Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი უარესდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი, გასულ წელთან შედარებით, კიდევ უფრო დეფიციტური გახდა. საგულისხმოა, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო საერთო სავაჭრო ბრუნვის კლების პირობებში ხდება.



საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი, ანუ იმპორტის სიჭარბე ექსპორტზე, ბოლო წლებში სამწუხარო ტრადიციად გვექცა. ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი კვლავინდებურად ძალიან მწირია და, ფაქტობრივად, შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება იმპორტის ხარჯზე ხდება. ამას ემატება ბუნებრივი რესურსების სიმცირე და ენერგოშემცველებზე მუდმივი დეფიციტი, რაც უარყოფით სავაჭრო სალდოს განუხრელად ზრდის.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, მიმდინარე წლის განვლილ 9 თვეში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 283 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2001 წლის მაჩვენებელზე 15 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარით მეტია.
სპეციალისტების განმარტებით, უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის მატება იმპორტის 0,1 პროცენტიანი მატების პირობებში და ექსპორტის 5,9 პროცენტიანი კლების ხარჯზე მოხდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე 764 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2001 წლის მაჩვენებლის 98,1 პროცენტია. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ საგადამხდელო დეფიციტი საერთო სავაჭრო ბრუნვის კლების პირობებშიც კი იზრდება.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ექსპორტმა განვლილ 9 თვეში შეადგინა 240 მილიონ 200 ათას აშშ დოლარი.
საქართველოს 86 ქვეყანასთან ჰქონდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომლის ჯამურმა თანხამ 321 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად 84 ქვეყნისა და 289 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარისა 2001 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველოს მიმდინარე წლის 9 თვეში 39 ქვეყანასთან ჰქონდა დადებითი სავაჭრო ბალანსი - 37 მილიონ 900 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად 29 ქვეყნისა 2001 წელში, რომლებთანაც დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 21 მილიონ 600 აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ს ქვეყნებთან 323 მილიონ 400 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2001 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6,7 პროცენტით აღემატება. ამასთან, წელს ექსპორტმა ამ ქვეყნებში 117 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 206 მილიონი აშშ დოლარი.
XS
SM
MD
LG