსარგებლო საწარმოები შეაჩეჩოს სამართავად. ღმერთმა ქნას ეს ეჭვი არ გამართლდეს და პრივატიზების პროცესი ღირსეულად წარიმართოს, მაგრამ ვშიშობთ, დღეს ხელისუფლებაში არსებული განწყობა და პოლიტიკური სიბეცე, ამგვარ პერსპექტივას აღარ გვიქადის.

ეკონომიკური ბლოკის და სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებების არაკოორდინირებული, ხშირად კი საერთოდ ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართბაშიც გამოკვეთილად ჩანს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღემდე ქვეყანაში არ არსებობს ერთი შეჯერებული ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ, გაერთიანებამდე, ყოველი თვის ბოლოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო ხაზინა, ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს აქვეყნებდნენ. გაერთიანების შემდეგ, მართალია საგადასახდო, საბაჟო და სახაზინო დეპარტამენტების ხელმძღვანელები უკვე თანხმდებიან რა ინფორმაცია უნდა გასცენ, მაგრამ ამით თავად შინაარსი და რაც მთავარია საბიუჯეტო მდგომარეობა მაინცდამაინც არ იცვლება. გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა აგვისტოს თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება გვამცნო. მირიან გოგიაშვილი წინასწარ მონაცემებს ეყრდნობოდა და საბოლოო პარამეტრების დაზუსტებამდე ძნელია დარწმუნდე მის სიმართლეში, თუმცა დამოუკიდებელ ექსპერტებს იმთავითვე ეჭვი ეპარებათ ბიუჯეტის შესრულებაში. ამასთან, აგვისტოს თვე გადაჭარბებითაც რომ იყოს შესრულებული, ეს მთლიან სურათს დიდად ვერ ცვლის, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2002 წლის პირველი 8 თვის მანძილზე მხოლოდ 88,64%-ით არის შესრულებული.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ გრანტების ჩათვლით 614,94 მლნ ლარის დონეზე დაგეგმილმა შემოსავლებმა 545,07 მლნ ლარი შეადგინეს. დანაკლისი 69,87 მლნ ლარია.
საკუთარმა შემოსავლები 527 მლნ ლარის, ანუ პროგნოზის 93,49%-ის დონეზეა.
ცენტრალურ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა მხოლოდ 85,86%-ით შესრულდა.
საერთო საგადასახადო შემოსავლები შესრულებულია 94,43%-ით (474,55 მლნ ლარი).

არასაგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 85,85%-ით - შემოსავლებმა 52,95 მლნ ლარი შეადგინეს.
სპეცფონდებში შემოსავლები შესრულებულია 98,16%-ით - 136,35 მლნ ლარი.
გაცილებით მძიმე მდგომარეობა გრანტების ხაზით, სადაც შემოვიდა 17,57 მლნ ლარი, ანუ პროგნოზის 34,65%.
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად მობილიზებულია 119,36 მლნ ლარი, ანუ პროგნოზის 89%.

ამ მონაცემების მიხედვით, ნათელი ხდება, რომ რაც არ უნდა გვარწმუნოს ფინანსთა სამინისტრომ, რომ საბიუჯეტო კრიზისი დაძლეულია, საქმე, სამწუხაროდ, სულ სხვაგვარად არის.
XS
SM
MD
LG