Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ერაყის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დიდია შანსი, რომ ამერიკის კონგრესი მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გეგმებს ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების საკითხში. მაგრამ იქამდე კანონმდებლები მანდატის დაზუსტებას მოითხოვენ.

კვირას სატელევიზიო გამოსვლებში დემოკრატებმა თქვეს, რომ ბუშს მართებს უფრო დაწვრილებით განმარტოს თავისი გეგმები, რათა კონგრესისა და აგრეთვე საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღოს.

თეთრი სახლი ითხოვს კონგრესისგან რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ, “ერაყის მუქარისგან შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და რეგიონის უსაფრთხოების დასაცავად პრეზიდენტს ეძლევა ნება გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, რომელსაც კი ჩათვლვის საჭიროდ, მათ შორის ძალა”.

“ეს მეტისმეტად ფართოდ არის ფორმულირებული, აქ პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს…ის ერაყითაც კი არ შემოისაზღვრებაო”, თქვა სენატორმა კარლ ლევინმა სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიუხედავად ამისა, ბევრი თვლის, რომ რეზოლუცია მიღებულ იქნება 5 ნოემბრამდე, კონგრესში არჩევნებამდე.

სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ ბაიდენიც თვლის რომ სიტყვა “რეგიონი” რეზოლუციას მას მეტისმეტად ფართო ხასიათს აძლევს.

როგორც ლევინი, ისე ბაიდენი მოუწოდებენ ბუშს მჭიდროდ ითანამშრომლოს გაეროს უშიშროების საბჭოსთან. მათი სიტყვით, ეს აჩვენებს ამერიკელებს, რომ ქვეყანა მარტო არ მოქმედებს.

უშიროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ვეტოს უფლებით სამი – რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი – არ უჭერს მხარს საბჭოს მიერ ახალი რეზოლუციის მიღების იდეას, რეზოლუციისა, რომელიც უფრო მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს ერაყის დიქტატორს სადამ ჰუსეინს გაეროს განიარაღების ინსპექტორებთან ურთიერთობაში.

შაბათს ბაღდადმა განაცხადა, რომ “არ შეურიგდება არავითარ ახალ რეზოლუციას, რომელიც არ შეესაბამება გაეროს გენერალურ მდივანთან ადრე შეთანხმებულ პირობებს.”
“ამერიკელები ცდილობენ ახალი, ცუდი რეზოლუციის გამოძალვას უშიშროების საბჭოსგანო”, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ერაყის რადიოთი გადაიცა.

გაეროს მონიტორინგის, შემოწმებისა და ინსპექციისკომისიის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ხელ-ფეხი აქვთ შებოჭილი 1998 წლის შეთანხმებით, რომელიც, თავის დროზე, უშიშროების საბჭოს მიერ იყო მოწონებული. ამ შეთანხმებით, ინსპექტორები არ დაიშვებიან მთელ რიგ ობიექტებზე. ხოლო რვა ე.წ. “საპრეზიდენტო ობიექტის”ინსპექციის დაწყებამდე ერაყი წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული. ეს ობიექტები უზარმაზარ ფართობებზეა გადაჭიმული და ასობით შენობას შეიცავს.

ახალი რეზოლუციით, რომელსაც ამერიკელები მოითხოვენ, ინსპექტორები ყველა ობიექტზე უნდა იქნენ დაშვებული.

ცნობებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აპირებს ამ კვირაში დოსიეს გამოქვეყნებას, რომელშიც არის დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ ერაყს აქვს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის მარაგი და ბირთვული იარაღის შეძენასაც ცდილობს

რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიცვალა არაბული ქვეყნების დამოკიდებულება ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ.

ეს არა იმდენად საჯარო გაცხადებებში ვლინდება, რამდენადაც მოვლენებში, რომელთაც აქვს ადგილი ამ ქვეყნებში.

ქუვეითში, სადაც შეერთებული შტატების არმიას შტაბ-ბინა აქვს, მიედინება ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, შვეულმფრენები და სამი ბატალიონისთვის სამყოფი სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

ბრიტანეთის, ამერიკის მთავარი მოკავშირის ჯარები მანევრებს ატარებენ ომანში, სადაც შეერთებული შტატები ახალ აეროდრომს აშენებს. ბაჰრეინში დგას შეერთებული შტატების მე-5 სამხედრო ფლოტი.

საუდის არაბეთმა კი განაცხადა, რომ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სამხედრო აღჭურვილობას, თუ გაერო მიიღებს გადაწყვეტილებას ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე.
XS
SM
MD
LG