Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალგაზრდული პროგრამის” დღევანდელ გამოშვებაში


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი “ახალგაზრდული პროგრამის” დღევანდელ გამოშვებაში

გაგაცნობთ ჩვენი მომავალი კოლეგების - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების შეხედულებებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ანუ იმ პრობლემებზე, რომელთა შედეგების გაშუქებაც მათ მოუწევთ. წარმოგიდგენთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს: ქეთი ბოჯგუას, თათია კოკაიას, ბექა კოკაიას, გიგა მაქარაშვილს და რატი მუჯირს. შემდეგ კი შემოგთავაზებთ თემას : რამდენად საშიშია სტუდენტობა ხელისუფლებისთვის და შეიძლება თუ არა ის გახდეს დესტაბილიზაციის ფაქტორი. ამ თემაზე დავით პაიჭაძე ისაუბრებს, მანამდე კი, მომავალი ჟურნალისტები - დღევანდელობასა და მომავალს შორის.


ცივი ომი და საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ ის თემაა, რომლის ირგვლივაც მომავალ ჟურნალისტებსაც უწევთ მსჯელობა, ოღონდ ჯერ მხოლოდ უნივერსიტეტის აუდიტორიებში. ჩვენ მათ ვთხოვეთ საჯაროდ გამოეხატათ აზრი იმ პროცესების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს წინააღმდეგ ვითარდება და აი, რა გვითხრეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა - ქეთი ბოჯგუამ და თათია კოკაიამ:

[ქეთი ბოჯგუას ხმა] “ის, რასაც აკეთებენ რუსეთი და რუსი პოლიტიკოსები, არის ცივი ომი და ის, რასაც აკეთებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები - ეს არის საინფორმაციო ომი ჩვენ წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, ჩვენი საინფორმაციო საშუალებები ადეკვატურ რეაქციას ვერ ახდენენ ამაზე. ისე მიზანმიმართულად არ მოქმედებენ, როგორც რუსი ჟურნალისტები.”

[თათია კოკაიას ხმა]: “ხელისუფლებას რაც შეეხება, იმდენად ჩამოუყალიბებელია მათი პოზიცია, უყურებ და ფიქრობ, რას შეიძლება ამათგან ელოდო. ბავშვების ჩხუბს ჰგავს მათი მოქმედება. როცა ცალსახა პოზიცია ვერ ჩამოუყალიბებიათ რუსეთთან მიმართებით, რაზე უნდა ვილაპარაკოთ.”

ქეთის და თათიას საკუთარი, ერთმნიშვნელოვანი, პოზიცია ჩამოყალიბებული აქვთ. მათი მიზანია გახდნენ პროფესიონალი ჟურნალისტები, არასოდეს დაარღვიან ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, იყვნენ ობიექტურები და თავიანთი საქმიანობით გაიღონ წვლილი უკეთესი საქართველოს შესაქმნელად. ქეთიც, თათიაც და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სხვა სტუდენტებიც - მათ შორის, ბექა კოკაია, გიგა მაქარაშვილი და რატი მუჯირი - სისტემატურად ადევნებენ თვალყურს საქართველოში მოქმედ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, მათ შორის მეტ-ნაკლებ უპირატესობას აღნიშნავენ და ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე სრულად ვერც ერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნილებებს. საინფორმაციო საშუალებების პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზე ორიენტაცია მომავალ ჟურნალისტებს ნორმალურად მიაჩნიათ. ისინი ამბობენ, რომ სანამ პოლიტიკა წყვეტს ყველაფერს, თავადაც პოლიტიკის სფეროთი დაინტერესება მოუწევთ. უფრო მეტიც, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საერთაშორისო განყოფილების სტუდენტი რატი მუჯირი, რომლის ჰობიც ცხელ წერტილებში მუშაობა ყოფილა, ფიქრობს, რომ აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ცხელ წერტილებში მუშაობით დაიწყებს და მასა და მის მეგობრებს შორის აზრიც აქ იყოფა. ჩვენი გადაცემის სტუმრები - რატი მუჯირი, გიგა მაქარაშვილი და ბექა კოკაია - მომავალს, რომელიც დღევანდელობას უნდა დაეყრდნოს, სხვადასხვაგვარად ჭვრეტენ. მე მათ ვკითხე: ხედავენ თუ არა რაიმე პოზიტიურ ძვრებს ქვეყანაში, მიიჩნევენ თუ არა გლობალური პროექტების განხორციელების დაწყებას სტაბილურობის გარანტად.

[რატი მუჯირის ხმა] “რა გითხრათ, ბაქო-ჯეიჰანის პროექტი შექმეს და მთელი ენერგეტიკის სექტორი რუსეთს მიჰყიდეს. რაში გამოიყენებენ ნავთობს, ვერ წარმომიდგენია.”

