Accessibility links

ახალი ამბები

ედუარდ შევარდნაძის პრესმდივნის კახა იმნაძის

ედუარდ შევარდნაძის პრესმდივნის კახა იმნაძის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან ჯერჯერობით არ არის ოფიციალური პასუხი თბილისის წინადადებაზე,

ედუარდ შევარდნაძის პრესმდივნის კახა იმნაძის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან ჯერჯერობით არ არის ოფიციალური პასუხი თბილისის წინადადებაზე,
ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობა საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის “საკონსულტაციო სამკუთხედის” ფორმატში წარიმართოს. როგორც იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო და შეერთებული შტატები მზად არიან, უმაღლეს დონეზე შეიქმნას სამმხრივი საკონსულტაციო ორგანო, რომლის ჩამოყალიბების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. თბილისის აზრით, სამმხრივმა საკონსულტაციო ორგანომ უნდა მოიცვას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების მთელი სპექტრი, მათ შორის საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი.

ყველა ახალი ამბავი

ირანის ავიაკომპანიის თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა თეირანის აეროპორტში დაშვებისას

თეირანი, 2019 წლის 19 მარტი: თვითმფრინავის ავარიული დაშვება მეჰრაბადის აეროპორტში

თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში დაშვებისას, ცეცხლი წაეკიდა ავიალაინერს, მაგრამ 100-ვე მგზავრი უვნებლად იქნა ევაკუირებული. ამის შესახებ აცხადებენ ირანელი ოფიციალური პირები.

საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფირჰოსეინ კოლივანდმა სახელმწიფო ტელევიზიაში განმარტა, რომ თვითმფრინავში ცეცხლი გაჩნდა 19 მარტის საღამოს, როცა სწორად არ გაიხსნა შასი (თვითმფრინავის ნაწილი, რომლითაც იგი მოძრაობს აეროდრომზე აფრენის ან დაჯდომის დროს).

ცნობების თანახმად, პრობლემა შეექმნა „ფოკერ 100“ ტიპის თვითმფრინავს, ის ავიაკომპანია „ირან ეარს“ ეკუთვნის.

რამდენიმე ათწლეულის საერთაშორისო სანქციების ფონზე, ირანის სამგზავრო თვითმფრინავები მოძველებულია და ბოლო წლებში გახშირდა ხარვეზები საჰაერო მიმოსვლის დროს.

დონალდ ტრამპმა ბრაზილიას შესთავაზა ნატოს მოკავშირე ქვეყნად გამოცხადება

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა ბრაზილიის ახალ პრეზიდენტთან, ჟაირ ბოლსონაროსთან, რომელიც 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს ქვეყნის ლიდერად.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპმა მას შესთავაზა ბრაზილიის გამოცხადება ნატოს მოკავშირე ქვეყნად. ასეთ ქვეყნებს შორის არიან, მაგალითად, ავსტრალია, ისრაელი, სამხრეთი კორეა, ეგვიპტე და არგენტინა.

ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი გაააქტიურებს ძალისხმევას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბრაზილიის ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა ხელი მოაწეროს ბრძანებულებას ნატოს მოკავშირეთა რიგებში ქვეყნის მისაღებად. ბრაზილია მოიპოვებს აგრეთვე ვაშინგტონის მხარდაჭერას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრად თავისი კანდიდატურისათვის. ამ ორგანიზაციაში შედის მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი 30-ზე მეტი ქვეყანა. გაერთიანებაში მოხვედრა სურს რუსეთსაც.

ტრამპთან შეხვედრამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა შეაქო ამერიკელი კოლეგის პოლიტიკა მიგრაციის სფეროში.

ბოლსონარო 1 იანვარს გახდა სამხრეთ ამერიკის უდიდესი პრეზიდენტი. მას უწოდებენ „ტროპიკულ ტრამპს“ მემარჯვენე შეხედულებების გამო.

ბი-ბი-სი: ტერეზა მეი ევროკავშირს სთხოვს ბრექსიტის 30 ივნისამდე, ან უფრო გვიან გადატანას

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირს სთხოვს ბრექსიტის 30 ივნისამდე გადავადებას და ევროკავშირიდან გასვლის უფრო გვიანი თარიღის შერჩევის შესაძლებლობას ბი-ბი-სი ეყრდნობა თავის წყაროებს ბრიტანეთის მთავრობაში.

ბრექსიტის თარიღად განსაზღვრულია 29 მარტი, მაგრამ გასულ კვირაში თემთა პალატის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის გადავადებას.

ბრიუსელი აცხადებს, რომ ბრექსიტის გადადება დაუშვებელია ბრიტანეთის მთავრობის კონკრეტული გეგმის გარეშე. გარდა ამისა, ბრექსიტის გადავადებისათვის საჭროა ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა.

ტერეზა მეი აცხადებს, რომ გადავადებაზე ბრიუსელის თანხმობის შემთხვევაში, გააგრძელებს მუშაობას ბრექსიტის გეგმის დასამტკიცებლად.

გასულ კვირაში ბრიტანელმა დეპუტატებმა ისევ უარყვეს მეის გეგმა. ამას გარდა, პარლამენტმა უარი თქვა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლაზე და მხარი დაუჭირა ბრექსიტის გადავადებას.

დიდ ბრიტანეთში 2016 წელს გაიმართა რეფერენდუმი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ. ბრექსიტს მიემხრო კენჭისყრის მონაწილეთა 51,89% (17,4 მლნ ადამიანი). წინააღმდეგი იყო 48,11%, ანუ 16,1 მლნ.

რუსეთიდან ვრცელდება ცნობები ორი გუბერნატორის გადადგომის შესახებ

ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორი, ბორის დუბროვსკი (მარცხნივ)

რუსეთში გადადგნენ ჩელიაბინსკისა და მურმანსკის ოლქების გუბერნატორები, რის ფონზეც მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც შეიცვალოს ადგილობრივი ხელმძღვანელობა.

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 მარტს მიიღო ჩელიაბინსკის გუბერნატორის ბორის დუბროვსკის გადადგომა. პუტინმა ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსეი ტექსლერი დაასახელა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად.

რუსეთის მედია კრემლის წყაროებზე დარყდნობით იუწყება, რომ ასევე 19 მარტს პრეზიდენტს გადადგომის შესახებ აუწყა მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა მარინა კოვტუნმა. კოვტუნს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია ეს ცნობა.

ისიც და დუბროვსკიც მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრები არიან.

2018 წლის აგვისტოში დუბროვსკი დასახელდა ეჭვმიტანილად გზის მშენებლობის სახელმწიფო ტენდერთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი

„სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 მარტს, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას:

„არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი... და ეს რუსეთმა გააკეთა, არაერთხელ. სააკაშვილმა დაბობმა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ მე, ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც არის სამართლებრივად პასუხისმგებელი ომზე და დაიწყო საომარი მოქმედებები. მან დაბობმა არა მოსახლეობა, არამედ ჩვენი ტერიტორია შვიდში ღამეს და ეს არის ის დანაშაული, რომელიც არის პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მოსაპოვებლად 20 მარტს, დუბაიში მიემგზავრება

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დუბაიში ხვალ, 20 მარტს გაემგზავრება. გამარჯვებული პედაგოგი კი 24 მარტს გამოვლინდება.

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა. ისე შემიყვარდნენ ათეულის სხვა წევრები, რომ როდესაც შევხვდები, ალბათ ცრემლებს ვერ შევიკავებ. მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს, რომ აუცილებლად გადადგან ნაბიჯი და ჩემს მსგავსად, მათაც შეავსონ აპლიკაცია და მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს და ეს უნდა დავანახოთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ათეულში მოხვედრა, ნამდვილად იქნება მათთვის სტიმული“, - ამბობს ლადო აფხაზავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

კონკურსის ორგანიზატორები გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სხვადასხვა ორიგინალურ ხერხს მიმართავენ:

"მაგალითად, გასულ წლებში, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ გამარჯვებული კოსმოსიდან გამოაცხადეს. ერთ-ერთი გამარჯვებული კი რომის პაპმა დაასახელა. რა ფორმით გამოაცხადებენ წლევანდელ გამარჯვებულს, ეს ჯერჯერობით სიურპრიზად რჩება", - ამბობს ლადო აფხაზავა.

