Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობის ათწლიანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს 20-26 სექტემბრის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს დამოუკიდებლობის ათწლიანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს 20-26 სექტემბრის გაზეთი “ახალი ეპოქა” თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის

დაწყებას. 1760-კილომეტრიანი ნავთობსადენი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გაივლის, 3 მილიარდ-ნახევარი დოლარი დაჯდება და 2005 წლიდან შევა ექსპლუატაციაში. გაზეთის შენიშვნით, საგულისხმოა, რომ ბაქოში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე, რომელსაც, სამი პრეზიდენტის გარდა, შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი სპენსერ აბრაჰამიც ესწრებოდა, საქართველოს და აზერბაიჯანის ლიდერები ერთხმად აღნიშნავდნენ “საუკუნის პროექტის” განხორციელებაში ამერიკის უმნიშვნელოვანეს როლს და არც წარსულის სიძნელეებს ივიწყებდნენ. გაზეთი წერს:


“რა თქმა უნდა, “დიდი ნავთობსადენი” მთლიანად ამ რეგიონისა და, უპირატესად, საქართველოსთვის ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური მნიშვნელობისაა. რაც მეტი იქნება დასავლური ინვესტიციები, მით მყარი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას რუსეთის ხელისუფალთა განცხადებების გააფთრებული ტონიც მოწმობს. “რუსეთს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებენ,” “კასპიის ნავთობი დასავლეთში რუსეთის გვერდის ავლით გავა,” “კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესები საფრთხეშია” – ასეთ და მსგავს მოსაზრებებს ბოლო დღეებში ხშირად მოისმენდით.
რუსეთის ხელისუფლება ვერ ეგუება, რომ შუა აზიისა და კასპიის ენერგეტიკული პოტენციალი მისი კონტროლის მიღმა რჩება. ეს, ერთი მხრივ, კრემლის ზეგავლენისგან გაათავისუფლებს რუსეთის სამხრეთით მდებარე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, მეორე მხრივ კი, საეჭვოს გახდის რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების “სანავთობო პუნქტებს” – კასპიის ნავთობი ხომ ბუნებრივი კონკურენტია მსოფლიო ბაზარზე.
პანკისის ხეობის გარშემო ატეხილი ხმაურიც ხომ სწორედ რუსეთის “სანავთობო ეჭვებს” უკავშირდება. ამის შესახებ განაცხადა კიდეც საქართველოს პრეზიდენტმა: “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის წარმატებული მშენებლობა საბოლოოდ დაამშვიდებს რუსეთსო.”


დაწყნარებამდე რუსეთი, როგორც ჩანს, ჯერ შორს არის. გასულ კვირას რუსეთის ოფიციალურმა პირებმა კვლავ არაერთი აგრესიული განცხადება გააკეთეს საქართველოს მისამართით. 20 სექტემბრის “მთავარი გაზეთი,” რუსული მხარის განცხადებებზე დაყრდნობით, წერს, რომ საქართველოზე თავდასხმისთვის ყველაფერი მზადაა. გაზეთის ცნობით:

“რუსულ არმიაში საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ტერორისტთა ბანაკებზე თავდასხმისთვის მზადყოფნა გამოცხადდა. ოპერაციის გეგმა შემუშავებულია. საქართველოს საზღვართან გადმოსროლილია დამატებითი ძალები. როგორც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვნა განაცხადა, როდესაც სავალდებულო არ არის რუსებმა საპასუხო დარტყმა მიაყენონ მოწინააღმდეგეს, ეს დარტყმები, შესაძლოა, პრევენტიული სულაც არ იყოს.
როგორც სერგეი ივანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ამერიკაში საქართველოს ხელმძღვანელობისა და პანკისში მოკალათებული საერთაშორისო ბანდიტური ორგანიზაციების თანამშრომლობის დამამტკიცებელი საბუთები ჩაიტანა. მისი თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობას არა მარტო არ შეუძლია, არამედ არც სურს საერთაშორისო ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა. ისინი თანამშრომლობენ ბანდიტებთან.
მინისტრის განცხადებაში ზოგად ფრაზებზე გაცილებით მეტია კონკრეტული დეტალები, რაც მიუთითებს, რომ პანკისის ოპერაციისთვის ყველაფერი მზადაა და იგი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.
ივანოვი, რომლიც აქამდე “შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის” პრინციპით მოქმედებდა, დღეს ჩეჩნეთში რუსი მოქალაქეების დასაცავად პრევენტიულ ღონისძიებებზე ლაპარაკობს. თუმცა იმეორებს, რომ საქართველოსთან ერთობლივი ღონისძიებების შესაძლებლობა კვლავ ძალაშია. კერძოდ, იგი გამოდის საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებზე 20-დან 45 კილომეტრიანი ზონის შექმნის ინიციატორად.
ამასობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ჩრდილოეთ კავკასიაში გაძლიერდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დაჯგუფება. ბევრგან, მათ შორის, მოზდოკის აეროდრომზე, თავმოყრილია საბრძოლო ავიაციის თვითმფრინავები, რათა ისინი რაც შეიძლება ახლოს იყვნენ სამიზნეებთან პანკისის ხეობაში. რუსულ საბრძოლო ავიაციას ამოცანის შესასრულებლად ათ წუთზე მეტი არ უნდა დასჭირდეს.”