[გიგა მაქარაშვილის ხმა] “ბევრს ნიშნავს ეს პროექტი. ჩვენზე გაივლის უმსხვილესი სატრანზიტო ხაზი და ეს მისცემს დასაბამს აზიისკენ ფართო დერეფნის გახსნას. მე მწამს, რომ ახლო მომავალში დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოთი შეერთდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკას რაღაცა ეშველება.

[რატი მუჯირის ხმა] “ის, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოთი შეერთდება, კარგია, მაგრამ არა მგონია, ვინმეს მოსწონდეს, რომ საქართველო იყოს, უბრალოდ, გზა ამ დერეფანში. “

[ბექა კოკაიას ხმა] “რატის პესიმიზმს მე ვერ დავეთახმები. მისი ოცნებაა მოამზადოს სიუჟეტები ცხელი წერტილებიდან და, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ თქვა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას. 5-6 წლის წინ პურის რიგებში თავ-პირის მტვრევა იყო და ეს პრობლემა დაიძლია. ყველა ნორმალური ადამიანი ითხოვს უფრო მეტს. მოხდა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ისეთი, რამაც დახია ეს ქვეყანა უკან. ვხედავ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ წავა ეს ხელისუფლება და მოვა სხვა, უფრო უკეთესი.

[რატი მუჯირის ხმა] “უკაცრავად, მაგრამ დღეს თუ პურის რიგებში აღარ ვდგავართ, ომის რიგში ვდგავართ.”

რატის, გიგასა და ბექას შორის რომელია პესიმისტი ან ოპტიმისტი, ანდა რეალისტი, ძნელი გასარკვევია, რადგან ყველა მათგანის შეხედულებას თავისი საფუძველი, თავისი სიმართლე აქვს.
ასეთ არაპროგნოზირებად რეალობას სთავაზობს მათ საქართველო. რამდენიმე წელიწადში კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ამ რეალობის შედეგების გაშუქება მოუწევთ. ერთ-ერთი მათგანი, თათია კოკაია, დარწმუნებულია, რომ ხუთ თუ არა, ათ წელიწადში მაინც, ქართველი ჟურნალისტები გაცილებით მეტ და სერიოზულ დადებით ძვრებზე ისაუბრებენ.

[თათია კოკაიას ხმა] “ათი წლის შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება დავსხდეთ და ვისაუბროთ: აი, ეს მოხდა, ეს მოხდა, ეს მოხდა დადებითი. მე მჯერა, რომ ასე მოხდება.”

ასე რომ, საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უკეთესი მომავლის სჯერათ, და ასეც უნდა იყოს. ახლა კი იმის შესახებ, არის თუ არა სტუდენტობა საშიში ძალა ხელისუფლებისთვის. ამ თემაზე ჩემი კოლეგა დავით პაიჭაძე ისაუბრებს.

