Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში უშიშროების სფეროს სისუსტეზე ლაპარაკობს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს გაეროს საგანგებო წარგაზავნილმა ავღანეთში ლახდარ ბრაჰიმიმ მოახსენა უშიშროების საბჭოს, რომ ავღანეთის ეროვნული პოლიციისა და არმიის წვრთნის დამთავრებამდე ქვეყანა უსაფრთხოების

დასაცავად საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს.

მისი თქმით, გარდამავალი მთავრობა ვერ ართმევს თავს უსაფრთხოების პრობლემებს, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში.

ბრაჰიმიმ თქვა, რომ თუმცა პოლიციის წვრთნაში, რომელსაც გერმანელი ექსპერტები ახორციელებენ, გარკვეული პროგრესი მიღწეულია, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მიერ ეროვნული არმიის წვრთნა, ნელი ტემპებით მიმდინარეობს.
ბრაჰიმიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უნდა გამოძებნოს დამატებითი რესურსები წვრთნის პროგრამის გასაგრძელებლად, ვინაიდან სანამ ავღანეთში არ იქნება კარგად აღჭურვილი ეროვნული პოლიცია და ეროვნული არმია, რომელიც რეგულარულად იღებს ხელფასს, ქვეყანაში უსაფრთხოების პრობლემები ვერ მოგვარდება.

უშიშროების საბჭომ უსაფრთხოების ძალები ჯერჯერობით მხოლოდ ქაბულის რეგიონში დააწესა, მიუხედავად გაეროსა და ავღანეთის ოფიციალური პირების არაერთი თხოვნისა, ჯარების მოქმედების არეალის გაფართოების შესახებ.

გაეროს წარგზავნილმა შეშფოთება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზეც გამოთქვა. მაგალითად მან მოიყვანა ეთნიკური პუშტუნები, რომლებსაც ჩრდილოეთის პროვინცია ფარიაბში, სარ-ი-პულსა და ჯავზიანში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ.

[ბრაჰიმის ხმა] "ყოვლად აუცილებელია, რომ გარდამავალმა მთავრობამ და სხვა ძალებმა, რომლებმაც ივალდებულეს ქვეყნის აღდგენა იზრუნონ იმ იდეის გამტკიცებაზე, რომ ავღანეთი ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს, ეთნიკური წარმომავლობისა თუ პოლიტიკური ორიენტაციისგან დამოუკიდებლად."

ბრაჰიმიმ თქვა, რომ მიუხედავად პროგრესისა ქალების მდგომარეობაში, ხშირად აქვს ადგილი ძალდატანებით დაქორწინებას. სამართალდამცველები არ რეაგირებენ ქალების ჩივილზე ოჯახში მათ მიმართ უხეში მოპყრობის შესახებ.

დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, და არა მარტო თვით ავღანეთისთვის, არის ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა.

ბრაჰიმიმ თქვა, რომ ეროვნული უშიშროების კომისიის შიგნით შეიქმნა ახალი, ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილება, მაგრამ, აღნიშნა მან, ოპიუმის კულტურის გაქრობას კიდევ მრავალი წელი დასჭირდება.
[ბრაჰიმის ხმა] "მოსალოდნელია, რომ ოპიუმის გაქრობას შეიძლება ათამდე წელი დასჭირდეს, სანამ მომაგრდება სამართლებლივი და უშიშროების სისტემა და მოიკიდებს ფეხს კულტურა, რომელიც შეცვლის ოპიუმს."

ტაჯიკეთის ელჩმა ავღანეთში რაშიდ ალიმოვმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ავღანეთიდან წამოსული ოპიუმი მისი მთავრობის მთავარი თავსატკივარია. მისი სიტყვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვარზე დაკავებული ჰეროინის რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. ორი წლის წინათ ჩვენ მხოლოდ 600 კგ ჰეროინი დავაკავეთ, შარშან კი 8 ტონაო, თქვა ალიმოვმა.

ალიმოვის სიტყვით, ავღანეთში წარმოებული ოპიუმის საკითხი განხილულ იქნა გასულ კვირაში გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ტაჯიკეთში სტუმრობისას.

ტაჯიკეთის ელჩმა წამოაყენა წინადადება შეიქმნას ნარკოტიკებთან ბრძოლის კოალიცია რომელშიც შევლენ ავღანეთის მეზობელი ქვეყნები, შეერთებული შტატები, ევროპის კავშირი და რუსეთი.
XS
SM
MD
LG