Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული თალიბანის დამხობიდან ერთი წლის შემდეგ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თალიბანის დამხობიდან ერთი წლის თავზე ქაბულის ქუჩებში სახეშეუბურავ ქალებს შეხვდებით. ისმის მუსიკა, ცაში ფრანები ფრიალებს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გრანტ პოდელკო ესაუბრა

ქაბულში რამდენიმე ადამიანს – ისინი სიხარულს გამოხატავენ ფუნდამენტალისტური რეჟიმის დამხობის გამო. მაგრამ ზოგიერთი ქალი ჯერ კიდევ ვერ ბედავს ტრადიციული ავღანური სამოსელის – ბურკას – გახდას.

ველოსიპედების შემკეთებლის ღულამ ჰაზრატის სახელოსნო ქაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოლიმპიური სტადიონის შესასვლელთან მდებარეობს.

დღეს სტადიონი ისევ სპორტსმენებს ეკუთვნით. შარშანდლამდე კი, ხუთი წლის განმავლობაში ისლამის რადიკალური ინტერპრეტაციის მომხრე თალიბანი სტადიონს პარასკეობით საჯარო სასჯელებისთვის იყენებდა. ზოგს ხვრეტდნენ, ზოგს ახრჩობდნენ. ფეხბურთის კარი სახრჩობელად გამოიყენებოდა. ქურდებს ხელებს ჰკვეთდნენ. ნაკლებად დამნაშავეებს – ამათრახებდნენ.

13 ნოემბერს – თალიბანის მარწუხებიდან ქაბულის განთავისუფლების პირველ წლისთავზე, ჰაზრატი იხსენებს იმ სიხარულს, რომელმაც ის შეიპყრო, როცა გაიგო, რომ შეერთებული შტატების ლიდერობით წარმოებული კამპანია წარმატებით დამთავრდა და დედაქალაქში "ჩრდილოეთის ალიანსის" ძალები შევიდა.

[ჰაზრატის ხმა] "ვერ წარმოიდგენთ, როგორი დღე იყო! ავღანელები და, განსაკუთრებით, ქაბულელები, თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ციხიდან გამოსულიყვნენ. ყველა ბედნიერი იყო – ბავშვებიც, ახალგაზრლებიც, ქალებიც. თალიბანის მმართველობის ქვეშ თავი ციხეში გვეგონა, მაგრამ, საბედნიეროდ, ღმერთმა არ ისურვა მათი ბოროტების გაგრძელება, მათი სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა."

55 წლის ჰაჯი აბდულაჰმადი გვიამობოს, რომ ის და მისი ოჯახი თალიბანს პაკისტანში გაექცნენ, მაგრამ როგორც კი თალიბანის რეჟიმი დაემხო, შინ დაბრუნდნენ.

62 წლის მხატვარი გულმირი 2001 წლის 13 ნოემბერს ისხენებს, როგორც განთავისუფლების დღეს. თალიბანი უმიზეზოდ ჰკლავდა და სდევნიდა ხალხს. როცა ისინი წავიდნენ ჩვენს ქვეყანაში სიხარული მოვიდაო ", ამბობს ის.

55 წლის შამსიაფაზლი ტრანსპორტის სამინისტროში მუშაობს. ის მოხარულია, რომ თავიდან ფეხებამდე შემოსილი აღარ უნდა იყოს და რომ მუშაობის საშუალება მიეცა. ის იხსენებს, რომ თალიბანის დროს ქალებს, ვისაც ქვეყანაში ორი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომებსა და კონფლიქტებში ქმრები დაეღუპა, არ ჰქონდათ მუშაობისა და ოჯახის შენახვის უფლება. ხშირად ისნი იძულებული იყვნენ ბავშვები სამუშაოდ ან სამათხოვროდ გაეგზავნათ ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად.

25 წლის ასმა ამბობს, რომ თალიბანის წასვლით ქალები და გოგონები სკოლას და სამუშაოს დაუბრუნდნენ. თუმცა ასმა ბურკას არ იხდის. ჯერ ერთი, შეეჩვია მის ტარებას, მეორეც, ახალი მთავრობის განმტკიცებასა და, შედეგად, მეტ უსაფრთხოებას ელოდება.

26 წლის მირჰაიდარი ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცია. მისი უნიფორმა თავისთავად არის იმის დამატკიცებელი ნიშანი, რომ ქაბულში ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ერთი წლის წინ ავღანეთის ეროვნული არმია არ არსებობდა.
XS
SM
MD
LG