დაჯილდოვების ცერემონიალს დუბაიში დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე.

დაჯილდოვების ცერემონიალამდე ლადო აფხაზავა მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასებს ჩაატარებს და პედაგოგებს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარ გამოცდილებას გააცნობს.

სოფელ ჩიბათის პედაგოგი „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დასახელდა.

ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდის სამეფოდან, ბრალიზიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

საფეხბურთო კლუბ „მერანის“ თამაშები საეჭვო მატჩების სიაში შეიტანეს

იტალიის გამოცემების: agimeg.it-ისა და genovapost.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ასაკობრივი გუნდის - „ნორჩი დინამოს“ მიერ იტალიაში გამართული სამი მატჩი საეჭვო თამაშების სიაში აღმოჩნა.

„ნორჩმა დინამომ“, რომელსაც ახლა „მერანი“ ჰქვია, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - „ვიარეჯოს თასზე” სამი შეხვედრა გამართა და სამივე დიდი ანგარიშით წააგო: იტალიის „ტორინოსთან“ - 1:7, „რიეტასთან“ – 1:5 და ბრაზილიის „ატლეტიკო პარანაენსესთან“ - 1:4.

იტალიური მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და ჩინეთის ტოტალიზატორებში გამორჩეულად მსხვილი ფსონები შევიდა საქართველოს კლუბის დიდი სხვაობით წაგებაზე, როგორც თამაშების დაწყებამდე, ასევე მიმდინარეობისას.

„მერანის“ წარმომადგენლების განცხადებით კი, კლუბი იტალიაში იმაზე უმცროსი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჩავიდა, ვიდრე მეტოქე გუნდები და მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

„ვიარეჯოს თასი“ იტალიაში ყოველწლიურად თამაშდება 20–წლამდელთა გუნდებს შორის. ამ ტურნირში წლების წინ მონაწილეობა მიუღიათ საქართველოს ნაკრების წევრებს: ჯანო ანანიძეს, დავით ხოჭოლავასა და ლევან მჭედლიძეს.

აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან ვენესუელის ლიდერის ლეგიტიმურობის საკითხზე

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელის საკითხებში, ელიოტ აბრამსი

აშშ-მა და რუსეთმა „პოზიტიური“ და „არსებითი“ მოლაპარაკება გამართეს ვენესუელაში კრიზისის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობის საკითხზე.

ამის შესახებ 19 მარტს განაცხადა ვენესუელის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა რომში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრის შემდეგ.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდობა იანვარში თავი გამოაცხადა გარდამავალ პრეზიდენტად. ის მალევე აღიარა მრავალმა ქვეყანამ, აშშ-ს, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობისა და საქართველოს ჩათვლით.

რუსეთი, ისევე როგორც ირანი, კუბა, ჩინეთი და თურქეთი, კვლავაც მადუროს მიიჩნევენ კანონიერ პრეზიდენტად. სწორედ რუსეთია მადუროს უმნიშვნელოვანესი უცხოელი მხარდამჭერი ვენესუელაში მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

სალომე ზურაბიშვილი: მიეჩვიეთ იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი

„მიეჩვიეთ იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციის“ ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას შეკითხვას, თვლის თუ არა თავს ვალდებულად ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომ მნიშვნელოვანი საკითხები მასთან ერთად განიხილოს:

„მე მგონი, მეტყობა, რომ არანაირად არ ვთვლი თავს მის წინაშე ვალდებულად. ის (ბიძინა ივანიშვილი ავტ.) მიეჩვია, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში შეეჩვევა იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი. როდესაც ვარ პრეზიდენტის როლში, მგონი, რომ ვცდილობ, ვიყო სრულიად პრეზიდენტის როლში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარტია „გირჩი“ მთაწმინდის მაჟორიტარად ჰერმან საბოს წარადგენს

პარტია „გირჩს“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში.