20 სექტემბრის “დილის გაზეთს” შემთხვევითად არ მიაჩნია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ვაშინგტონში სასწრაფოდ გამგზავრება. გაზეთის ცნობით, ეს ვიზიტი ეროვნული უშიშროების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის კონდოლონა რაისის თხოვნით შედგა. სწორედ მასთან არის დაგეგმილი ვაშინგტონში მყოფი რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და, როგორც ჩანს, ივანოვებთან საუბრისას ოფიციალურ ვაშინგტონს კონტრარგუმენტები სჭირდება. გაზეთი წერს:


“სერგეი ივანოვს არც დაუმალავს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარება იქნება. ივანოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ კრემლს, მართლაც, გადაწყვეტილი აქვს, დაბომბოს საქართველო. არავითარ “შეთანხმებას” ივანოვი ამერიკელებთან არ აპირებს. მისი მიზანი მხოლოდ “გარიგების შთაბეჭდილების შექმნაა.” დაბომბვის განხორციელებისთვის მოსკოვს არავითარი თანხმობა არ ესაჭიროება. თანხმობის გარეშეც დაიწყებს აგრესიას, ხოლო ვაშინგტონის პროტესტებს ყურადღებას არ მიაქცევს.
საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. რუსეთმა იპოვა, უფრო ზუსტად, თავად შექმნა საბაბი და მას ხელიდან აღარ გაუშვებს. რამდენიმე დღის წინათ რუსეთის გენერალური შტაბის მაღალჩინოსანმა, გენერალმა ბალუევსკიმ – იგი 1993-96 წლებში საქართველოში დისლოცირებული ჯარების სარდლის მოვალეობას ასრულებდა - ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, “აუცილებელია რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეიქმნას უსაფრთხოების ზონა 20-40 კილომეტრის სიღრმეში. იგულისხმება, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ხოლო 50-60 კილომეტრი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან ფარავს თელავს და ბევრ სხვა სტრატეგიულ პუნქტს, რომელთა დაკავების შემდეგ, რუსეთი მიიღებს უამრავ საშუალებას, რათა ჩაშალოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მშენებლობები, რომელთა აგება და ამოქმედება კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.”


21 სექტემბრის გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს უშიშროების საბჭოს მდივან თედო ჯაფარიძესთან, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება. თედო ჯაფარიძის ცნობით, ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივან კონდოლინა რაისთან შეხვედრისას განხილული იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მთელი სპექტრი. გაზეთის კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა რუსეთის აგრესიული რიტორიკა ვაშინგტონში რუსეთის თვდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის დასრულების შემდეგ, თედო ჯაფარიძემ უპასუხა:


“ ეს არის რუსეთის პოლიტიკის ნაწილი. მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. იმგვარი განცხადებები, რომელიც სერგეი ივანოვმა გააკეთა საქართველოს ნატო-სა და სექსუალურ უმცირესობათა ლიგაში შესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ პანიკის გარეშე უნდა მივიღოთ. მთავარია, გავაკეთოთ ის, რაც გვევალება და აღებული ვალდებულებები შევასრულოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერკის სახით ძალიან საიმედო პარტნიორი გვყავს და ის ყველა პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება.”
XS
SM
MD
LG