Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი საიმპიჩმენტო პროცედურის დასაწყებად ემზადება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, ამ კვირაში მოვლენები პარლამენტში დრამატულად წარიმართება. ერთი მხრივ, ფრაქციათა ჯგუფი სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას გეგმავს,

მეორე მხრივ, გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში დადგეს იმ პარლამენტართა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, ვინც თბილისის საკრებულოს წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევნებში. ყოველ შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის – ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რომ აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში, ფაქტია.


როგორც გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილს ამ მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუწყვიტა უფლებამოსილება, როცა იგი, პრეზიდენტის წარდგინებით, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დროში რატომღაც იმდენად გაიწელა, რომ იუსტიციის მინისტრის რანგში მიხეილ სააკაშვილი, აშკარად, არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, როცა მინისტრობასა და დეპუტატობას უთავსებდა ერთმანეთს.
ამჯერად, საეჭვოა, პარლამენტის “დაინტერესებულმა” ნაწილმა სასწრაფოდ დააყენოს მიხეილ სააკაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. და, აი, რატომ: დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისას პარლამენტის დადგენილებაში აუცილებლად უნდა ეწეროს, თუ რატომ უწყდება მას უფლებამოსილება. ბუნებრივია, სააკაშვილის შემთხვევაში, დადგენილებაში უნდა ჩაიწეროს, რომ მას უფლებამოსილება უწყდება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის გამო. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას მხარს დაუჭერს, თავისდაუნებურად დაადასტურებს, რომ ორშაბათს თბილისის საკრებულოს არჩევნები სამართლიანად მიაჩნია. პარლამენტის ფრაქციათა დიდი ნაწილი კი– “ახალი მემარჯვენეები”, “სოციალისტები”, “მრეწველები”, “ოცდამეერთე საუკუნე” –ფიქრობს, რომ არჩევნები უსამართლოდ წარიმართა. არადა, ჯერ კიდევ ორშაბათს დილით ფრაქცია აღორძინების წევრი სანდრო ბრეგაძე არ გამორიცხავდა, ბლოკ “აღორძინებაში” შემავალი რამდენიმე ფრაქცია –თავად “აღორძინება”, “ერთიანი საქართველო” და “ ოცდამეერთე საუკუნე” – შეერთებოდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებულ წინასაიმპიჩმენტო დოკუმენტს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესს” განუცხადა სანდრო ბრეგაძემ, “აღორძინებისთვის” პრეზიდენტის სახელმწიფო მართვის სათავიდან მოშორებაა მთავარი და “ვისი ხელით გაკეთდება ეს, მნიშვნელობა არა აქვს.”
პრეზიდენტი შევარდნაძე არასერიოზულს უწოდებს პარლამენტში დაწყებულ დისკუსიებს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის შესაძლებლობის შესახებ. ორშაბათს ტრადიციულ ბრიფინგზე მან განაცხადა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს. არც პერსპექტივა არსებობს იმპიჩმენტისა – სახელმწიფო მინისტრი მყავს, პირველ რიგში, მხედველობაში. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ განხორციელდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი.”

მისივე შენიშვნით, სასურველია, პარლამენტარები უკეთ იცნობდნენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG