Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მიმოხილვას დავიწყებთ გერმანიის გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინეში” გამოქვეყნებული სტატიით,

რომელიც კავკასიაში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას ეხება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით; პროექტისა, რომელიც, გაზეთის აზრით, კავკასიას გაამდიდრებს, ხოლო რუსეთს – გავლენას დაუკარგავს ამ რეგიონში. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”11 სექტემბრის შემდეგ, ვაშინგტონმა ორი სტრატეგიული მიზანი დაისახა კავკასია-შუა აზიის რეგიონში. კასპიის ნავთობმა და ბუნებრივმა აირმა, ერთის მხრივ, უნდა შეამციროს დასავლეთის დამოკიდებულება ”ოპეკში” შემავალ არაბულ ქვეყნებზე, მეორეს მხრივ, შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს არ დაუშვას ისლამისტების მიერ ამ მუსულმანური რეგიონის დეტაბილიზაცია. ამიტომაც განთავსდნენ რუსეთის მეზობლად ამერიკის საჯარისო შენაერთები, ხოლო მოსკოვი შეურიგდა ამას და სანაცვლოდ ვაშინგტონის თანხმობა მიიღო, რომ მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე გაიზარდოს რუსეთის წილი. და მაინც, ამ დიდ თამაშში რუსეთი, სომხეთთანა და ირანთან ერთად, წაგებულთა რიგებშია. მოსკოვი, ახალდამოუკიდებელ სახელმწიფოებზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებს კარგავს, თუმცა თავის პოზიციასაც აძლეირებს ევროპის ბაზარზე, და პირველ რიგში ბუნებრივი აირის მიწოდების წყალობით”.

ორ ოქტომბერს სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიჭრა ეგრედ წოდებული ”ანტიტერორისტული ოპერაციის” განსახორციელებლად, რაც მოსკოვსა და ვოლგოდონსკში მანამდე მომხდარ, საცხოვრებელი სახლების აფეთქებას დაუკავშირა კრემლმა. საფრანგეთის გაზეთი ”მონდი” ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ოფიციალური მონაცემებით, 5000 მებრძოლი დაკარგეს მოკლულების სახით, რაც უფრო მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის პირველ ომში დაღუპული რუსი სამხედრო მოსასახურეების რიცხვი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”ამ ზაფხულს გახშირდა შეიარაღებული შეტაკებები ჩეჩენ მეამბოხეებსა და რუს სამხედროებს შორის. შორიდან მართვადი ნაღმების აფეთქება, პრორუსული ადმინისტრაციის მოხელეთა დახოცვა და მოულოდნელი თავდასხმები ფედერალური ჯარის საგუშაგოებზე – ყოველივე ეს უხერხულობას უქმნის კრემლის მესვეურებს – ჩეჩნეთში ვითარების სტაბილიზაციაზე ილაპარაკონ. გროზნოში, სადაც ნანგრევებში 50-დან 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ტერორი და სიღატაკე სუფევს. ”ჩვენ, ყველანი ვართ გაოგნებული. ნიღბიანი რუსი ჯარისკაცები ფაქტობრივად ყოველდღე იტაცებენ და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. გვეშინია ხმის ამოღების, შურისძიებისა, არაა აქ არავითარი სტაბილურობა, არავითარი უსაფრთხოება, რუსეთის ტელევიზია ტყუის” – აღნიშნავს კერძო საუბარში გროზნოს ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის უფროსი. ასობით სხვა ჩეჩენის მსგავსად, ეს ქალი იძულებულია პრორუსულ ადმინისტრაციას ემსახუროს არსებობისათვის აუცილებელი მინიმალური გასამრჯელოს მისაღებად. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების თანდასწრებით ეს მანდილოსანი ვითარების თანდათანობითი სტაბილიზაციის შესახებ ლაპარაკობს, ამასობაში ადამიანები, უგზო-უკლოდ იკარგებიან სოველდღე. ტიპიურია, მაგალითად, დღევანდელი ჩეჩნეთისთვის ის, რაც 66-წლის იდრის ჯაბრაილოვს შეემთხვა. იგი გვიან ღამით გაიყვანეს ნიღბიანმა რუსმა სამხედროებმა თავისი სახლიდან სტარო-სუნჟენის რაიონში, – ასე იკარგებიან მოზარდი თუ ხანდაზმული ჩეჩენი მამაკაცები.”

გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” ბელორუსიის მთავრობას აკრიტიკებს რესპუბლიკაში რელიგიურ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის გამო. გაზეთი წერს:

”ბელორუსიის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სცნობს ძირითად რელიგიად და ზღუდავს ქვეყანაში სხვა კონფესიების საქმიანობას. ახალი კანონი კრძალავს არარეგისტრირებულ რელიგიურ
დაჯგუფებათა ყოველგვარ საქმიანობას, აგრეთვე რომელიმე სხვა რელიგიური ლიტერატურის გავრცელებას. როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის, ”ქარტია-97”-ის ლიდერს ანდრეი სანნიკოვს მიაჩნია, ესაა ყველაზე რეპრესიული კანონი მთელს ევროპაში. ახალი კანონი ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ უნდა იქნეს ხელმოწერილი, თუმცა ამ უკანასკნელის ავტორიტარული მმართველობის ფონზე, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ხელმოწერა, სულ მალე მოხდება. საბჭოთა მეურნეობის ყოფილ დირექტორს ხშირად, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებენ, და იგი, თითქმის სრულ იზოლაციაში მოაქცია საერთაშორისო თანამეგობრობამ.”

შვეიცარიის გაზეთ ”ლე ტამში” გამოქვეყნებულია სტატია რუსეთის საკითხებში ცნობილი ექსპერტის, პროფესორ ჟორჟ ნივასი, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ლუბიანის მოედანზე, მოსკოვში, ძერჟინსკის ძეგლის აღდგენა აქვთ განზრახული. პროფესორი ნივა წერს:

”ეს უბრალოდ, წარმოუდგენელია – მოსკოვის ცენტრში კვლავ უნდა აღმართონ ”ჩეკას” დამაარსებლის, ფელიქს ედმუნდის-ძე ძერჟინსკის ძეგლი. და ამ იდეის ინიციატორად, მოსკოვის მერი – იური ლუჟკოვი მოგვევლინა.
ასე მგონია, საშინელი სიზმარი ვნახე. ძერჟინსკი ხომ, როგორც ამას წინათ წერდა გაზეთი ”იზვესტია”, ოციანი წლების ბინ ლადენი იყო. ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული ინდივიდუალური ტერორი, მოგვიანებით ძერჟინსკიმ, როცა ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები მოექცნენ, სახელმწიფო ტერორით დააგვირგვინა. სწორედ მისი უშუალო მითითებით ხდებოდა ყველა ოპოზიციონერის, და განსაკუთრებით რუსი სოციალისტების სისტემატური ლიკვიდაცია. ძერჟინსკიმ შექმნა საბჭოთა კავშირში სრული განუკითხაობისა და მასობრივი დახვრეტების რეჟიმი. მისი ძეგლის აღდგენა – მარილის დაყრა იქნება რუსეთის ისტორიულ ჭრილობებზე. ძნელია ბოლომდე დაიჯერო, რომ მართლაცდა აღმართავენ ისევ, ლუბიანის მოედანზე, ”ჩეკას” დამაარსებლის ძეგლს. თუმცა, სხვა ნაბიჯებიც გადაიდგა დღევანდელი რუსეთის შესარიგებლად კომუნისტურ წარსულთან, როცა შეიარაღებულ ძალებს წითელი ფერის დროშა დაუბრუნეს, ხოლო რუსთის ფედერაციის ეროვნული ჰიმნი, ძველმა, საბჭოთა ჰიმნმა შეცვალა. რაც შეეხება სიმბოლიკას, პრეზიდენტ პუტინის რუსეთი, ამ მხრივ, ორპიროვან იანუსს გვაგონებს. თუ ლუჟკოვი მიაღწევს საწადელს, მაშინ ლუბიანის მოედანი, ”კაგებე-ეფესბეს” შენობითა და ძერჟინსკის აღდგენილი ძეგლით უნებლიედ შეგვახსენებს იმ დღეებს, როცა ”შავი ყორანის” ავტომანქანებით მიჰყავდათ გვიან ღამით ჩეკისტებს დასახვრეტად უდანაშაულო ადამიანები. დიახაც, მოსკოვი, ეს მესამე რომი – უხვად გვანებივრებს პარადოქსებით”.
XS
SM
MD
LG