„გირჩს“ შუალედურ არჩევნებში წარადგენს პარტიის წევრი, 30 წლის ჰერმან საბო.

„ჯერჯერობით რეგისტრაცია დაწყებული არ არის და ამიტომ კანდიდატად ჯერ არ ვარ ოფიციალურად რეგისტრირებული, თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰერმან საბომ.

მთაწმინდა მაჟორიტარ კანდიდატს ამ მოწვევის პარლამენტში მეორედ აირჩევს. პირველი მაჟორიტარი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის სურვილი ამ დრომდე რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის არიან, სოფიო ხორგუანი, უფლებადამცველი და ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე; გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი; კობა დავითაშვილი, ყოფილი დეპუტატი.

დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძეც.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 20 მარტის სხდომაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების ზუსტ თარიღზე. ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, არჩევნები 2019 წლის 19 მაისს უნდა გაიმართოს.

ჯორჯ ბუში აშშ-თვის „სიკეთედ“ და „ძალად“ მიიჩნევს იმიგრაციას

ამერიკელი მესაზღვრეები და სამართალდამცველები მექსიკის საზღვართან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ახალი მოქალაქეების ნატურალიზაციის ცერემონიაზე გამოსვლისას გამოთქვა აზრი, რომ იმიგრაცია ქვეყნისათვის „სიკეთე“ და „ძალაა“.

ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა 18 მარტს გამოვიდნენ ტეხასის ქალაქ დალასში, ჯორჯ ბუშის სახელობის პრეზიდენტის ცენტრში გამართულ ცერემონიაზე, რომლის მსვლელობაშიც აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭა 51 ადამიანს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონში მალე შეძლებენ იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების მოდერნიზებას.

მისი გამოსვლის ფონია ცხარე კამათი აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გარშემო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დადებული აქვს პირობა, რომ შეზღუდავს იმიგრაციას - როგორც კანონიერს, ისე უკანონო.

ჯორჯ ბუში - ისევე როგორც ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, 2009 წელს პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თითქმის არ ერევა პოლიტიკურ დებატებში.

მოზამბიკში, სავარაუდოდ, 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ტროპიკულმა ციკლონმა "იდაიმ"

2019 წლის 17 მარტი, მოზამბიკის ქალაქი ბეირა, რომელსაც 14 მარტს დაატყდა ტროპიკული ციკლონი

შიშობენ, რომ მოზამბიკში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტროპიკულმა ციკლონმა „იდაიმ“, რომელიც ოთხი დღის წინ დაატყდა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანას.

ინდოეთის ოკეანისპირა ქალაქ ბეირაში, რომლის მოსახლეობა ნახევარ მილიონს აღემატება, ქარიშხალმა და წყალდიდობამ გაანადგურა სახლები და გზები.

პრეზიდენტმა ფილიპე ნუისიმ სახელმწიფო რადიოში განაცხადა, რომ ოფიციალურად დასტურდება 84 ადამიანის სიკვდილი, მაგრამ შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.

ციკლონმა დააზარალა აფრიკის ზოგი სხვა ქვეყანაც. მეზობელ ზიმბაბვეში დაიღუპა, სულ ცოტა, 98 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 210-ზე მეტი.

ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ მონაცემებით, სამხრეთით მდებარე მალავიში ადიდებულმა მდინარეებმა დატბორეს ბევრი შენობა, შინიდან გაქცევა მოუხდა 11 ათასამდე ოჯახს.

