Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის არჩევნები შეერთებულ შტატებში


სამშაბათს ამერიკელები კონგრესის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და გადაწყვეტენ, ორი ძირითადი პარტიიდან რომელი გააკონტროლებს ქვეყნის საკანონმდებლო სფეროს.

ეს, თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდენს იმ ორწლიან ვადაზე, რაც დარჩა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს თავის თანამდებობაზე პრეზიდენტობის პირველ პერიოდში.

თავისი სტრატეგიული გეგმების განსახორციელებლად პრეზიდენტს კონგრესის მხარდაჭერა ესაჭიროება. დღეისთვის სენატს დემოკრატები აკონტროლებენ მცირე უმრავლესობით. დემოკრატებმა ერთი ადგილიც რომ დაუთმონ რესპუბლიკელებს, ისინი უმრავლესობას დაკარგავენ.

წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ – აგრეთვე მცირე უმრავლესობით. დემოკრატებმა ექვსი ადგილით მეტი რომ მოიპოვონ, ისინი წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებენ.

ამერიკელთა წინაშე მთელი რიგი ეროვნული მნიშვნელობის პრობლემა დგას არჩევნების პერიოდში. მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ერაყთან შესაძლო ომი, ეკონომიკის მდგომარეობა. მაგრამ ანალიტიკოსების თანახმად, წელს ამომრჩეველთა ყურადღება უფრო ადგილობრივი და რეგიონული პრობლემებისკენ არის მიპყრობილი. ამასთან, ამერიკელები ტრადიციულად კანდიდატთა პირად თვისებებს უფრო უწევენ ანგარიშს, ვიდრე მათ პოზიციას.

ასეთ ვითარებაში ძალზე ძნელია არჩევნების შედეგების წიდნასწარმეტყველება. თუმცა ერთი რამის თქმა მაინც შეიძლება: წარმომადგენელთა პალატაში ცვლილება უფრო დიდ გავლენას მოახდენს ამერიკის პოლიტიკაზე, ვიდრე ცვლილება სენატრი, ვინაიდან წარმომადგენელთა პალატა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ხარჯოს მთავრობამ საელმწიფო ფინანსები. ეს კი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორია.

[ფრენცელის ხმა] "კონსტიტუციის თანახმად, ფულთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტის წარმოდგენა წარმომადგენელთა პალატის მოვალეობაა. პრეზიდენტმა საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებული მრავალი იდეის განხორციელება შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა მხარდამჭერმა წარმომადგენელთა პალატამ წარმოადგინა კანონპროექტები. ისინი რომ სენატს წარმოედგინა, შეიძლება მათ დღის სინათლე არასოდეს ენახა", განუცხადა ჩვენს რადიოს ყოფილმა კონგრესმენმა ბილ ფრენცელმა.

ფრენცელის თქმით, თუკი დემოკრატები გააკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატასაც და სენატსაც, მაშინ ისინი ალბათ შეძლებენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ბუშს მისი გეგმების განხორციელებაში, მაგალითად, ფედერალური გადასახადების შემცირებაში.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ასეთ შემთხვევაში ბუში იძულებული გახდება, მთელი ყურადღება საშინაოდან საგარეო პოლიტიკისკენ მიმართოს. მეორე მხრივ, თუკი რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატის კონტროლს და სენატსაც დაეპატრონებიან, ბუში მოიპოვებს მისთვის სასურველ მანდატს. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, სენატში მხოლოდ აბსოლუტური უმრავლესობა მისცემს მას ასეთ თავისუფლებას. სხვაგვარად რესპუბლიკელები ვერას გახდებიან ე.წ. ”ფლიბუსტიერების” წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ სენატორს უფლება აქვს იმდენ ხანს ილაპარაკოს, რამდენ ხანსაც სურს. ოპოზიციას შეუძლია ამა თუ იმ კანონპროექტის მიღება შეაფერხოს დაუსრულებელი გამოსვლებით. ფლიბუსტიერის გაჩერების ერთადერთი გზაა კენჭისყრა დებატების შეწყვეტის შესახებ. ამას კი ხმების სულ ცოტა 60 პროცენტი სჭირდება.

ასე რომ, საეჭვოა, ბუშმა სრული გამარჯვება მოიპოვოს, ვინაიდან სენატში აბსოლუტური უმრავლესობის მიღებას იგი ალბათ ვერ შეძლებს. მაგრამ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს მისთვის არც არის ცუდი. ამერიკის პოლიტიკაში ყოველთვის სასარგებლოა ვინმეს ყოლა, ვისთვისაც წარუმატებლობის გადაბრალება არის შესაძლებელი. ეს როლი კი ბუშისთვის სენატმა შეიძლება ითამაშოს.
XS
SM
MD
LG