Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების ეროვნული კომისია არალიცენზირებული პროდუქციის წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი პირველი სექტემბრიდან საქართველოში მაუწყებელ ტელერადიო კომპანიებს ახალ რეალობაში უწევთ მუშაობა. ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს კანონში “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”,

რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს. პირველი სექტემბრიდან კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია შეუჩეროს იმ კომპანიებს, რომლებიც ეთერში არალიცენზირებულ, მეკობრულ პროდუქციას გაუშვებენ. ამასთან, დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საქართველოში არსებული სიხშირეების ბადე, რის შემდეგაც ამ სიხშირეებზე გამოცხადდება კონკურსი და გაიცემა ახალი ლიცენზიები, რომელთა გაცემაც დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული. ცვლილებები, რომლებიც უკვე ძალაში შევიდა, ბევრ სიახლეს ჰპირდება არა მხოლოდ ტელერადიომაუწყებლებს, არამედ იმ მოსახლეობასაც, რომელიც ამ პრდუქციის მომხმარებელია.

ქართველი მსმენელი და მაყურებელი მიეჩვია, რომ ნებისმიერი ახალი ფილმის ნახვა ან ახალი სიმღერის მოსმენა შეეძლო გაცილებით ადრე, ვიდრე ბევრი მდიდარი და შეძლებული ქვეყნის მოქალაქეს. მართალია, კანონმდებლობა, რომელიც არალიცენზირებული პროდუქციის გაშვებას კრძალავს, კარგა ხანია მოქმედებს, მაგრამ ტელერადიომაუწყებელთა უმრავლესობა მისი დაცვით თავს ნაკლებად იწუხებდა. არაერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პროტესტი გამოთქვა ხსენებული შესწორებების “გაუფრთხილებლად” მიღების გამო. მაგალითად, “საკაბელო ქსელების ოპერატორთა კავშირის” წარმომადგენელმა გურამ ბერუაშვილმა გაზეთ “24 საათს” განუცხადა: “ეს კანონი ნაჩქარევად არის მიღებული. ჩვენ ვმონაწილეობდით პირველი კანონპროექტის განხილვაში, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ სულ სხვა კანონპროექტი წაიღო პარლამენტში დასამტკიცებლად. ასე რომ, მივიღეთ კანონი, რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ დავარღვიოთ და შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ სანქციები გამოიყენონ. როგორც ჩანს, ჩვენი არსებობა ზოგიერთი სატელევიზიო არხის ინტერესებს ან ვიღაცის დიდ ბიზნეს-პროექტებს ეწინააღმდეგება”.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორი გიორგი რატიშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა, ამდენად, ის მოულოდნელი ვერავისთვის იქნებოდა. მით უმეტეს, რომ შესაბამისი კანონმდებლობა ამ ცვლილებებამდეც არსებობდა: [გიორგი რატიშვილის ხმა] “ახლა რომ მიდის ლაპარაკი, თითქოს ახლა დაიწყოო, მე არ ვიტყოდი, რომ კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ საქართველოსთვის სიახლეა. 1999 წლის 22 ივნისს საქართველოში მივიღეთ კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების რამდენიმე პაკეტზე, რომლითაც კისრულობს ამ საკითხის დარეგულირებას.” სტილი დაცულია]

სიახლე, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, შეეხება იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა. თუკი პირველ სექტემბრამდე ჩივილის უფლება მხოლოდ იმ პირს ჰქონდა, ვისი საავტორო უფლებაც დაირღვა, ცვლილებების შემდეგ მკვეთრად გაფართოვდა კომისიის უფლებამოსილება. კომისიას შეუძლია, მაუწყებლისგან მოითხოვოს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს უფლება იმ პროგრამების გავრცელებაზე, რომელსაც ეთერში ან საკაბელო ქსელით გადასცემს: [გიორგი რატიშვილის ხმა] “ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია, ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნოს სამაუწყებლო ბადე – ტელერადიოპროგრამების დასახელება, მათი მოკლე ანოტაცია და მათი ეთერში გასვლის დრო. ეს არის ის სიახლეები, რაზეც ვლაპარაკობთ. რაც შეეხება, თუ რამდენად მოულოდნელი იყო ეს სიახლეები იმ მაუწყებლებისთვის, ვინც საქართველოში მუშაობს: ამ კანონპროექტზე თითქმის წელიწადნახევარი ვმუშაობდით. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სიახლეები შეთანხმებული ყოფილიყო თვითონ მაუწყებლებთან, რადგან ფაქიზი თემაა.” [სტილი დაცულია]

სამაუწყებლო ბადის დარღვევა შეიძლება გახდეს გარკვეული სანქციების მიზეზი, თუმცა კრიტერიუმი, სად გადის ზღვარი, რომლის შემდეგაც სამაუწყებლო ბადეში ცვლილებები აჭარბებს დასაშვებ ნორმებს, ზუსტად არ არის დადგენილი: [გიორგი რატიშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ბადეში რაღაც ცვლილება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს თუ პატარა პროცენტია ეს ცვლილება, რომ მე, პირადად, დიდ პრობლემად არ მიმაჩნია.”
-
“ეს კანონით არის დარეგულირებული, თუ მარეგულირებლის ნებაზეა დამოკიდებული?”
-
“კანონით ეს არ რეგულირდება, კანონით მხოლოდ ის რეგულირდება, რომ მან უნდა გამოაქვეყნოს სამაუწყებლო ბადე შემდეგი კვირისთვის.”
-
“თუ სულ აურ-დაურევს ამ ბადეს?”
-
“თუ სულ არუ-დაურევს, მაშინ რაღაც პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.”
[სტილი დაცულია]

არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთი მაუწყებელი, უბრალოდ, ვერც კი გაუძლებს ახალ წესებს და იძულებული გახდება, მაუწყებლობა შეწყვიტოს. სამაგიეროდ, დაცული იქნება კონკურენციის პრინციპი, რადგან ზოგიერთი ტელერადიო კომპანია, რომელიც აქამდეც, ძირითადად, ლიცენზირებულ პროდუქციას იყენებდა, დღემდე წამგებიან მდგომარეობაში იყო: [გიორგი რატიშვილის ხმა] “ამ შემთხვევაში უკვე ყველა თანაბარ მდგომარეობაშია – ყველამ უნდა დაიცვას კანონი. როგორც ერთი კომპანიისთვის არის სავალდებულო ლიცენზირებული პროდუქციის ყიდვა, ისე მეორისთვისაც სავალდებულოა. ამდენად, უკვე ყველამ იცის, რომ თვითონ რომ იღებს ხარჯებს, მეორეც იღებს ამ ხარჯს. სხვა საკითხია, რამდენად გაწვდებიან ამას ტელეკომპანიები და რამდენად ვერ გაწვდებიან. იცით, რა არის? საერთოდ, დღეს საკითხის ასე დაყენება – საჭიროა თუ არა საავტორო უფლებების დაცვა – მე არასერიოზულად მიმაჩნია. თუ გვინდა, ცივილიზებული სამყაროსკენ გადავდგათ რაღაც ნაბიჯი, ამის გაკეთება აუცილებელია. ჩვენ პროდუქტს, თუნდაც პურს, მაღაზიაში ვყიდულობთ და არ ვიპარავთ. ტელეპროდუქცია ნაკლები პროდუქტია, ნაკლები ხარჯებია ამაში ჩადებული, თუ რა? არავის არ უთქვამს, რომ ტელე და რადიო ბიზნესი იაფი ბიზნესია. [სტილი დაცულია]

კიდევ ერთი სიახლე, რაც ძალიან მალე უნდა განხორციელდეს, ახალი სიხშირეების გაცემასთან არის დაკავშირებული. დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოქვეყნდეს სიხშირეების ბადე, რასაც კონკურსის გამოცხადებაც უნდა მოჰყვეს. ამასთან, უკვე ჩატარდა გამოკითხვა, თუ რა აინტერესებს მოსახლეობას, რაც სიხშირეების გაცემის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული: [გიორგი რატიშვილის ხმა] “სიხშირული ბადე, ისევე, როგორც პრიორიტეტები – თუ რას ითხოვს თვითონ მოსახლეობა და რაზეა ინტერესი – ამ თვის ბოლომდე, უახლოეს პერიოდში იქნება გამოქვეყნებული. უცხოელი ექსპერტების მოთხოვნა იყო და მათი მოთხოვნით ჩაიდო, რომ გაირკვეს პრიორიტეტები, თუ რა სჭირდება მოსახლეობას, რას ისურვებდა იგი. კანონით არის დადგენილი, რომ სიხშირული სპექტრი უნდა განაწილდეს მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის მეშვეობით.” [სტილი დაცულია]

საქართველოში ბოლო დროს არაერთი ახალი ტელევიზია იხსნება, რომელთაც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის სურვილი ექნებათ. შესაბამისად, ახალ სიხშირეებზე ლიცენზიის მიღების მსურველიც ბევრი გამოჩნდება, რაც ზრდის ინტერესს იმ კრიტერიუმების მიმართ, რასაც ლიცენზიის მიღების მსურველი კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ: [გიორგი რატიშვილის ხმა] “გამარჯვებულის გამოვლენა რამდენიმე ასპექტის მიხედვით ხდება: ეს არის ტექნიკური მხარე, ფინანსური მხარე და პროგრამირება, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობა. თუ, დავუშვათ, ეს ასპექტები თანაბარია, შეიძლება გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელიც თვითონ აიღებს თავის თავზე რაიმე ვალდებულებას – ვთქვათ, ეროვნული პროდუქცია მეტი ექნება. ესეც, შეიძლება, გამარჯვებისთვის საჭირო ერთ-ერთ პუნქტად იქცეს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი.” [სტილი დაცულია]

რამდენადაც პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, კომისია მოვალეა, სიხშირეთა განაწილების გეგმა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე გამოაქვეყნოს. შესაბამისად, ახალი სიხშირეები ახალი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება, უკვე არსებულ მაუწყებლებს კი ბაზარმა თავად უნდა უკარნახოს, როგორ მოერგონ საზოგადოების მოთხოვნილებას.
XS
SM
MD
LG