უტრეხტის ინციდენტში ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს კავშირი ეჭვმიტანილსა და მსხვერპლთ შორის

NETHERLANDS -- Emergency services and police forces at the scene where a shooting took place at the 24 Oktoberplace in Utrecht, March 18, 2019

ნიდერლანდელი გამომძიებლები, რომლებიც დაკითხვას უტარებენ ქალაქ უტრეხტში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს, თურქეთში დაბადებულ გოკმენ ტანისს, აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს კავშირი ეჭვმიტანილსა და მსხვერპლთ შორის.

პროკურატურის 19 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი 18 მარტს უტრეხტის ტრამვაიში მომხდარი სროლის ერთ-ერთ სერიოზულ მოტივად კვლავაც განიხილავენ ტერორიზმს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის საბაბს იძლევა ჩანაწერი, რომელიც გოკმენის მანქანაში იპოვეს.

თუმცა არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოება.

ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებსაც პროკურატურაში უტარებენ დაკითხვას.

სომხეთში ქალის მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცი სამხედრო ბაზაზე რჩება

სომხეთში 2016 წლის 2 დეკემბერს, სავარაუდოდ, სასტიკად ცემის შედეგად გარდაცვლილი ჯულიეტა ღუკასიანი

სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკავებული დარჩება რუსი ჯარისკაცი, რომელსაც წაყენებული აქვს სომეხი ქალის მკვლელობის ბრალდება.

23 წლის ანდრეი რაზგილდეევი დეკემბერში დააკავეს 57 წლის გიუმრელი დამლაგებლის, ჯულიეტა ღუკასიანის ცემით მოკვლასთან კავშირში ეჭვმიტანით. მიუხედავად იმისა, რომ რაზგილდეიევი ბრალდებულია სომხეთის კანონებით, ის იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზაზე, სადაც მსახურობდა. ეს გარემობა მსხვერპლის ოჯახისა და უფლებადამცველების უკმაყოფილებას იწვევს.

ადგილობრივმა სასამართლომ 19 მარტს უარყო ღუკასიანის ოჯახის სარჩელი სომხეთის მართლმსაჯულებისათვის რაზგილდეიევის გადაცემის მოთხოვნით.

ქალზე რუსი ჯარისკაცის სავარაუდო თავდასხმის მოტივები ჯერ არ დაუდგენიათ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოკლულის ქალიშვილის ადვოკატი, არაიკ ზალიანი აღნიშნავს, რომ სრული და მიუკერძოებელი გამოძიება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რაზგილდეიევს სომხეთის ხელისუფლებას გადასცემენ.

ნაზარბაევი კვლავაც უხელმძღვანელებს მმართველ პარტიას და გავლენიან უშიშროების საბჭოს

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგაც უხელმძღვანელებს მმართველ პარტიას და სიცოცხლის ბოლომდე დარჩება გავლენიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე.

ნაზარბაევმა 19 მარტს პირდაპირ ტელეეთერში გამოაცხადა, რომ წყვეტს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

მისი თქმით, პრეზიდენტს ამ ეტაპზე შეცვლის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.

ნაზარბაევმა განაცხადა აგრეთვე, რომ დარჩება მმართველი „ნურ ოტანის“ პარტიის სათავეში და პრეზიდენტის „უშიშროების საბჭოს“ თავმჯდომარედ, რაც ნიშნავს, რომ შეინარჩუნებს გავლენიან პოზიციას.

იაკუტიაში დაარბიეს შუააზიელების კუთვნილი ობიექტები გაუპატიურებაში ყირგიზი კაცის დადანაშაულების შემდეგ

2018 წლის თებერვალი, იაკუტსკსის ერთ-ერთი ბაზარი

რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა სახაში (იაკუტია) შუააზიელების კუთვნილი ობიექტების დარბევა მოჰყვა დემონსტრაციებს, რომლებზეც გააპროტესტეს ადგილობრივი ქალის გაუპატიურება. პოლიციამ ეჭვმიტანილად დაასახელა ყირგიზი კაცი.

შეჩერებულია ავტობუსების მოძრაობა და ყირგიზ მიგრანტებს მოუწოდებენ, ნუ გავლენ შინიდან.

