Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 23 სექტემბერს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა, მაგრამ მიუხედავად კრემლის არაერთი განცხადებისა, რომ სამხედრო ფაზა დამთავრებულია, ომს ბოლო არ უჩანს.



ოფიციალური სტატისტიკით ომში 4500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების აზრით, ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალია. სამხედროების თქმით, მათ 20 ათასამდე ჩეჩენი მეამბოხე მოკლეს. არ არის მონაცემები მშვიდობიან მოქალაქეთა შორის დანაკარგის შესახებ. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, მათი რიცხვი შეიძლება ათობით ათასი იყოს.

ამასობაში, ასობით ათასი ლტოლვილი ჩეჩნეთის გარეთ რჩება. დაბრუნებულებს ხვდება გაპარტახებული ქვეყანა, სადაც განუკითხაობა მეფობს და სადაც რუსეთის ჯარი მხოლოდ დღისით აკონტროლებს სიტაუაციას.

გასულ თვეში ჩეჩენი მეამბოხეების მიერ სამხედრო ვერმფრენის “მი-26”-ის ჩამოგდებამ (დაიღუპა 121 ადამიანი) ჩეჩნეთის შედარებით უსაფრთხო რეგიონში, კიდევ ერთხე აჩვენა, რომ სამხედროები ვერ აკონტროლებენ რესპუბლიკას.

რუსეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ეროვნებით ჩეჩენის რუსლან ხაზბულატოვის თქმით, სამხედროები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანას, თუმცა 1994-98 წლების ომისგან განსხვავებით,ისინი ამჯერად ვერ იტყვიან, რომ პოლიტიკოსები ხელს უშლიან.

[ხასბულატოვის ხმა] “ისინი სრულიად მოუმზადებელი არიან. არ იციან როგორ ებრძოლონ მთებს შეხიზნული ბანდიტების მცირერიცხოვან ჯგუფებს. მათი მიზეზით იღუპება ათობით ათასი ადამიანი. მთელი რესპუბლიკის ეკონომიკა, კულტურა და სოციალური სფერო მთლიანად გაპარტახებულია. მაშ რაღა კონტრტერორისტული ოპერაციაა ეს?”

მიუხედავად ამისა, რუს გენერლებს მშვიდობიანი დარეგულირების იდეა ხელს არ აძლევს. არის ვარაუდები, რომ ისინი ჩეჩნეთში იარაღითა და ნავთობით ვაჭრობაში არიან ჩართული.

რუიტინული ცნობებით, ნიღაბაფარებულ რუს ჯარისკაცებს ხშირად, ვითომდა დაკითხვებზე სახლებიდან ბიჭები და მამაკაცები მიჰყავთ. ბევრი მათგანი უკან აღარ ბრუნდება, ზოგიერთის გვამს ზოგჯერ სახელდახელოდ გათხრილ საერთო საფლავში პოულობენ.

მოსკოვი კი განაგრძობს მტკიცებას, რომ მდგომარეობა უმჯობესდება. მიმდინარე წლის მაისში რუსეთ-ევროპის საბჭოს სამიტზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, იქმნება ნორმალური სოციალური გარემო – იწყებს მოქმედებას ადგილობრივი ხელისულება და სამართალდამცველი ორგანოები.

მიმომხილველთა დიდი ნაწილი ასე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. ამ თვის დამდეგს ჩეჩნეთში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის მეთაურმა ლორდმა ჯადმა თქვა, რომ ვერ დაეთანხმება რუსეთის მტკიცებას, თითქოს მდგომარეობა რესპუბლიკაში გაუმჯობესებულიყოს. ადამინის უფლებათა დამცველი ჯგუფების ინფორმაციით კი, ინგუშეთიდან ლტოლვილებს ომით გაპარატახებულ ჩეჩნეთში ძალით აბრუნებენ.

გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატის წარმომადგენელმა მოსკოვში, ვერა სობოლევამ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ჩეჩნეთი სახიფაო ადგილად რჩება. მისი სიტყვით, გროზნო განიცდის ტუალეტებისა და წყლის დეფიციტს მოსკოვის გეგმები ზამთრის დადგომამდე ინგუშეთიდან ჩეჩნეთში 40 ათასი ლტოვლილი დააბრუნოს, არარეალისტურია.

ეს ომი დაძაბულობას ჰქმნის რუსეთისა და დასავლეთმს ურთიერთობებში. კრემლი ცდილობს, ის ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ნაწილად გაასაღოს. 11სექტემბრის შემდეგ, დასავლეთმა მართლაც შეარბილა მოსკოვის კრიტიკა, თუმცა მთლიანად არ შეუწყვეტია.

ამას წინათ შეერთებული შტატების ელჩმა მოსკოვში ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ცნობები რუსი სამხედროების მიერ ჩეჩნეთში ადამიანის ულებათა ხელყოფის შესახებ შეშფოთებას იწვევს. ჩეჩნეთის კრიზისის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება და არა სამხედრო ძალითო, თქვა ამერიკის ელჩმა.
XS
SM
MD
LG