Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ზელიმხან იანდარბიევის დაპატიმრებას მოითხოვს


ანდრო ეული, პრაღა რუსეთი ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბიევის დაპატიმრებასა და გაცემას მოითხოვს. მოსკოვი აცხადებს, რომ ხელთ აქვს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც მძევალთა აყვანაში,

23 ოქტომბერს რომ მოხდა მოსკოვში, იანდარბიევის თანამონაწილეობას ადასტურებს. ზელიმხან იანდარბიევი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენელია არაბულ ქვეყნებში და კატარში ცხოვრობს.


ამასობაში, პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა სერგეი იასტრჟემბსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი ჩეჩენი სეპარატისტების "განადგურებაა" და რომ ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება უკვე შეუძლებელია.

ხუთშაბათს რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის დასაპატიმრებლად საერთაშორისო ორდერის გაცემას ცდილობს. ოთხშაბათს კოპენჰაგენში, რუსეთის თხოვნით, მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენელი აჰმედ ზაკაევი დააკავეს. კრემლი აცხადებს, რომ ზაკაევი ასევე იყო დაკავშირებული გასულ კვირაში მომხდარ ტრაგედიასთან, როცა ჩეჩენ ექსტრემისტთა შეიარაღებულმა ჯგუფმა ასობით მძევალი დაატყვევა მოსკოვის "დუბროვკის" თეატრალურ ცენტრში.

ზელიმხან იანდარბიევმა წერილობითი მიმართვა გაუგზავნა დანიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტსა და დედოფალ მარგრეტეს, რომელშიც პროტესტს გამოთქვამს აჰმედ ზაკაევის დაპატიმრების გამო კოპენჰაგენში, სადაც "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი" გაიმართა.

პარასკევს პრესკონფერენციაზე მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ დანიის მთავრობამ სარწმუნო სამხილი მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ აჰმედ ზაკაევი ტერორისტია და ამდენად იგი რუსეთს უნდა გადასცენ გასასამართლებლად: [იგორ ივანოვის ხმა] "გენერალურმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით კოპენჰაგენში გააგზავნა სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმაში ზაკაევის თანამონაწილეობას ადასტურებს, და მიგვაჩნია, რომ ეს საბუთები საკმარის საფუძველს იძლევა ზაკაევის ექსტრადიციისთვის რუსეთში. ვიმედოვნებთ, რომ დანიის ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს."

ხუთშაბათს, პრესკონფერენციაზე მოსკოვში, ჟურნალისტებს მოასმენინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც მამაკაცი ამბობს, "მოსკოვის თეატრში მძევლების აყვანა ასლანმა მოიწონაო". რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სატელეფონო საუბარში ასლან მასხადოვია ნაგულისხმევი.

თავად მასხადოვმა დაგმო მძევლების აყვანა და მოსკოვს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა. მაგრამ რუსეთმა უარყო ეს წინადადება, ხოლო აშშ-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ვიდრე არ დადასტურდება, რომ მასხადოვი არანაირად არაა ექსტრემისტებთან დაკავშირებული, ჩეჩნეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკება არ უნდა გაიმართოს.

მას შემდეგ, რაც მძევლების აყვანას მოსკოვში მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთში მცხოვრებ ჩეჩნებზე და, საერთოდ, კავკასიელებზე, ნამდვილი ნადირობა დაიწყო. მილიციელები თვითნებურად აპატიმრებენ ყველას, როცა კი მოესურვებათ. ხოლო ფედერალური ჯარი კიდევ უფრო მეტი სისასტიკით უსწორდება ჩეჩნეთში მშვიდობიან მოსახლეობას.

ამასობაში, ჩეჩენმა სეპარატისტებმა თავიანი წარმომადგენლობა დახურეს თბილისში, რათა, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, "პრობლემები არ შეექმნას საქართველოს ხელისუფლებას".

ორშაბათს მეზობელმა აზერბაიჯანმა ჩეჩნების მეორე წარმომადგენლობა დახურა ბაქოში. სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, რუსეთმა სთხოვა თურქეთს, დახუროს ქვეყანაში ჩეჩენ მეამბოხეთა ყველა წარმომადგენლობა. სააგენტოს მოჰყავს თურქეთში რუსეთის ელჩის, ალექსანდრ ლებედევის ნათქვამი იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ექსტრემისტები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს მოსკოვის თეატრში, ტელეფონით ურეკავდნენ თავიანთ ნაცნობებს თურქეთში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
XS
SM
MD
LG