Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ტერორიზმთან ბრძოლას აძლიერებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კრემლი აცხადებს, რომ გასული კვირის მძევალთა კრიზისის შედეგად, აძლიერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. უშიშროების სამსახურების ბიუჯეტი უკვე გაიზარდა, ეჭვმიტანილები დააპატიმრეს.

მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების აზრით, ეს ზომები მხოლოდ ხელს შეუშლის ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებას.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების სამსახურებისგან ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიის გამომუშავება მოითხოვა. მისი გამოსვლის ტექსტი საოცრად წააგავდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის რიტორიკას 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.

[პუტინის ხმა] "რუსეთი შესაბამისი ზომებით გამოეპასუხება მუქარას ყველაგან, სადაც იქნებიან თვით ტერორისტები, ამ ბოროტმოქმედებათა ორგანიზატორები, მათი იდეური თუ ფინანსური სულისჩამდგმელები."

სამშაბათს დაკრძალეს პირველი მსხვერპლი იმ თითქმის 120-დან, რომელთაგანაც ორის გარდა ყველა გაზით მოიწამლა. მიუხედავად ამისა რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს თეატრზე თავდასხმის ოპერაციას.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრის თანახმად, რესპონდენტთა 85-მა პროცენტმა პუტინს საქციელი მოუწონა. კრიტიკოსების თქმით კი მოსკოვში მძევალთა აყვანის კრიზისი "რუსეთის 11 სექტემბერი" არ არის.

სახელწიფო დუმის დეპუტატი, მოსკოვის ჩეჩნური სათვისტომოს ლიდერი ასლანბეკ ასლახანოვი, რომელიც გასულ კვირაში მოსკოვის თეატრში გამაგრებულ ჩეჩენ ექსტრემისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამბობს რომ, სამწუხაროდ, ძალას იკრებენ ომის მომხრეები. მაგრამ, აბობს ის, [ასლახანოვის ხმა] "ომი არ დამთავრდება, სანამ რესპუბლიკის მთელ მოსახლეობას არ ამოწყვეტენ, ვინაიდან რუსეთის ჯარიკაცების მხეცური საქციელი აიძულებს ხალხს იარაღი აიღონ ხელში, ქალებსაც კი. ჩეჩენი ქალები არასოდეს არ ატარებდნენ ტერორიტულ აქტებს, არასოდეს არ ისწრაფოდნენ სიკვდილისკენ. თუ ახლა მათაც დაიწყეს ამაში მონაწილეობა, თქვენთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს, რამდენად მძიმედ არის საქმე. საჭიროა გამოვძებნოთ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტილება."

ჩეჩენ სეპარტიტსთა ლიდერმა ასლან მასხადოვმა დაგმო მძევალთა აყვანა და თქვა, რომ მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. მისი თქმით, მძევალთა კრიზისმა წარმოაჩინა, რაოდენ საოსწარკვეთილ მდგომარობაში იმყოფება ჩეჩნეთის მოსახლეობა.

"მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისხდომაა. ყველა სხვა გზას სიკვდილისკენ, სისხლისკენ, მძევლებისკენ მივყავართ", თქვა მასხადოვმა. ფაქტი, რომ ექსტრემისტებმა შენობა არ ააფეთქეს, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ისინი თვითმკვლელობას არ გეგმავდნენ.

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას თქმით (ის ჩეჩნეთის საკითხებს აშუქებს და გასულ კვირაში აწაროებდა მოლაპარაკებებს თეატრში გამაგრებულ ტერორისტებთან), იყო მათთან მორიგების შანსი. მაგრამ ჟურნალისტის აზრით, მთავრობა ამით მაინც და მაინც დაინტერესებული არ იყო.

[პოლიტკოვსკაიას ხმა] "მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ოპერაციის მიზანი ტერორისტების განადგურება, ძალის დემონსტრირება და არა მძევალთა განთავისუფლება იყო. ეს ორი სხვადასხვა რამეა."

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა ცნობილმა დამცველმა სერგეი კოვალიოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ხელისუფლებამ თეატრში შეჭრით საფრთხეში ჩააგდო მძევალთა სიცოცხლე, ვინაიდან მეამბოხეებს დროზე რომ შეემჩნიათ, რომ ოპერაცია იწყება, შეიძლება აეფეთქებინათ შენობა. "ხელისუფლებამ გვიჩვენა, რომ ჩვენი სიცოცხლე მას სახელმწიფო ამბიციებზე ნაკლებად უღირსო", თქვა კოვალიოვმა.

სერგეი კოვალიოვმა მედია და მთავრობა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თავდაპირველად ითქვა, რომ თავდასხმა დაიწყო მას შემდეგ, რაც თეატრში მძევლების მოკვლა დაიწყეს: შემდეგ ეს ცნობა მცდარი აღმოჩნდა. "თავდასხმა ტერორიტსების მოქმედებებისგან სრულიად დამოუკიდებლად მზადდებოდაო", თქვა კოვალიოვმა.

რუსეთის მთავრობა ყველაზე მკაცრად იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ის უგულებელყოფს ჩეჩნეთში მიმდინარე ომის ფაქტორს. კრიტიკოსების აზრით, კრემლმა უნდა აღიაროს, რომ სამწლიანი ბრძოლა ჩეჩნეთში ამაო გამოდგა და კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია.
XS
SM
MD
LG