Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუქი ისევ ჩაქრა, ამჯერად - კალათბურთზე


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დამოუკიდებელი ქართული სპორტი და მისი საკლუბო გუნდები,

აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, წარუმატებლად გამოდიან ევროპულ სარბიელზე და, როგორც წესი, ადრეული ეტაპიდან ეთიშებიან ასპარეზობას. მოგითხრობთ თბილისის ,,დინამოს” კალათბურთელთა ევროპულ სტარტზე, საკლუბო სპორტის პრობლემებსა და საფეხბურთო ამბებზე.

საქართველოში გასულ კვირას გამართულ შეჯიბრებათა შორის გამორჩეული ყურადღება მიიპყრო თბილისის დინამოსა და იუჟნის ,,ხიმიკის” კალათბურთელთა მატჩმა. ამის დასტურია გულშემატკივართა სიმრავლე და საინფორმაციო საშუალებების აქტიურობა. მიხეილ კეკელიძის სახელობის დარბაზში 3 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა, პრესა-ტელევიზიას კი საგაზეთო ფართობი თუ საეთერო დრო არ დაუშურებია და იქნებ იმაზე მეტიც მოინდომა, ვიდრე თავად მატჩი, თამაშის ხარისხითა და შედეგით, ამას იმსახურებდა. ეს იყო ფიბა-ევროპის რეგიონალური თასის სადებიუტო შეხვედრა: ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერი დამარცხდა უკრაინის ეროვნული ჩემპიონატის დებიუტანტთან, პროვინციული ქალაქის გუნდთან, რომელსაც საერთაშორისო მატჩების გასამართავად ერთი შესაფერისი საკალათბურთო დარბაზი არა აქვს და მეტოქეებს ოდესაში მასპინძლობს. ,,ხიმიკის” იუგოსლავიელი მწვრთნელი ზვეზდან მიტროვიჩი თბილისური შედეგით ფრიად კმაყოფილი და გაკვირვებული ჩანდა: არ მეგონა, ამდენს თუ შევძლებდით და ასეთი ტრადიციების გუნდს სტუმრად დავამარცხებდითო.
თბილისის ,,დინამოს” ძველი სახელისგან, სამწუხაროდ, თითქმის აღარაფერი დარჩა და დღევანდელი რესურსი სერიოზული ევროპული წარმატებისთვის კი არა, საქართველოს ჩემპიონატში გასამარჯვებლად არ ჰყოფნის. არადა, ბადრი პატარკაციშვილის სახით, კლუბს შეძლებული პატრონი გამოუჩნდა, ფინანსური პრობლემები ერთბაშად მოგვარდა, მწვრთნელებმა რამდენიმე უცხოელი კალათბურთელიც მოიწვიეს, მაგრამ ტრადიციის აღდგენას, ალბათ, კიდევ ბევრი დრო და შრომა დასჭირდება. აქამდელი სტატისტიკა დამაფიქრებელია: ,,დინამომ” ხუთივე ევროპული მატჩი წააგო, რეგიონალურ თასზე, მინიმუმ, სამი თამაში კიდევ უწევს, მაგრამ საკუთარ მოედანზე ,,ხიმიკთან” შერცხვენილმა გუნდმა, საეჭვოა, სტუმრად იმავე ,,ხიმიკს” და მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქეებს აჯობოს.
ევროპული ბარიერი მხოლოდ დინამოელთა პრობლემა არ არის – იგივე სჭირთ სხვა ქართულ საკალათბურთო კლუბებს, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში შედარებით წარმატებით გამოდიან, საერთაშორისო სარბიელზე კი უმწეონი ჩანან და ტურნირს, როგორც წესი, პირველივე ეტაპიდან ეთიშებიან. მეტიც: ანალოგიური ვითარებაა სპორტის სხვა სათამაშო სახეობებში. თუნდაც წლევანდელი საფეხბურთო სეზონი გავიხსენოთ, როცა ჩვენი გუნდები შემოდგომაზევე გამოაკლდნენ უეფას ტურნირებს და უკვე მერამდენედ გაგვიცრუეს იმედები. აშკარაა, რომ ქართული სპორტის საკლუბო პოტენციალი ძალზე მოკრძალებულია და ევროპულთან ახლოსაც ვერ მივა. ფეხბურთელთა, კალათბურთელთა თუ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატების სპორტული დონე საგანგაშოდ დაბალია, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუნდაც ამ თემაზე სადისკუსიოდ, დღეს ვერავინ იცლის და, მაშასადამე, ჩვენი საკლუბო სპორტი განწირულია შემდგომი ევროპული მარცხისათვის. დინამოელ კალათბურთელთა გუშინწინდელი თამაშიც იმასვე გვიდასტურებს. სხვათა შორის, იმ დღეს ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში დენი ორჯერ გამოირთო და თამაში 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამ მორიგ ელექტროინციდენტს დიდი ხმაური არ მოჰყოლია. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის 12 ოქტომბრის ჩაშლილ საფეხბურთო მატჩს, უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ამ დღეებში კონკრეტულ მიზეზებს და დამნაშავეებს დაასახელებს. გამომძიებლებს წერილით მიუმართავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და იმ მატჩის საორგანიზაციო ხარჯების ნუსხა მოუთხოვიათ. ფედერაციის გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია დარწმუნებულია, რომ როცა ბრალეულთა ვინაობა გაირკვევა, მათვე დაეკისრებათ ფედერაციის ფინანსური ზარალის ანაზღაურება.
(ვალერი ჩოლარიას ხმა) ,,12 ოქტომბრის მატჩის მომზადება, მთლიანობაში, ფეხბურთის ფედერაციას 200 ათასი ლარი დაუჯდა. ახლა იგივე თანხაა გადასახდელი, რადგანაც იგივე ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ და ამას დაემატება რუსეთის დელეგაციის მიღება თბილისში.ეს დაახლოებით 50 ათასი დოლარი იქნება”.
გადადებული მატჩი, მხარეთა მოლაპარაკების თანახმად, გაისად, 30 აპრილს, საქართველოში გაიმართება, ამ მოლაპარაკებას უეფაც დაეთანხმა და თავისი გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით დაადასტურა, თან თხოვნაც მოაყოლა: რაც მოხდა, გაპატიებთ, ოღონდ ძველი შეცდომები გაითვალისწინეთ და რუსებსაც და დანარჩენებსაც წესისამებრ უმასპინძლეთო. ქართული მხარე ვალდებულია უეფას და რუსეთის ნაკრებს თამაშამდე ორი თვით ადრე დაუსახელოს მასპინძელი ქალაქი და სტადიონი. ვალერი ჩოლარიას თქმით, ქალაქი უკვე გარკვეულია, სტადიონის ამბავი კი მოგვიანებით გადაწყდება.
(ვალერი ჩოლარიას ხმა) ,,ჩვენ დიდი არჩევანი არა გვაქვს, შეიძლება ახლავე ითქვას, რომ თამაში ჩატარდება თბილისში, მაგრამ რომელ სტადიონზე? – ან იქნება ეროვნული სტადიონი ან ,,ლოკომოტივის” სტადიონი. გააჩნია, გამოკვლევა როგორ დასრულდება, რა მზადყოფნაში იქნება ,,ლოკომოტივის” სტადიონი”.
ფედერაცია, ბუნებრივია, თავს იზღვევს და, თუ სრული გარანტია ექნება, ალბათ, არჩევანს ისევ ,,ლოკომოტივის” სტადიონზე შეაჩერებს. რაც შეეხება პოლიციურ გარანტიებს, აქ ყველაფერი რიგზეა: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტრადიციულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ სტადიონზე სრული წესრიგი იქნება. რუსებთან მატჩამდე ფეხბურთის ფედერაცია წესრიგის დამყარებას საკანონმდებლო სფეროშიც აპირებს და მომავალ რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის ახალი წესდების მიღებას გეგმავს.
(ვალერი ჩოლარიას ხმა) ,,ჩვენ ვეცდებით, რომ ყველაფერი მივიყვანოთ იმკომპრომისზე, რომ დაცული იყოს ჩვენი კანონმდებლობა, ფიფას მოთხოვნა და ის ტრადიციები, რომელიც აქვს ქართულ ფეხბურთს”.
XS
SM
MD
LG