Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუბერკულოზის სიტუაცია საქართველოში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის "ათასწლეულთა მიჯნაზე"

ბოლო ორი გადაცემა საქართველოს, კერძოდ, მის პენიტენციარულ და საავადმყოფოთა სისტემებში გარდაქმნას მივუძღვენით. დღევანდელ გადაცემაში მოგითხრობთ, რა მდგომარეობაა ტუბერკულოზთან ბრძოლის საქმეში.

ტუბერკულოზი დიდხანს დამარცხებულ სენად ითვლებოდა. მაგრამ ამ მუხთალმა ავადმყოფობამ დაბრუნება მოახერხა. მის გავრცელებას განსაკუთრებით უწყობს ხელს სოციალური პირობების დეგრადაცია, ეთნიკური კონფლიქტები და უკონტროლო მიგრაცია – ყველა ის ფაქტორი, რამაც აღმოსავლეთ ბლოკში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იჩინა თავი. დღეს მსოფლიოში ტუბერკულოზისგან ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი კვდება, უმთავრესად აფრიკაში, აზიასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში.

საქართველოში 1990-იანი წლების შუაში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე ტუბერკულოზით დაავადების 200 შემთხვევა მოდიოდა. ორი სეპარატისტული კონფლიქტი, სამოქალაქო ომი, გაუკონტროლებელი მიგრაციული პროცესები, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტი, განუწვეტელი ეკონომიკური სიდუხჭირე – ამით დაიწყო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაწყნარდა არეულ-დარეულობა, შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ მიეპყრო ყურადღება ტუბერკულოზის პრობლემისთვის. ჯერ იყო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო თბილისში, გორსა და რუსთავში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე პროექტის განხორციელება.

შემდეგ გერმანიის მთავრობამ მიაწოდა საქართველოს ტუბერკულოზის შეჩერებისა და რესპუბლიკის მოსახლეობის ყველაზე სუსტი ნაწილის ტესტირების სახელმწიფო პროგრამის გატარებისთვის აუცილებელი ანტიბიოტიკები, მიკროსკოპები და სხვა აღჭურვილობა. ეს პროგრამა, რომელიც შვიდ წელიწადს ითვლის, ახლა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გამოკლებით.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოთქვამენ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჟან-კრიტსოფ პეკი ესაუბრა ტუბერკულოზის საქართველოს სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორს გიორგი ხეჩინაშვილს:
[ხეჩინაშვილის ხმა] "პროგრამის დაწყების პირველ წელს, 1996 წელს ქვეყანაში ტუბერკულოზის 8 481 შემთხვევა იყო აღრიცხული.
ეს კატასტროფული მაჩვენებელია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული.
შარშან კი 5 594 შემთხვევა აღვრიცხეთ, პენიტენციური სისტემის ჩათვლით.
მართალია, ეს პროგრესია, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან მაინც შემაშფოთებელია."

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც წააწყდნენ საქართველოს ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები, არის ე.წ "მულტირეზისტენციული ტუბერკულოზი", ანუ ისეთი, რომელიც არ იკურნება ჩვეულებრივი მეთოდებითა და ანტიბიოტიკებით. ეს ფორმა ვითარდება მაშინ, როცა წამალს არასწორად ხმარობენ, შუაგზაში წყვეტენ მკურნალობას ან სამედიცინო მეთვალყურეობა მოიკოჭლებს. ტუბერკულოზის ეს ფორმა იკურნება ე.წ "მეორე რიგის წამლებით", რაც გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ძირითადი ანტიბიოტიკები და, ამგვარად, გაღატაკებული საქართველოსთვის ძნელად ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგრიშით, ტუბერკულოზის სტანდარტული შვიდთვიანი მკურენალობა ერთ სულზე 20 დოლარი ჯდება, "მეორე რიგის წამლებით" კი რამდენიმე ასეული დოლარი და თანაც მკურნალობა თითქმის ორ წელს გრძელდება.

ასეთი ტიპის ტუბერკულოზი განსაკუთრებით პატიმრებს შორის არის გავრცელებული. სტატისტიკური მონაცემებით, ჭლექიან პატიმრებს შორის ყოველი მეოთხე ტუბერკლოზის ამ ფორმით არის ავად.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო რვა წლის განმავლობაში სწავლობს ამ პრობლემას: მისი ინიციატივით ოთხი წლის წინათ ქსნის პენიტენციურ ბანაკში ტუბერკულოზის კლინიკა დაარსდა.

წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან შარაშიძე ამბობს, რომ ამჟამად პატიმრებს შორის ტუბერკულოზის გავრცელების ტემპი დაახლოებით 6 პროცენტია.

[შარაშიძის ხმა] "დღეისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ შევძელით ამ პროცენტის მკვეთრად შემცირება, ნაადრევია. შევძელით მისი შეჩერება. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემია შეჩერებულია."

ევროპის საბჭო და გაერო უკვე დიდი ხანია მოითხოვენ საქართველოსგან საპატიმროებში პირობების გაუმჯობესებას. ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", ამბობს, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები არ გადაჰყავთ ქსნის ე.წ. "ტუბერკულოზის კოლონიაში", სადაც ცხოვრების პირობები, ცოტად თუ ბევრად ნორმალურია. იქ გადაჰყავთ მხოლოდ ის პატიმრები, რომლებსაც ტუბერკულოზის ღია ფორმა აქვთ. ისე, რომ კაკაბაძის თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივაა მოგვარებული.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა ტუბერკულოზის ღია ფორმის მქონე განთავისუფლებული პატიმრები. მათი გაკონტროლება ძნელია. ხეჩინაშვილის სიტყვით, თვალყურის დევნება ხერხდება მხოლოდ 35-40 პროცენტზე. დანარჩენები უბრალოდ ქრებიან ჯანდაცვის უწყების თვალთახედვიდან. შედეგად, ხშირია შემთხვევები, როცა ეს თვალსმიფარებული დაავადებულები წყვეტენ მკურნალობას, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტუბერკულოზის ისეთი ფორმის აღმოცენებას უწყობს ხელს, რომელიც კონვენციური მეთოდებით არ იკურნება.

გარდა საკუთარი წყაროებისა, დაავადება საქართველში შემოდის მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, სადაც ცნობებით, 75 ათასი პატიმარია ტუბერკულოზით დაავადებული.

ხეჩინაშვილი იხსენებს, რომ შარშან თბილისის ტუბერკულოზის ცენტრში სამკურნალოდ 70 პაციენტი შევიდა. აქედან ნახევარზე მეტი – 36 ადამიანი – იყო საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც რუსეთისა და უკრაინის ციხეებში მოიხადეს ვადა.

ამის გამო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ზომების მიღება სრულიად კავკასიის მასშტაბებით. 1997 წლიდან მოყოლებული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რეგულარულად ატარებენ სემინარებს. გარდა ამისა, საქართველო საკოორდინაციო საქმიანობას ეწევა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში – რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, რუმინეთში, მოლდავეთსა და თურქეთში.

მაგრამ საქართველოს ჯანდაცვის უწყებისთვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ადგილზე მკურნალობა, სამედიცინო პერსონალის წვრთნა და საინფორმაციო კამპანია.

"მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა არ უნდა შეჩერდეს, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ტუბერკულოზი არ გაქრება მსოფლიოში", თქვა ხეჩინაშვილმა.
XS
SM
MD
LG