Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ემზადება ისრაელი ერაყის შესაძლო თავდასხმითვის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ისრაელს სპარსეთის ყურის ომის მსვლელობაში ერაყმა 39 სკადის ტიპის რაკეტა ესროლა. ახლა, როცა ამერიკა ისევ გეგმავს ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებას,

ისრაელის წინაშე ორი მთავარი პრობლემა დგას – როგორ მოემზადოს ერაყის შესაძლო თავდასხმისთვის და გადაწყვიტოს, გამოეპასუხოს თუ არა მას.

ისრაელში მიმდინარეობს ინტენსიური მზადება შესაძლო ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური თავდასხმისთვის ერაყის მხრიდან. მოსახლეობას ყოველდღე არწმუნებენ, რომ ქვეყანა, როგორც თავის დასაცავად, ისე, საჭიროების შემთხვევაში, შურისგების აქტებისთვის არის მზად.

ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაიწყო ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინაცია პირველადი დახმარების მუშაკთათვის; რიგდება ახალი და მოწმდება ადრე გაცემული აირწინაღები; შეიცვალა რამდენიმე ანტისარაკეტო ბატარეის დისლოკაცია.

მეორე პრობლემა – საპასუხო შურისგება – უმეტესწილად, დახურულ კარს მიღმა განიხილება. მაგრამ ცნობილია, რომ ისრაელი – ეს პატარა, მტრული სახელმწიფოებით გარშემორტყმული ქვეყანა – ყოველთვის ცდილობდა მოწინააღმდეგის დარტყმისთვის დასწრებას. ყოველ შემთხვევაში, მის მტრებს შორის სწორედ ასეთი აზრია გავრცელებული. 1982 წელს ისრაელმა ერაყის ბირთვული რეაქტორი დაბომბა, რამაც, მართალია, მთელი მსოფლიოს კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ ბაღდადის ბირთვული პროგრამა კარგა ხნით შეაჩერა.

სპარსეთის ყურის ომის მსვლელობაში 1991 წელს, ისრაელი (მაშინ პრემიერ-მინისტრად უკიდურესი მემარჯვენე მსოფლმხედველობის მქონე იცხაკ შამირი იყო) დაემორჩილა ვაშინგტონის მოთხოვნას და ერაყის სარაკეტო დარტყმებს არ გამოეპასუხა. მაშინ ამერიკის არგუმენტი იყო, რომ ისრაელის ჩარევა ავნებდა საერთაშორისო კოალიციას, რომელშიც რამდენიმე არაბული სახელმწიფო მონაწილეობდა.

1998 წელს, როცა ბაღდადმა ქვეყნიდან გაეროს შეიარაღების ინსპექტორები გააძევა, კვლავ შეიქმნა საგანგაშო მდგომარეობა. გაზეთ “მაარივის” 15 სექტემბრის გამოშვებაში ნათქვამია, რომ ისრაელის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, აგრეთვე მემარჯვენე ბლოკის წარმომადგენელმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ მიიღო სადამისგან მესიჯი, რომ არ დაესხმის თავს ისრაელს, რაზედაც ნეტანიაჰუმ უპასუხა: “ნურავის შეექმნება ილუზია, რომ ჩვენ, 1991 წლის მსგვსად, პასიურები დავრჩებითო.”

ამჟამად შეერთებულ შტატებს არაბული სამყარო უწინდებური მხარდაჭერა არა აქვს და არც სადამ ჰუსეინს დაუდია პირობა, ისრაელს თავს არ დავესხმებიო.

როგორც განაცხადა ოთხშაბათს ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა მოშე აიალონმა, ამერიკელებს არ სურთ, რომ ისრაელმა შეუშალოს ხელი მათ ოპერაციას. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, თავდაცვის მინისტრმა ბენიამინ ბენ-ელიეზერმა და გენერალმა აიალონმა არ გამორიცხეს ერაყის მისამართით საპასუხო შურისგების აქტი.

არ არის ნათელი, ერაყის გასაფრთხილებლად არის ეს ნათქვამი, თუ ისრაელი მართლა აპირებს მუქარის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ შარონმა თავისი სამხედრო კარიერის მსვლელობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავდაცვას შეტევამ არჩევს.

მაგრამ დღეისთვის შარონს მოკრძალებით უჭირავს თავი. ოთხშაბათს მან განაცხადა, როი ისრაელი დაუჭერს მხარს ვაშინგტონის ყველა აქციას. ამასთან დაამატა, რომ მისი ქვეყანა “არ იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში.”

ისრაელმა, აგრეთვე საჯაროდ გამოთქვა კმაყოფილება, რომ შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს, რომლებიც აკონტროლებენ ერაყის საჰაერო სივრცეს, ახლა უფრო მეტი შანსი აქვთ ხელი შეუშალონ სარაკეტო დარტყმებს ისრელზე.

მაგრამ სამხედრო და დაზვერვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერაყმა, ამჯერად შეიძლება თავდასხმის განსხვავებულ ფორმებს მიმართოს. მაგალითად, გაააქტიუროს პალესტინელთა ექსტრემისტული ჯგუფები, ან გამოიყენოს შორეული დისტანციის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები კამიკაძების ერთჯერადი ფრენებისთვის ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებით დატენილი, ე.წ. “ბინძური ბომბების” ჩამოსადგებად.
XS
SM
MD
LG