Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 ოქტომბერს, გამთენიისას, დამთავრდა სამდღიანი დრამა მოსკოვში "დუბროვკის" თეატრალური ცენტრის


ანდრო ეული, პრაღა 26 ოქტომბერს, გამთენიისას, დამთავრდა სამდღიანი დრამა მოსკოვში "დუბროვკის" თეატრალური ცენტრის შენობაში, სადაც ოთხშაბათს ღამით 40-მდე შეიარაღებულმა ჩეჩენმა მძევლად აიყვანა

პოპულარული მიუზიკლის საყურებლად დარბაზში შეკრებილი ათასამდე ადამიანი. ჩეჩენმა ექსტრემისტებმა მოითხოვეს, რომ რუსეთის ჯარმა ერთ კვირაში დატოვოს ჩეჩნეთი; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მძევლების დახოცვით დაიმუქრნენ. შაბათს, გამთენიისას, საგანგებო დანიშნულების სამხედრო შენაერთმა განახორციელა მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია, რომლის შედეგად მოკლულ იქნა 34 ექსტრემისტი, მათ შორის, ამ ჯგუფის ლიდერი მოვსარ ბარაევი. ოპერაციის შედეგად დაღუპულ მძევალთა რიცხვი შვიდ ათეულს აღწევს. რუსეთის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედია მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. უკეთებენ რა კომენტარს მომხდარს, მიმოხილველები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუ რამ აიძულა ახალგაზრდა ჩეჩენი ქალები და მამაკაცები, მსხვერპლად გაეღოთ საკუთარი სიცოცხლე. "ჩეჩნეთი მოსკოვში" – ასეა დასათაურებული სტატია გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". ეს უპრეცედენტო ინციდენტი იყო რუსეთის დედაქალაქში – წერს გაზეთი და განაგრძობს:

"კიდევ უფრო ძნელდება იმის გარკვევა, რა ხდება სინამდვილეში ჩეჩნეთში, სადაც როგორც ჩანს, არა ორი, არამედ გაცილებით მეტი მხარეა კონფლიქტში დაპირისპირებული. ასლან მასხადოვთან დაახლოებულმა ძალებმა უარყვეს მძევლების აყვანასთან ყოველგვარი კავშირი. ეს ადამიანები მომხდარში ადანაშაულებენ სეპარატისტთა ჯგუფს, რომელმაც დაუნდობლობითა და ფანატიზმით გაითქვა სახელი და, შესაძლოა, საზღვარგარეთის ისლამისტურ ორგანიზაციებთანაცაა დაკავშირებული. ვიდეოფირი, რომელზეც ამ ჯგუფის ლიდერები არაბული წარწერით დამშვენებული დროშის ფონზე არიან გადაღებული, არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ ჯაზირამ" მიიღო, რომელიც, როგორც ცნობილია, ბინ ლადენის განცხადებებს გადასცემდა. და მაინც, მძევლების აყვანამ არ უნდა დაგვავიწყოს ის ფაქტი, რომ არსებითი განსხვავებაა ჩეჩნეთის ომსა და იმ ომს შორის, ამერიკამ რომ გამოუცხადა ტერორიზმს. გარდა ამისა, განსხვავება უნდა დავინახოთ ერთი მხრივ, მასხადოვსა და ჩეჩნეთის მშვიდობიან მოსახლეობასა და მეორე მხრივ, ისლამისტ ექსტრემისტებს შორის. ჩეჩნეთის ომი ანტიტერორისტული ომისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოგვარება პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი."

მძევლების აყვანამ სრულიად მოულოდნელად დაუსვა წერტილი პუტინის მმართველობის სამწლიან პოლიტიკურ სტაბილურობას – მიიჩნევს შეერთებულ შტატებში გამომავალი გაზეთი "ქრისჩენ საიენს მონიტორი"; ხოლო გერმანიის "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" მკითხველებს შეახსენებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩეჩენმა საველე მეთაურებმა, მძევლების დატყვევებით სცადეს შეეხსენებინათ მსოფლიოსთვის ჩეჩნეთის მივიწყებული ომი.

გერმანიის კიდევ ერთი გაზეთი, "ფრანკფურტერ რუნდშაუ", აღნიშნავს, რომ მძევლების აყვანა მოსკოვში, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ უფრო გაართულებს კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პროცესს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"მართალია, ფრაზა "მშვიდობა ჩეჩნეთში" რამდენადმე უტოპიურად ჟღერს, მაგრამ უკანასკნელ თვეებში მაინც გამოჩნდა ნიშნები, რომ მხარეები, შესაძლოა, მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ და ჩეჩნეთში შეწყდეს სისხლისღვრა. კონფლიქტის შემდგომი გაგრძელება სულ უფრო მეტად არასასიამოვნო ხდებოდა თავად პრეზიდენტ პუტინისთვისაც. და თუ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინათ პუტინს, შესაძლოა, კონტაქტიც დაემყარებინა მასხადოვთან, და განეახლებინა ხელშეკრულება, რომელსაც მასხადოვმა და ელცინმა მოაწერეს ხელი, ახლა პუტინი ამას ვეღარ გააკეთებს. "მოვსარ ბარაევის 29-ე დივიზიის თვითმკვლელ ჩეჩენთა ჯგუფმა", 23 ოქტომბერს განხორციელებული აქციით იძულებული გახადა პუტინი, თავის უწინდელ მკაცრ პოზიციას დაუბრუნდეს. ამ ბოროტმოქმედებამ რუსეთის პრეზიდენტი იმ ძალების მძევლად აქცია, რომლებსაც ომი სურთ."

