Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კანონმდებლები თანადგომას უცხადებენ პრეზიდენტ ბუშს ერაყის საკითხში


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუთქვეს კონგრესმენებმა ერაყის საკითხში. მოელიან, რომ სენატი და წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირაში

მოიწონებენ რეზოლუციას, რომელიც ჯორჯ ბუშს მისცემს უფლებამოსილებას – საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები უნდა დაიყოლიოს ამერიკა-ბრიტანეთის წინადადებაზე, რომ ახალი და უფრო მკაცრი რეზოლუცია იქნეს მიღებული ერაყის განიარაღებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას თეთრ სახლში, კონგრესის რამდენიმე ლიდერთან ერთად, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სურვილია არა ომი, არამედ განიარაღება ადამიანისა, რომელიც არის ტირანი და საკუთარი ხალხისა, და თავად მისივე ოჯახის წევრთა დახოცვასა და წამებაში ედება ბრალი. ბუშმა დასძინა, რომ სამხედრო ძალა იქნება უკანასკნელი არჩევანი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ძალას მიმართოს:
[ჯორჯ ბუშის ხმა] ”ამერიკის ლიდერობა და მზადყოფნა – ძალა გამოიყენოს, რასაც კონგრესი დაადასტურებს, საუკეთესო საშუალებაა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. სადამი უნდა განიარაღდეს, ხოლო თუ იგი სხვა გზას აირჩევს და კვლავაც გაჯიუტდება, გარდაუვალი გახდება უკვე ძალის გამოყენება".

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ოთხშაბათს დაიწყო განხილვა რეზოლუციის პროექტისა, რომელიც უფლებამოსილს გახდის პრეზიდენტს ბუშს, საჭიროების შემთხვევაში, და შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ. ”როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ჩვენ არა გვაქვს სხვა არჩევანი, და მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მარტომაც უნდა დავიცვათ თავი” – განაცხადა ხსენებული კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჰენრი ჰაიდმა.

ამასობაში, ხუთშაბათს, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი გამოვიდა მოხსენებით, ბაღდადთან ამ კვირაში მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომელიც, თითქმის ოთხწლიანი შუალედის შემდეგ, ერაყში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებას ითვალისწინებს. იმ დროს, როცა შეერთებული შტატები და ბრიტანეთი წინააღმდეგი გამოდიან ამგვარი საქმიანობის განახლებისა, ვიდრე უშიშროების საბჭო ახალ რეზოლუციას არ მიიღებს ერაყის მიმართ, უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს, მათ შორის სირიას, მექსიკასა და მავრიტანიას მიაჩნიათ, რომ განიარაღების ექსპერტებს უწინდელი რეზოლუციების ჩარჩოებში შეულიათ ერაყში თავიანთი საქმიანობის განახლება.
XS
SM
MD
LG