ახალგაზრდულ გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია სტუდენტთა სოციალური თუ პოლიტიკური აქტივობის შესახებ. იოლი შესამჩნევია, როცა მოქალაქეები დიდი რაოდენობით ქუჩაში გამოდიან ხელისუფლებასთან ურთიერთობის გასარკვევად, მათ რიცხვში ახალგაზრდები ჭარბობენ. ყველაზე მკაფიო მაგალითი შარშანდელი შემოდგომაა, რომლის შედეგთა განხილვა-ინტერპრეტაცია დღემდე გრძელდება. 2001 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ შედარებით უმცროსი თაობის ადამიანები, მრავალი თვალსაზრისით, გამოუყენებელ რესურსს წარმოადგენენ. სწორედ ამ კუთხით შეხედეს მათ პოლიტიკოსებმა, რასაც ნოემბრიდან წლევანდელ ივნისამდე პოლიტიკური ორგანიზაციების ისეთი აქტივობა მოჰყვა უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიც მხოლოდ ამ 10-11 წლის წინ გვახსოვს. დღევანდელი სტუდენტები და, საერთოდ, მათი ასაკის ახალგაზრდები აღმოჩნდა ის ფენა, ვისაც თითქოს არ მოეთხოვება უახლესი ისტორიის გაკვეთილების ცოდნა. ტრადიციული ლაპარაკი ყოველწლიურ საშემოდგომო დესტაბილიზაციაზე საქმედ მხოლოდ მაშინ იქცა, როცა დესტაბილიზაციისთვის აუცილებელი ნედლეული - ადამიანური რესურსი, ახალგაზრდობა გამოჩნდა. ამ ადამიანებს არ უწვნევიათ 10 წლის წინანდელი სამოქალაქო ომის სიმწარე ისე მძაფრად, როგორც მათმა უფროსმა თანამედროვეებმა იწვნიეს და განიცადეს. მათ არ გაუკეთებიათ, ერთდროულად, გონივრული და, გარკვეულწილად, კონფორმისტული დასკვნა, რომ ქუჩის აგრესია შეიძლება დიდ ტრაგედიას დაედოს საფუძვლად და ამიტომ ქუჩაში გამოსვლას, სტიქიურ, უმართავ პროტესტს ჯობს სახლში იჯდე და აიტანო უვარგისი ხელისუფლება, რომელსაც მშვიდობიანი გზით, სულ ერთია, ვერაფერს შეასმენ. დესტაბილიზაციის ეშინია არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ მოქალაქეებსაც. ეროვნულმა მოძრაობამ, გამსახურდიას ხელისუფლებამ, სამოქალაქო ომმა, ტერიტორიის დაკარგვამ და 1995 წლამდე სისხლის სამართლის შეიარაღებულ დამნაშავეთა მმართველობამ ადამიანები, ვინც ამ პერიოდის მთელი “სიტკბოება” საკუთარ თავზე გამოსცადა, საიმედოდ აცრა ყოველგვარ დესტაბილიზაციაზე. ერთადერთი ფენა, ვისაც ასეთი პოლიტიკური ინექცია არ შეხებია, მაშინდელი ბავშვები და მოზარდები, ანუ დღევანდელი ახალგაზრდები, არიან. ხანდახან ისე მოჩანს, თითქოს დესტაბილიზაციისა და არეულობის აჩრდილი მოქმედი ხელისუფლებისთვის პერსონიფიცირებულია კონკრეტულ პოლიტიკოსში, რომელსაც მასების აყოლიება შეუძლია. არადა, მასების აყოლიება ძნელია, მათ კარგად ახსოვთ ახლო წარსული და ყოველგვარი სტიქიური აქტივობის პერსპექტივად სრული განუკითხაობა და დაუფარავი ძალადობა ესახებათ. ეს არის გამოცდილება ჩვენი საზოგადოებისა, რომელსაც ვერაფრით დაუხუჭავ თვალს. მით უმეტეს, ხელისუფლების სისუსტე და სიმყიფე ხშირად გაფიქრებინებს, რომ მისი რყევა ან ვადაზე ადრე გასტუმრება შეიძლება იოლად დასრულდეს ორდინარული ძარცვითა და მკვლელობებით.

ხელისუფლება არც ისეთი სულელია, რომ შარშანდელი შემოდგომის შემდეგ ახალგაზრდობაში მისკენ მიმართული საფრთხე არ დაენახა და ამ საფრთხის გასანეიტრალებლად გადადგა რამდენიმე, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ჯერჯერობით მაინც, ქმედითი და შედეგიანი ნაბიჯი. ერთი გახლდათ მითი ახალგაზრდების მართულობის შესახებ, რომელიც იტკიცეს და იწყინეს თვითონ ახალგაზრდებმა. თვეების მანძილზე საზოგადოებაში იმ აზრის კულტივირებამ, რომ ახალგაზრდები მარიონეტები არიან გარკვეულ პოლიტიკოსთა ხელში, დაარღვია, თუნდაც ვიღაცის სიძულვილზე დაფუძნებული, ერთიანობის სულისკვეთება, რომელიც აუცილებელია მასების ქუჩაში გამოსასვლელად. სტუდენტების აქტივობა სხვადასხვა არხით წარიმართა: ზოგმა, მართლაც, მიაშურა პოლიტიკას, ზოგიც ემზადება საამისოდ, შეიქმნა ახალი და გადახალისდა ძველი სტუდენტური ორგანიზაციები, სტუდენტები დაინტერესდნენ უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის მხილებით და საამისოდ სამოქალაქო აქტივობის სხვადასხვა ფორმებს ეძებენ. ზოგმა გადაწყვიტა, რომ სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია და ცოდნის დაუფლებაა მისი ძირითადი მოვალეობა. ზოგიც, საგრძნობი ნაწილი, ბირჟაზე დარჩა. შარშანდელმა შემოდგომამ შეარყია არა მარტო ხელისუფლება, არამედ ახალგაზრდობის – თუნდაც ნაწილის - ცნობიერება და ის უფრო მოზომილი გახადა.

ცხადია, ახალგაზრდობის შედარებითი დამშვიდება სულაც არ არის სიმშვიდის გარანტია საზოგადოების, სახელმწიფოსა თუ ხელისუფლებისათვის. ამ უკანასკნელის ქმედება ძნელი განსაჭვრეტია; მისმა უძლურებამ მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრისას, სავსებით შესაძლებელია, როგორც ახალგაზრდებს, ისე მოწიფულებს საბოლოოდ მოაბეზროს თავი და ახლო წარსულის გაკვეთილებიც განსხვავებულად გაააზრებინოს.
XS
SM
MD
LG