"მსხვერპლი ჯალათი ხდება" - ასეთი დასკვნა გამოაქვს მოსკოვში მომხდარი ტრაგედიიდან საფრანგეთის გაზეთ "ლიბერასიონს". სარედაქციო სტატიაში გაზეთი წერს:

"არავითარი გამართლება არა აქვს მძევლების აყვანას, დატყვევებას იმ ადამიანებისა, რომლებიც მხიარული მიუზიკლის სანახავად მივიდნენ თეატრში, და არა სიკვდილთან შესახვედრად. არავის შეპარვია ეჭვი, რომ ჩეჩენი კამიკაძეები მუქარას აღასრულებდნენ. მეორე მხრივ, ნაკლებად თუ მოელოდა ვინმე, რომ ლმობიერებას გამოიჩენდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მიზნით სისხლიანი ომი გააჩაღა ჩეჩნეთში. რუსეთის პრეზიდენტმა შეასრულა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გამოთქმული დაპირება, როცა არ სცნო ჩეჩენი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ლეგიტიმურობა და უარყო ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩეჩნეთის, ამ, არსებითად კოლონიალური პრობლემის მოსაგვარებლად. ახლა, როცა კრიზისი მოსკოვში, ტრაგედიით დამთავრდა, უნდა მოველოდეთ, რომ პუტინის ჯარი კიდევ უფრო მეტი სისასტიკით გაუსწორდება ჩეჩენ მეამბოხეებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავეთანხმოთ ქალბატონ ელენა ბონერს, რომელმაც მოსკოვში მომხდარი ტრაგედიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა."

"რუსეთის 11 სექტემბერი" – ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გერმანიის გაზეთ "ველტში". სტატიაში ვკითხულობთ:

"უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ჩეჩენი ხალხი დევნა-შევიწროებას განიცდის მოსკოვის მხრიდან. მაგრამ იმას, რაც ექსტრემისტთა ბანდის ვაჰაბისტმა ლიდერმა მოაწყო მოსკოვში, არა აქვს არავითარი გამართლება. ეს იყო აშკარა ტერორი უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, ზუსტად ისეთივე, როგორიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, ან ჯერბაში, ანაც 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მოხდა. ჩვენი დროის ყველაზე სახიფათო ტირანი ტოტალიტარული ტერორია, რომელთანაც, თუნდაც მცირე ხალხების თავისუფლებისთვის, იოტისოდენ დათმობაზეც არ შეიძლება წასვლა."

როგორც ბრიტანეთის გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" აღნიშნავს, როგორც კი ჩეჩენმა ექსტრემისტებმა მძევლები აიყვანეს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: მძევლების აყვანა საზღვარგარეთ დაიგეგმაო. და პუტინის ამგვარი მტკიცება ორ მიზანს ემსახურება: დაანახოს მსოფლიოს, რომ ჩეჩენმა მეამბოხეებმა საქართველოში იპოვეს ნავსაყუდელი და
რომ ისინი "ალ-ყაიდასთან" არიან კავშირში. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში, განაგრძობს:

"პირველი ბრალდება, მოსკოვს პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ესაჭიროება. ხოლო მეორე ბრალდებით, ჩეჩნეთის კონფლიქტი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ დაწყებული ანტიტერორისტული ომის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. თუმცა, იმას, რაც 23 ოქტომბერს მოხდა მოსკოვში, ადგილობრივი, ჩეჩნური ხელწერა აქვს. ეს, უბრალოდ, უკანასკნელი ეპიზოდი იყო ჩეჩენი ხალხის 250-წლიანი ბრძოლისა ნანატრი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად."

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" აზრით, მოსკოვში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ცხადყო ჩეჩნეთში მიმდინარე ომის უაზრობა. წლების მანძილზე მიმდინარე ბარბაროსობამ, აღნიშნავს გაზეთი, ჩეჩენ სეპარატისტთა შემდგომი რადიკალიზაცია გამოიწვია, ხოლო გამყოფი ხაზი ორ მეომარ მხარეს, მშვიდობიან მოქალაქეებსა და მებრძოლებს შორის, მთლიანად წაიშალა. გაზეთი დასძენს:

"მთლიანად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აკისრია პასუხისმგებლობა ჩეჩნეთში 4 წლის მანძილზე მიმდინარე ბარბაროსობისთვის, მათ შორის დასახლებული პუნქტების მიწასთან გასწორების, მშვიდობიან მოქალაქეთა დახოცვის, წამებისა და ძარცვა-გლეჯისთვის. პუტინმა გააფართოვა ჩეჩნეთში ეგრეთ წოდებული "ანტიტერორისტული ოპერაციის" მასშტაბები და უარყო მეამბოხეთა ლიდერებთან მოლაპარაკება. ახლა, როცა მძევლების აყვანას მოსკოვში დიდი მსხვერპლი მოჰყვა, რუსეთის პრეზიდენტს მიეცა საუცხოო შესაძლებლობა, რადიკალურად შეცვალოს კრემლის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში. წარსულის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით კი, უფრო ისაა მოსალოდნელი, ბატონმა პუტინმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ჩეჩნეთისა და საქართველოს მიმართ."
XS
SM
MD
LG