Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძე აბაშიძის წინააღმდეგ – საბოლოო თუ ისევ შუალედური დაპირისპირება?


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ბოლოდროინდელი დაპირისპირება, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით,

განსხვავდება ამ ორი ფიგურის ადრინდელი ურთიერთობებისაგან, როცა ზავი და კონფრონტაცია ერთმანეთს ენაცვლებოდა: დღეს ასლან აბაშიძე და ედუარდ შევარდნაძე თავიანთი მტერ-მოყვრობის ბოლო ფაზაში შევიდნენ როგორც მტრები. არის სხვა მოსაზრებაც: ორი ლიდერის დღევანდელი ურთიერთობა სწორედ ძველი თამაშის გაგრძელებაა და მორიგი ტაქტიკური დაზავების მომსწრენი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევიქნებით. არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც შეიძლება დაპირისპირების პირველი ვარიანტის სასარგებლოდ მეტყველებდეს.

რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების ლიდერთა დღევანდელ დაძაბულ ურთიერთობას? ძალაუფლება, ცვალებადი თანაფარდობით, მათ ყოველთვის გაყოფილი ჰქონდათ, რასაც შევარდნაძე, წესისამებრ, ურიგდებოდა. პრეზიდენტი ხშირად არ ამწვავებდა ასლან აბაშიძესთან ურთიერთობას მათი საგარეო-პოლიტიკური ორიენტირებისა თუ კურსის დიამეტრალური განსხვავების გამო, თუმცა ცხადი იყო, რომ რეგიონალური ლიდერის პრეტენზიას, მიმართულება ეკარნახა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისათვის, ნორმალურ ქვეყანაში აბსურდად და პოლიტიკურ შიზოფრენიად მიიჩნევდნენ. შევარდნაძეს კრინტი არასოდეს დაუძრავს აჭარაში უკიდურესად ავტორიტარულ მმართველობასა და სამოქალაქო უფლებებისა თუ თავისუფლებების ისეთ შეზღუდვაზე, როგორიც თბილისში ჯერჯერობით წარმოუდგენელია. მაშ, რა უნდა იყოს ამჟამინდელი გამწვავებული ურთიერთობის მიზეზი?

დაახლოებით ორწელიწადნახევარში შევარდნაძე ამოწურავს უკანასკნელ საპრეზიდენტო ვადას და წასვლის შემდეგ, ბუნებრივია, საჭიროებს როგორც პირადი, ისე თავისი ოჯახის წევრთა უსაფრთხოებისა და შეძლების შენარჩუნების გარანტიებს. საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის ასლან აბაშიძე დღეს თითქოს ჩამოწერილი ფიგურაა, მაგრამ არავინ იცის, რა ძალას მოიკრებს ის 2005 წლისთვის. ბუნებრივია, ასლან აბაშიძე - საქართველოს პრეზიდენტი იქნება არა გარანტი ზემოთ ნახსენები რეალიების დასაცავად, არამედ სწორედ პირიქით: თავისი კლანით, აბაშიძე შეიძლება ქონების ხელახალი გადანაწილების მთავარ სუბიექტად იქცეს. შესაძლოა, პრეზიდენტი ამთავითვე უპირისპირდება ამ საფრთხეს, რომელსაც მოქალაქეებს წარმოუდგენენ როგორც მუქარას დემოკრატიის, შედარებით თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამოქალაქო თავისუფლებისათვის. შევარდნაძე მთელი ამ ხნის მანძილზე ცდილობდა საქართველოში განსახორციელებელ სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტს გვერდი აეარა აჭარისათვის, რათა ავტონომიის ლიდერს არ ესარგებლა და ის, უწინარესად, პირადი გამდიდრება-გაძლიერების წყაროდ არ გამოეყენებინა. ამავე კონტექსში უნდა წავიკითხოთ ახალი საბაჟოების, ნავსადგურებისა თუ ტერმინალების გახსნა-მშენებლობა აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ბოლო დროს ქართულ პრესაში აქა-იქ ჩნდება პუბლიკაციები, სადაც ლაპარაკობენ დიდძალი ნავთობის არსებობაზე შავ ზღვაში, სახელდობრ, ბათუმის სიახლოვეს; თუ ეს მტკიცება სიმართლეა, აჭარის ლიდერის დასასუსტებლად შევარდნაძემ უნდა მოახერხოს და არაფრით დაუშვას სამომავლოდ ნავთობის მოპოვება ამ რეგიონში, ან პირიქით: თუ ნავთობის ბიზნესის გამართვა აჭარაში გარდაუვალია, ის უნდა აეწყოს აბაშიძის გარეშე, რადგან სხვა შემთხვევაში აჭარის ლომი, შევარდნაძისგან დაუკითხავად, მოიკრებს ძალას. დრო, რომელიც 2005 წლამდე დარჩა, ცაიტნოტია შევარდნაძისთვის: პრეზიდენტმა უნდა მოასწროს აბაშიძის ნეიტრალიზება, მაგრამ გამოცანად რჩება, როგორ: ამ მიზნის მისაღწევად არანაირი კანონიერი მექანიზმი ჯერ ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG