Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნების დევნა-შევიწროება რუსეთში


ანდრო ეული, პრაღა რუსეთში მცხოვრები ჩეჩნები აცხადებენ, რომ გასულ კვირაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა ჩეჩენ ექსტრემისტთა შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლები აიყვანა მოსკოვის თეატრში,

რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთის დედაქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ჩეჩნებსა და საერთოდ კავკასიელებზე, ნამდვილი ნადირობა დაიწყო.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა სამართალდამცავ უწყებებს ტერორისტების დაკავება უბრძანა, პოლიციელები თვითნებურად აპატიმრებენ ნებისმიერ პირს, როცა კი მოესურვებათ.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ უპრეცედენტო ზომები მიიღო მოსკოვსა და მიმდებარე დასახლებებში მოქმედი ტერორისტული ქსელის სალიკვიდაციოდ. ხოლო გაზეთ "იზვესტიას" მოჰყავს ელიტური საგანგებო შენაერთის "ალფას" ოფიცრის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მოსკოვსა და ჩეჩნეთში უშიშროების ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს.

სახელმწიფო დუმის ჩეჩენმა დეპუტატმა ასლამბეკ ასლახანოვმა, რომელიც მოსკოვში ჩეჩნური სათვისტომოს ლიდერია და მოლაპარაკებაც გამართა მძევალთა გამტაცებლებთან გასულ კვირაში, კორესპონდენტებს უთხრა, რომ ჭეშმარიტად ანტიტერორისტული ოპერაციის ნაცვლად, სამართალდამცავები თვითნებურად აპატიმრებენ ვისაც კი მოესურვებათ, რითაც ანტიჩეჩნურ ვნებებს აღვივებენ რუსეთში: [ასლამბეკ ასლახანოვის ხმა]
"იწყება ანტიჩეჩნური ისტერია, რასაც სწორედ სამართალდამცავ უწყებათა თანამშრომლები აღვივებენ. სწორედ ეს ადამიანები აწვდიან ჟურნალისტებს ინფორმაციას, რომ დააკავეს ესა და ეს პირი, მაშინ როცა არის უდანაშაულობის პრეზუმფცია გამოძიების საიდუმლოება. მაგრამ როცა ჩეჩენს აპატიმრებენ, თუნდაც ეჭვის საფუძველზე, ვთქვათ მან არასწორად გადაკვეთა ქუჩა, თითქოს აუცილებელი ხდება საჯაროდ განცხადება, რომ ეროვნებით ჩეჩენი დააკავეს. ამდენად, ეროვნებებს შორის შუღლის გაღვივებასთან გვაქვს საქმე".

მოსკოვში მცხოვრებმა არაერთმა ჩეჩენმა დაგმო მძევლების აყვანა; ბევრმა გამოთქვა მზადყოფნა, მძევალი შეეცვალა ტყვეობაში. თვალსაჩინო ჩეჩენთა ჯგუფმა მოსკოვში განაცხადა, რომ საგანგებო ფონდს დააარსებს გასულ კვირაში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად.

როგორც ემნისტი ინტერნეიშენალის გენერალური მდივანი ირენ ხანი აღნიშნავს, ჩეჩნებისა და სხვა ეროვნულ უმცირესობათა დევნა-შევიწროება, რუსეთში, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის მიუტევებელი დარღვევის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამშაბათს, ირენ ხანმა თქვა, რომ რიგით მოქალაქეთა უფლებებს რუსეთში, ხშირად, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები თელავენ ფეხქვეშ: [ირენ ხანის ხმა] "უმცირესობები და უცხოელები, ხშირად, დისკრიმინაციული პოლიტიკის, ძალადობისა და ფულის გამოძალვის მსხვერპლი ხდებიან სწორედ იმ ადამიანთა მხრიდან, ვისაც ამგვარი ბოროტების აღკვეთა ევალება".

ირენ ხანს მიაჩნია, რომ ეგრედ წოდებული ანტიტერორისტული ომი არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ ჩვენ თვალი დავხუჭოთ იმ განუკითხაობაზე, რუსეთის სხზოგადოების ყველა ფენა რომ მოიცვა. "ანტიტერორისტული ომი ვერ გაამართლებს ადამიანის უფლებათა კიდევ უფრო მიუტევებელ დარღვევას ჩეჩნეთში" – დასძინა ემნისტი ინტერნეიშენალის გენერალურმა მდივანმა.

ანდროს ეულის საუბარი მინდა შევავსო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადებით იმის შესახებ, რომ "მოსკოვში 23 ოქტომბერს მძევლების აყვანასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩეჩენთა არანაირ შევიწროებას ადგილი არ ექნება.
ჩეჩნეთის თემას კიდევ მივუბრუნდებით ჩვენი გადაცემის ბოლოს. ყოველკვირეულ პროგრამაში "უხილავი ფარდა" გესაუბრებით დანიაში გამართულ "ჩეჩნეთის მსოფლიო კონგრესზე", რომელმაც სხვათა შორის იმითაც მიიპყრო ყურადღება, რომ დანიის ხელისუფალთ დააპატიმრეს მასზე კოპენჰაგენში ჩასული იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი.
XS
SM
MD
LG