Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრის პოლიტიკური კონტექსტის შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 ოქტომბერს თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე გამართული რუსეთ-საქართველოს ნაკრებთა შეხვედრისადმი ინტერესს უპრეცედენტო შეიძლება ეწოდოს.

და არამხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობების ფონზე, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვერას ლამის ეროვნული ღირსების დაცვა დაეკისრა. რამდენად სასარგებლოა პოლიტიკისა და სპორტის ერთმანეთთან დაკავშირება?

რუსეთ-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა თამაშის მიმართ არაჯანსაღი აჟიოტაჟი მაშინ ატყდა, როცა დაახლოებით სამი კვირის წინათ რუსეთის მხარემ თავისი ფეხბურთელების თბილისში ჩამოსვლის პირობად საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს უსაფრთხოების პირობების შექმნა დაუყენა. იმავე პერიოდში რამდენიმე განცხადებაც კი გაკეთდა, რომ უპრიანი იქნებოდა, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მატჩი სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართულიყო. თუმცა, საბოლოოდ, რუსი და ქართველი ფეხბურთელების შეხვედრას პოლიტიკური ელფერი თითქოს ჩამოსცილდა და რუსეთის ნაკრები თბილისში ჩამოვიდა.
მეორე მხრივ, იმ დელეგაციის შემადგენლობა, ნაკრებს რომ ჩამოჰყვა თბილისში საგულშემატკივროდ, მაინც მიანიშნებს, რომ რუსეთის მხარე ამ თამაშს პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს. დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ფეტისოვი. მატჩზე დასასწრებად თბილისს ეწვია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ზასოხოვი. ლოკომოტივის სტადიონის ტრიბუნებიდან თავის გუნდს გულშემატკივრობდა რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი, რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპიშევი – იგი თავის დროზე პრეზიდენტ ელცინის სპარინგ-პარტნიორი იყო ჩოგბურთის კორტზე - და ა.შ. და ა.შ.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებიც არანაკლებ სახელოვანნი გახლდნენ – პრეზიდენტი შევარდნაძე, თითქმის მთელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. პოლიციამ არნახული ზომები მიიღო ყველანაირი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, რასაც ვერ ვიტყვი ენერგეტიკოსებზე – პირველი ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სტადიონზე დენის გამოთიშვამ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დღეში ჩააგდო იმ მაღალი თანამდებობის პირების დაცვის წევრები, ასე მრავლად რომ იყვნენ წარმოდგენილნი სტადიონის ტრიბუნებზე. მეორე ტაიმის დაწყება, ისევ და ისევ უდენობის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა.
რაც შეეხება თამაშის სპორტულ ღირსებებს, მის შესახებ კვირა საღამოს სპორტულ პროგრამაში ელგუჯა ბერიშვილი გესაუბრებათ. მე კი მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბრის მატჩისას რუსეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ოფიციალურად. მანამდე, 1998 წლის მაისში, გამართული მატჩი ამხანაგური იყო და ფრედ დასრულდა. ამჯერად თამაშის წინ, გუნდები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ გამარჯვებისთვის.
XS
SM
MD
LG