Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის გადაცემული ხუთი ჩეჩნის ბედი


როგორც ვხედავთ, საკმაოდ ბუნდოვანია, რა ბედი ეწევათ საქართველოს მე-5 იზოლატორში დაკავებულ ჩეჩნებს. კიდევ უფრო დიდი მითქმა-მოთქმის საგანია იმ ხუთი ჩეჩნის ბედი,

რომლებიც საქართველომ რუსეთს უკვე გადასცა. განასკუთრებული ყურადღების ცენტრშია ამ ხუთიდან ერთ-ერთი დაკავებული, ჰუსეინ აზიევი, რომელიც, ზოგიერთი მონაცემებით, დაიღუპა ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანის შემდეგ.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ჩრდილოეთი კავკასიის განყოფილება, კერძოდ, მისი პრესმდივანი პროკოპოვი, არც ადასტურებს და არც უარყოფს ჰუსეინ აზიევის სიკვდილის ფაქტს. ხოლო თავად რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე, ფრედინსკი, რომელსაც ესენტუკიში აქვს ოფისი, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ ხვდება ჟურნალისტებს.

მიუხედავად ამისა, აზიევის ნათესავები სოფელ რიშნიჩუდან სავსებით დარწმუნებული არიან მის სიკვდილში (სხვათა შორის აზიევები იმავე სოფლიდან არიან, სადაც ცხოვრობდა ჩეჩენი გოგონა ელზა კუნგალოვა, რომლის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვისაც ასამართლებენ რუსეთის არმიის ოფიცერს ბუდანოვს). აზიევის ბიძაშვილები, რომელთაც სტავროპოლში ესაუბრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ამტკიცებენ, რომ მათ ნათესავს თავი გაუტეხეს და იგი გარდაიცვალა 5 ოქტომბერს, ანუ საქართველოდან მისი გადმოყვანიდან მეორე დღესვე. აზიევების თქმით, ისინი შეხვდნენ ციხის თანამშრომლებს, კავშირი ჰქონდათ ბანაკების სამხარეო სამმართველოს უფროსთან. მათ ისიც კი თქვეს, რომ აზიევის გვამისთვის დიდი თანხა მოსთხოვეს დოლარებში.

რადიომსმენელს შევახსენებ, რომ გასულ კვირაში ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის ვიცე-პრეზიდენტმა აჰმად ზაკაევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ხუთი ჩეჩნის გადაცემა, მისი აზრით, შეერთებული შტატების ზეწოლით მოხდა. ამ აზრს არ იზიარებენ დამოუკიდებელი ექსპერტები და ადამიანის უფლებების დამცველები ჩრდილოეთ კავკასიაში.

[ჩაბაევის ხმა] ”რაც შეეხება ადამიანის უფლებების დამცველებს ჩეჩენთა შორის, რომლეიც ძირითადად ინგუშეთში, ნაზრანში, და, ცხადია, პანკისში იმყოფებიან, ისინი არ მიიჩნევენ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ მოახდინა ზემოქმედება. ამის სასარგებლოდ მათ მოჰყავთ ევროპის სასამართლოს ჩარევის ფაქტი. უბრალოდ, ხალხს მიაჩნია, რომ ორ ცეცხლშუა მოქცეული შევარდნაძე შეეცადა მოსკოვთან ურთიერთობები მოეგვარებინა და საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ისე არ გამოვიდა, როგორც თავად ქართველ ხალხს უნდოდა და არა მგონია, თვითონ შევარდნაძესაც არგებდეს ეს შედეგი”. ეს გახლდათ ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჩრდილოთ კავკასიაში ლიომა ჩაბაევი.

აზიევის ბედი კვლავაც გაურკვეველია. არსებობს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია, რომელთა დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამ დღეებში ხუთ პატიმართან კავშირის დამყარებას აპირებდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია, მაგრამ დღეისთვის მასაც არ მოეპოვება ზუსტი ინფორმაცია. ზუსტი ინფორმაცია არა აქვს არც ორგანიზაცია ”მემორიალს”, რომელიც აგრეთვე ცდილობდა პატიმრებთან შეხვედრას. მაგრამ ხუთი ჩეჩნის გარშემო შექმნილი ვითარება რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველებსაც და ჟურნალისტებსაც აფიქრებინებს, რომ გენერალური პროკურატურა რაღაცის მიჩქმალვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG