Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 21 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი შეუცვლია. რუსეთის მხარე კვლავ აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩეჩენი ბოევიკების თავმოყრა შეინიშნება,

რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისთვის ემზადებიან. საქართველოს მხარე ამ განცხადებებს კვლავ მორიგ დეზინფორმაციად აფასებს და რუსეთს საზღვარზე პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. რა ხდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.

რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ბოლო ცნობებით, რუსეთს საფრხე ელის არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთიდან, არამედ, სახელმწიფო საზღვრის ნებისმიერი პერიმეტრიდან, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტები, თურმე, მთელს საზღვარზე გაიფანტნენ და ღმერთმა უწყის, საიდან შეეცდებიან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას. ასეთ პირობებში, რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილის ნიკოლაი რეზნიჩენკოს განცხადებით, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებას შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველი კოლეგები პოლიტიკური მოტივების გამო, ასეთ თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.
კითხვაზე, რა უშლის ხელს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას რუსეთის მხარესტან, სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსმა კორნელი სალიამ რადიო თავისუფლებასტან სატელეფონო საუბრისას განაცხადა:
[კორნელი სალიას ხმა] “ ისინი რა, თვითომ გვაწვდიან ინფორმაციას? დერ თავის თავზე თქვან და მერე სხვაზე ილაპარაკონ. მათი მხრიდან უნდა იყოს დაინტერესება, რომ მათ სჭირდებათ ეს ოპერატიული ინფორმაცია და მათ სურთ ამ ინფორმაციის დროულად მიღება. მაგათ უნდათ, რომ ცალმხრივი იყოს თანამშრომლობა და ცალმხრივი თანამშრომლობა არ იქნება. ახლა საზღვარზე სიმშვიდეა, თუ რაიმე პროვოკაცია არ მოგვიწყეს.”
შესაძლო პროვოკაციის შესახებ საქართველოს მხარემ უკვე განაცხადა, როცა გაავრცელა ინფორმაცია შატოიშუ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შბატის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის გადმოსხმის შესახებ, რომელსაც ფედერალების მხარეზე გადასული ჩეჩენი საველე მეთაური სულიმ იამადაევი ხელმძღვანელობს. საქართველოს მხარის განცხადებით, ამ რაზმის ამოცანაში შედის პროვოკაციის მოწყობა სახელმწიფო საზღვარზე, რაც საქართველოს ტერიტორიისკენ ჩეჩენი მებრძოლების დევნის ინსცენირებაში გამოიხატება.
რუსეთის კიდევ ერთი ბრალდება საქართველოში ჩეჩნეთის მორიგი წარმომადგენლობის გახსნის თემას ეხება. ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციის სამმართველოს ოპერატიული შტაბის წარმომადგენლის ილია შაბალკინის განცხადებით, უახლოეს ხანში დაგეგმილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “კავკაზცენტრის” საქართველოს ბიუროს გახსნა, რომელსაც მოვლადი უდუგოვი უხელმძღვანელებს და რომლის მიზანიც იქნება ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დისკრედიტაცია. გულახდილად რომ ითქვას, ახლა ცოტა გაუგებარია, რაში ესაჭიროება იჩკერიის პრეზიდენტს მასხადოვს საინფორმაციო ომის სხვა ქვეყნიდან წარმოება, როცა ამას იგი ჩეჩნეთშიც მშვენივრად ახერხებს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ხასიათზე დადგებოდნენ ფედერალები, როცა 19 სექტემბერს ჩეჩნეთის ტელეკომპანია “ტვ-სამაშკის” ეთერში – ეს ტელეკომპანია ინდურ ფილმებს და მუსიკალურ კლიპებს გადასცემს – უცებ ასლან მასხადოვი გამოჩნდა და ჩეჩენ ხალხს დამპყრობლების წინააღმდეგ ახალი ბრძოლის დაწყების შესახებ ამცნო.
XS
SM
MD
LG