Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის “ბოროტების ღერძი” საქართველოზე გადის?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მოსკოვის მოვლენები, თავისი მნიშვნელობით და შინაარსით, 11 სექტემბრის ტერაქტს გაუთანაბროს. პრეზიდენტ ბუშის მსგავსად,

პრეზიდენტმა პუტინმა ტერორიზმთან გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ დაუშვებს საერთაშორისო ტერორიზმის გათავხედებას და ამიტომაც გენერალურ შტაბს დაევალა ტერორისტთა ბანაკების დასაბომბად სამიზნეების დადგენა. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს ტერიტორიაზე პრევენტიული დარტყმების განხორცილების შესაძლებლობას?

თუ გავიხსენებთ პრეზიდენტ პუტინის მიერ ჯერ კიდევ 11 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთს უფლება აქვს პრევენტიული დარტყმები განახორციელოს პანკისის ხეობაში, საიდანაც რუსეთში ჩეჩენი შეიარაღებული პირები გადადიან, სულაც არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ 28 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში - რუსეთი ადეკვატურ ზომებს გამოიყენებს “ტერორისტების, ტერაქტების ორგანიზატორების, მათი იდეური და ფინანსური მხარდამჭერების მიმართ, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინიო,” – იგულისხმებოდეს საქართველოც, სადაც, რუსეთის მედიის ინფორმაციით, პანკისის ხეობას კვლავ აფარებენ თავს ჩეჩენი მებრძოლები.
პუტინმა ერთხელ, სექტემბერში, უკვე დაავალა თავის გენერლებს პანკისის ხეობაზე საჰაერო დარტყმების გამხორციელებისთვის გეგმის შემუშავება. მაშინ რამდენიმე რუსულმა გაზეთმა ასეთი გეგმის პროექტი გამოაქვეყნა კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოზე საჰაერო დარტყმების განხორციელება მაშინ შეუძლებელი გახადა საერთაშორისო რეზონანსმა: პუტინის განცხადებას უმალ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა, რომელმაც, რუსეთ-საქართველოს შორის შუამავლის როლის შესრულების შეთავაზების გარდა, განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს.
ამჯერად რუსეთის თუნდაც სიტყვიერი აგრესიის სამიზნე, საქართველოსთან ერთად, აუცილებლად გახდება თურქეთი, - რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, დადგენილია, რომ კულტურის სასახლეში შეჭრილი ჩეჩნები ტელეფონით თურქეთს უკავშირდებოდნენ, - საუდის არაბეთი, საიდანაც, როგორც ამბობენ, ხდება ჩეჩენი ამბოხებულების დაფინანსება, და დანია, სადაც ამ დღეებში ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი იმართება. თურცა, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ, შესაძლოა, რუსეთის აგრესია მხოლოდ ვერბალური არ იყოს. ფაქტია, რომ უახლოეს დღეებში რუსეთი კვლავ მოითხოვს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული 8 ჩეჩენის გადაცემას. გამორიცხული არ არის, კვლავ დადგეს პანკისის ხეობაში ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარების საკითხი. შემაშფოთებელია 29 ოქტომბერს გავრცელებული ცნობებიც ინგუშეთის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შესახებ ფედერალებსა და ჩეჩნურ რაზმს შორის. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეს რუსლან გელაევის რაზმის ნაწილია, რომელიც, შესაძლოა, კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდეს.
მსგავსი პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობას არც საქართველოს სპეცსამსახურები გამორიცხავენ. 29 ოქტომბერს სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა,” უშიშროების მინისტრის მოადგილე ირაკლი ალასანიაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცსამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ არ დაუშვან პანკისის ხეობიდან განდევნილი ბოევიკების უკან დაბრუნება.
XS
SM
MD
LG