Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალცოლიანობა შუა აზიაში ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შუა აზიის ქვეყნები თანდათანობით შორდებიან საბჭოთა ცხოვრების ყაიდას და უბრუნდებიან ძველ ტრადიციებს, მათ შორის მრავალცოლიანობასაც უბრუნდება.

ბოლო ათ წელიწადში შექმნილ პოლიგამურ ოჯახებს რეგიონის ყველა კუთხეში შეხვდებით და ამგვარი ოჯახები თანდათან სოციალურად მისაღებიც კი ხდება.

პოლიგამია შუა აზიის ხუთივე ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ამისთვის სასამართლოში ცოტა ვინმე თუ გადაუციათ. პირიქით, სულ უფრო ხშირად გაისმის მისი დაკანონების მოთხოვნები.

მრავალცოლიანობის აღორძინებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ეკონომიკის დაქვეითება, რელიგია და ტრადიცია; მაგრამ იდეას საზოგადოების ფართო წრეები უჭერენ მხარს.

ძველად ამბობდნენ, როცა უზბეკი გადიდრდება ახალ სახლს იშენებს, ყაზახს კი ახალი ცოლი მოჰყავსო. დამოუკიდებელი უზბეკი ჟურნალისტი რახმატჯონ ყოლდოშევი, ისტორიას მიმართვას:

[ყოლდაშოვის ხმა] “ჩვენი ტრადიციის თანახმად, რამდენიმე ცოლის ყოლა კეთილდღეობის ნიშანია, საამაყოც კია. ხშირად ხალხი სიამაყით იხსენებს, რომ მათ მამებს ექვს-ექვსი ცოლი ჰყავდათ და ისინი ყველას ერთნაირად კარგად ექცეოდნენ. დღესაც, დაოჯახებული და წელში გამართული მამაკაცისთვის კეთილდღეობის სიმბოლო ორი ან სამი ცოლია.”

პოლიგამიის გავრცელების მთავარ მიზეზად ეკონომიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება ითვლება. იმის გამო, რომ მრავალცოლიანობა ოფიციალურად უკანონოა, სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. მეორე, მესამე და მომდევნო ქორწილები, როგორც წესი, საიდუმლოდ იმართება. ღარიბი ოჯახიდან გამოსული ქალები მეორე და მესამე ცოლებად შედარებით შეძლებულ მამაკაცებს მიჰყვებიან.

ყოლდაშოვის თქმით, ქალებს ყოველთვის ეშინოდათ ღარიბთან დაქორწინება. ზოგიერთი ქალი ღარიბის ერთადერთ მეუღლეობას, მდიდრის მეორე ან მესამე ცოლობას ამჯობინებს.

ახალგაზრდა უზბეკი ქალი,რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ესაუბოა, აბობს, რომ მეორე ცოლად თავის ქმარს ეკონომიკური მოსაზრებებით გაჰყვა.

[უზბეკი ქალის ხმა] “როცა პირველ ქმარს გავეყარე და ბავშვით დავრჩი, დავთანხმდი, ჩემი ახლანდელი ქმირის მეორე ცოლი გავმხდარიყავი. ის დამპირდა, რომ ორივეს შეგვინახავდა. თუ ქალი ჩემნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სხვებმა მას უნდა გაუგონ. მაგრამ თუ თქვენი ქმრის პირველი და ოფიციალური ცოლი პოლიგამური ოჯახის წინააღმდეგია, უამრავი სირთულე გელით. ეს მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი.”

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ტაჯიკეთში. 1992-97 წლების დაუნდობელმა სამოქალაქო ომმა ათიათასობით მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბევრიც სამუშაოს საძებნელად რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გააქცია. ამას წინათ ტაჯიკ ქალთა ჯგუფმა, (მათი უმრავლესობა პოლიგამური ოჯახის წევრია) ქვეყნის პარლამენტისგან წერილობით მოითხოვა მრავალცოლიანობის დაკანონება.

ტაჯიკმა ჟურნალისტმა ნარგიზ ზაქიროვამ ქვეყანაში მრავალცოლიანობის ფენომენი გამოიკვლია. მისი თქმით, სულ უფრო საჭირო ხდება პოლიგამური ოჯახების დაკანონება, ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად.
[ზაქიროვას ხმა] “ამ ქორწინებების შედეგად, ცხადია, ჩნდება შვილები. ამ ბავშვებს, მათი დედების მსგავსად, არავითარი უფლებები არა აქვთ. ეს დიდი პრობლემაა. მამობის ოფიციალურად დადგენისთვის უამრავი დოკუმენტის შეგროვებაა საჭირო. ზოგი მამაკაცი საერთოდ უარს ამბობს მამობაზე; ყველა მამაკაცი არ არის თანახმა, თავისი გვარი მისცეს ამ ქალისგან შეძენილ შვილს.”

ტაჯიკეთის პარლამენტის დეპუტატი ლაილი ბაბაევა არ იზიარებს ამ აზრს. [ბაბაევას ხმა] “ვალდებულია დახმარება გაუწიოს ქალს. და ეს ბავშვები ჯერ ერთი, სამართლებრივად ამას არავინ დააკანონებს. მეორეც, ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით ამ ბავშვების უფლებები არანაირად არ არის ხელყოფილი. ჩვენი კანონების თანახმად, თუ დაამტკიცებ, რომ ამა თუ იმ მამაკაცთან საერთო საოჯახო მეურნეობა გქონდა, მაშინ განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა პასპორტში ბეჭედი, მამაკაცი ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორითაც კანონიერად დაბადებული შვილები.”

უნდა ითქვას, რომ ბაბაევა სრულებით არ ითვალიწინებს რამდენად დამამცირებელი პროცესია ქალისთვის იმის დამტკიცება , რომ შვილები ამა თუ ის კონკრეტული მამაკაცისგან ჰყავს.

შუა აზიის ყოფილი მუფტი მუჰამედ სოდიგ იუსუფი მრავალცოლიანობის აღორძინებას სულაც არ მიიჩნევს ისლამის ტრადიციებისკენ დაბრუნების ნიშნად. მისი სიტყვით, ისლამში პოლიგამია მთავარი დოგმა არ არის. ის, უბრალოდ არ კრძალავს მას.

[იუსუფის ხმა] “თუ ისლამის მიმართ დღევანდელი მრავალცოლიანი მამაკაცების დამოკიდებულებას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ისინი ისლამის არავითარ წესებს არ იცავენ, მხოლოდ პოლიგამია აინტერესებთ და მას ისლამით ამართლებენ. უმრავლესობა ამით მხოლოდ საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.”

მარფუა ტოხტახოჯაევა ქალთა კვლევის ცენტრის დირექტორი და ქალებისა და ისლამის საკითხებზე რამდენიმე წინგის ავტორია. ის იზიარებს აზრს, რომ მძიმე ეკონომიკური პირობები ბევრ ქალს აიძულებს შეურიგდნენ მრავალცოლიანობას. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიცულ აღზრდასაც, როცა ქალიშვილს ბავშვობიდან უნერგავენ, რომ მამაკაცზე უნდა იყოს დამოკიდებული. გაუთხოვარ ქალს საზოგადოება ალმაცერად უყურებს და მარტოდ დარჩენას ის პოლიგამურ ოჯახში მეორე ან მესამე ცოლად შესვლას ამჯობინებს.

ტოხტახოჯაევას აზრით, თუ რეგიონში ქალები თავის შენახვას შეძლებენ, მრავალცოლიანობის ხელშემწყობი პირობები თავისთავად გაქრება. ამ მოსაზრებას, ცხადია, ყველა არ იზიარებს.
XS
SM
MD
LG