Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდივიდუალური მშენებლობების მიუხედავად, თბილისში საცხოვრებელი ფართის მწვავე დეფიციტია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისში უკანონო ბინათმშენებლობის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა ახალი საცხოვრებელი ბინების თემა აქტუალური გახადა. დედაქალაქში ამჟამად, ინდივიდუალური მშენებლობების გარდა,

რამდენიმე დიდი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაც მიმდინარეობს.

საბჭოური ლოზუნგი ”თითოულ მოქალაქეს ცალკე ბინა” - კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დემოგრაფიული ბუმით არ გამოირჩევა, საცხოვრებელი ფართის დეფიციტი ქვეყანაში მაინც მკვეთრად არის გამოხატული.

მასობრივი მშენებლობებისათვის ქვეყანას თანხები არ გააჩნია, ხოლო, მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობის გამო, ე.წ. კოოპერატიული მშენებლობები მინიმუმამდეა დასული.

დღეისათვის სახელმწიფო ბინათმშენებლობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ამ საქმით მხოლოდ კერძო კომპანიები არიან დაკავებული.
ბინათმშენებლობა დედაქალაქში, მაღალი ფასებისა და ლიკვიდურობის გამო, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. ამ ბიზნესით რამდენიმე მსხვილი კომპანიაა დაკავებული, რომელთაც, როგორც წესი, გავლენიანი მფარველები ჰყავთ. სხვაგვარად დედაქალაქში მშენებლობისათვის ადგილის გამოყოფა მეტისმეტად გაძნელდებოდა.

საცხოვრებელი კომპლექსები, როგორც წესი, პრესტიჟულ უბნებში და, რაც მთავარია, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში შენდება. ხშირ შემთხვევაში ამგვარ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა არ შეიძლება, თუმცა, გავლენიანი მფარველებისა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურათა კორუმპირებული ჩინოვნიკების წყალობით, ამ ნებართვის მოპოვება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

მშენებლობები, კომპანიის შესაძლებლობების მიხედვით, დაახლოებით ერთიდან ხუთ წლამდე გრძელდება. პროექტები, ძირითადად, ინდივიდუალურია. თავად მშენებლობის სისტემა საბჭოთა წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობის სისტემას წააგავს და, ძირითადად, ამგვარი ბინების შეძენის მსურველთა სახსრებით ხორციელდება, თუმცა არის სხვა ტიპის სერვისიც.

ამგვარ ბინებში საცხოვრებელი ფართის ღირებულება, ბინის პროექტის, უბნის, კომუნიკაციების და რემონტის მიხედვით, 50-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ამგვარი მშენებლობები ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად, ერთი კორპუსის, ისე კომპლექსების სახით. დიდი მოთხოვნით სარგებლობს მშენებარე თანამედროვე კომპლექსები ფიქრის გორაზე, ასევე - ვაკისა და საბურთალოს რაიონებში.

თუმცა ამგვარი ბინების შეძენის საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ და საცხოვრებელი ფართის დეფიციტს დედაქალაქში ეს, ბუნებრივია, ვერ ამცირებს.
XS
SM
MD
LG