რეგიონის დედაქალაქ იაკუტსკში, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით 4900-მდე კილომეტრში მდებარეობს, ვითარება 19 მარტსაც დაძაბული იყო მას შემდეგ, რაც წინა დღეს 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა აქციაზე დამნაშავის დასჯისა და შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან იმიგრაციის შეზღუდვის მოთხოვნით.

ყირგიზმა ქალმა სახელად ილდიზმა, რომელმაც თავისი გვარის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალადობის შიშით აღარ მიდის ბაზარში სამუშაოდ. მისი თქმით, ყირგიზები შეადგენენ ბაზარში დასაქმებულების 80%-ს.

ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება გააკეთა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი გადაყენების საკითხის კენჭისყრის დაწყებამდე.

„კოლეგებო, როდესაც ამ საკითხზე გაიმართა კენჭისყრა, მე გავედი ჟურნალისტებთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ მე გადავწყვიტე თავად დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიუროს სხდომა, რომელზეც მე არ დამპატიჟეს და მე რომ მიმეღო მოწვევა ბიუროზე, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. ასე რომ მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა, ვინც დღეს თქვენი სინდისით იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია“.

19 მარტს, პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პარლამენტმა კენჭისყრაზე განმეორებით 19 მარტსვე დააყენა, თუმცა, მან თავად დატოვა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად გამოაცხადა გადადგომის შესახებ

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებს, რომ ტოვებს თანამდებობას ქვეყნის თითქმის 30 წელი მართვის შემდეგ.

მან 19 მარტს პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, აღარ შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტი აპირებდა მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას.

ნაზარბაევის თქმით, პრეზიდენტს ამ ეტაპზე შეცვლის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.

ნათელი არ არის, აპირებს თუ არა 78 წლის ნაზარბაევი რომელიმე სხვა პოზიციის დაკავებას. გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მან შესაძლოა გადადგმის შემდეგაც განაგრძოს ქვეყნის მართვა.

უფლებადამცველები და ოპონენტები მას ადანაშაულებენ ოპოზიციის დევნაში, არადემოკრატიული გზით თავისი მმართველობის გახანგრძლივებაში, პოტენციური მოწინააღმდეგების განეიტრალებაში.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშები ქარხნის წინ პერმანენტულ აქციებს იწყებენ

19 მარტიდან „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ქარხნის წინ მუშებმა კარავი დადგეს.

მათი განმარტებით, ისინი ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო ქმედებებს აპროტესტებენ.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშები 6-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.

გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის ინვესტორმა პირობა დაარღვია, წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს 6-თვიანი დავალიანება 19 მარტს უნდა დარიცხოდათ.

სახელფასო დავალიანების დაფარვის დაპირება ქარხნის თანამშრომლებმა ადმინისტრაციისგან 5 მარტს მიიღეს.

"ელმავალმშენებელ" ქარხანაში სულ 1200-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელფასო დავალიანება სააქციო საზოგადოებას მათი უმეტეს ნაწილის მიმართ აქვს. მათგან უმრავლესობას 3-4 თვეა არ აუღია ხელფასი, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მიმართაც დაგროვილია 5-6 თვის დავალიანება. საშუალო ხელფასი საწარმოში 600-700 ლარია.

მამუკა ბახტაძე: დიდია ევროკავშირის დახმარება ექსპორტის ხელშეწყობაში

ევროკავშირის დახმარებით შემუშავდება იმ ახალი პროდუქტების სია, რომლებიც მომავალ წლებში გავა ევროპის ბაზარზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან, სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრემიერის თქმით, საამაყოა, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს სახელით არის წარმოდგენილია 800-მდე კომპანია და მიმდინარეობს მუშაობა საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

„უკვე 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე. ისინი ყიდიან ქართულ პროდუქციას წარწერით „მეიდ ინ ჯორჯია“ (Made in Georgia), რაც არის განსაკუთრებით საამაყო და მე მინდა, თითოეულ ამ კომპანიას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა.

ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, რომ აწარმოონ უფრო მაღალი ღირებულების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე შეგვიძლია ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე. ეს არის იმ პერსპექტიული პროდუქციის სია, რომლებიც მომავალ წლებში უნდა გავიტანოთ ევროპის ბაზარზე.

ამასთან ერთად, ევროკომისიის დახმარებით ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას.

ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს ექსპორტის განვითარების არა ზოგადი სტრატეგია, არამედ სამოქმედო გეგმა თითოეული პროდუქტის მიხედვით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ქართველი ხალხის სახელით ევროკავშირს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა - ბადრი ჯაფარიძე

„ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა“- ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრმა და ბანკის დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

ბადრი ჯაფარიძე სასტუმრო "ბილტმორში" ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, მან ჟურნალისტების სხვა შეკითხვებს არ უპასუხა და შენობა უკომენტაროდ დატოვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.

ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას მეზობელია. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ წერილი ავტოფარეხში გადასცა.

მარტის დასაწყისში, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, წერილის ორიგინალს ლონდონში უტარდება ექსპერტიზა. წერილის ასლი კი მან გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა.

ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტი დღესვე უყრის კენჭს

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დააყენებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, საკითხის კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17:00 საათზე გაიმართება.

ბიუროს სხდომა პარლამენტმა დღეს დილითაც გამართა. ბიუროს მეორე სხდომა კი სპეციალურად კვაჭანტირაძესთან დაკავშირებული საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით ჩატარდა.

პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

ბიუროს სხდომაზე, სავარაუდოდ, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე განიხილავენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს.

უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ დიასპორის საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განმეორებითი კენჭისყრა დღესვე გაიმართოს.

19 მარტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან.

ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას67 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.

ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად, სულ მცირე, 76 ხმა იყო საჭირო.

უმრავლესობა არ გამორიცხავს კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე ხელმეორე კენჭისყრა დღესვე ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა დღესვე, 19 მარტს ჩატარდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილზე დაყრდნობით იუწყება, პლენარულ სხდომაზე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და დაფიქსირებულმა ხმებმა ვერ აჩვენა რეალური შედეგები.

„ამის მაგალითია ის, რომ ჩვენს ინიციატივასაც კი ვერ დავუჭირეთ მხარი, ვინაიდან ეს ტექნიკურად არ მოხერხდა. არ გამოვრიცხავ, რომ კვაჭანტირაძის საკითხზე ხელახალი კენჭისყრა დღესაც გაიმართოს, ან უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიმართება. ვინაიდან უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან.

ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 67 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.

ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად, სულ მცირე, 76 ხმა იყო საჭირო.

ევროკომისარი: ევროკავშირის ბაზართან წვდომა მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის

ქართველმა მეწარმეებმა უკეთ უნდა გაიგონ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მათთვის პროდუქციის გატანას ევროკავშირის მასშტაბურ ბაზარზე, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროკომისრის თქმით, საქართველოში მისი ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სწორედ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გაძლიერება და ამაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ, ბიზნესმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

სესილია მალმსტრომის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან გაიმართა მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება ქართველი მეწარმეების ინფორმირება - საექსპორტო პოტენციალის უკეთესად ათვისების მიზნით.

„ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ იმუშაოს ბიზნესკლიმატის გასაუმჯობესებლად. განზრახვები და რეფორმები უნდა გადაითარგმნოს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

საქართველოში ინვესტიციები მოედინება ევროკავშირიდან, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს მომდევნო წლების განმავლობაში. მიზანი არის ის, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში წარმოებული ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და უფრო მეტის ნახვა გვინდა. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, გლეხებს, ფერმერებს. 80 მილიონი ევრო გამოიყო, ამით ათასობით ფერმა სარგებლობს და ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება ...

ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე კარგად მუშაობს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც ეფუძნება ჩვენს საერთო, ზიარ ღირებულებებს“, - განაცხადა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG