Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკა, მეზობლებთან შედარებით, უმნიშვნელოდ ვითარდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში, მისი უშუალო მეზობლებისაგან განსხვავებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შედარებით დაბალი პროცენტით იზრდება. ეს ტენდენცია სრულიად ლოგიკურია,

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში წარმოების განვითარებისათვის არცთუ ისე კეთილსაიმედო გარემო არსებობს.

მწირი სამრეწველო პოტენციალის, შემცირებული ინვესტიციებისა და თავისუფალი კაპიტალის დეფიციტის პირობებში, ქართული ეკონომიკა კუს ნაბიჯით ვითარდება. უფრო სწორად, კი არ ვითარდება, ინერციით განაგრძობს თვითდინებას.

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. მთლიანი შიდა პროდუქტი გამოიანგარიშება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მაჩვენებლებით და განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2002 წელს 3,5 პროცენტი იქნება, ხოლო 2003 წელს - 4 პროცენტი.
ამის შესახებ ნათქვამია სსფ-ს მიერ გამოქვეყნებულ 2002 და 2003 წლებში მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ახალ პროგნოზში. 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 7 მილიარდ 960 მილიონი ლარის დონეზეა დაგეგმილი.

საგულისხმოა, რომ 1996-98 წლებში, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ს მაჩვენებლით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყანა და, რეფორმების თვალსაზრისით, პერსპექტიული ქვეყანა გახლდათ. სხვათა შორის, ამ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები სარეკორდო მაჩვენებლად რჩება დღემდე. 1998 წლის შემდეგ ეკონომიკის სტაგნაციის პროცესი პერმანენტულ ხასიათს იძენს, უარესდება საინვესტიციო კლიმატი და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც სერიოზული პრობლემები ექმნება. ყოველივე ეს ადეკვატურად აისახა მშპ-ს მაჩვენებელზეც.

ეკონომიკური ზრდის თვასაზრისით ისეთი ქვეყნებისგან ჩამორჩენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორიც ჩინეთია, საქართველო თავის უშუალო მეზობლებსაც ვერ უწევს კონკურენციას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტის თანახმად, 2002 წელს სომხეთში მშპ-ს ზრდა 7,7 პროცენტზე დაფიქსირდება, ხოლო 2003 წელს ოდნავ მოიკლებს და 6 პროცენტი იქნება.
ანალოგიური მაჩვენებლები აზერბაიჯანისთვის, შესაბამისად, 7,9 და 7,3 პროცენტი იქნება.

ქართულ ეკონომიკას კი უახლოეს 2 წელიწადში, სავალუტო ფონდის ექსპერტთა გათვლებით, სერიოზული ზრდა ჯერ არ ”ემუქრება”.
XS
SM
MD
LG