Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაესწრება თუ არა ლუკაშენკო ნატოს სამიტს პრაღაში?


ანდრო ეული, პრაღა აშშ წინააღმდეგია ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მონაწილეობისა ნატოს სამიტში, რომელიც 21- 22 ნოემბერს პრაღაში გაიმართება.

ჩეხეთის მთავრობას ჯერაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მისცეს თუ არა ქვეყანაში შესასვლელი ვიზა ბელორუსიის პრეზიდენტს. ამასობაში, მინსკი "სერიოზული შედეგებით" იმუქრება, თუ ლუკაშენკოს ნატოს სამიტზე დასწრების შესაძლებლობას არ მისცემენ.

ლუკაშენკოს სურს ნატოს სამიტზე დასწრება, ვინაიდან ბელორუსია წევრია ეგრეთ წოდებული ევრო-ატლანტიკური მშვიდობის საბჭოსი, რომელიც აერთიანებს 46 სახელმწიფოს – ნატოს 19 წევრსა და კიდევ 26 ქვეყანას, რომლებიც მონაწილეობენ ნატოს პროგრამაში "პარტნიორობა მშვიდობისათვის".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში რობერტ ბრადკემ, ჩეხ ჟურნალისტებთან სამშაბათს მოწყობილი ტელეკონფერენციის დროს განაცხადა, რომ აშშ წინააღმდეგია პრაღის სამიტში ლუკაშენკოს მონაწილეობისა: [რობერტ ბრადკეს ხმა] "არ ვაპირებ ჩეხეთის მთავრობას ვუკარნახო, გასცეს თუ არა ვიზა. ეს ჩეხეთის მთავრობის გადასაწყვეტია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მიგვაჩნია, რომ ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ფორუმს ბატონი ლუკაშენკო არ უნდა დაესწროს."

ბრადკემ განაცხადა აგრეთვე, რომ აშშ-ის აზრით, ბელორუსიის მთავრობა არ იცავს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს პრინციპებს და ამ ქვეყანაში ირღვევა დემოკრატიული უფლებები. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ლუკაშენკო ნატოს გაფართოების კატეგორიული წინააღმდეგია. მოელიან, რომ პრაღის სამიტზე 9 კანდიდატი ქვეყნიდან შვიდი ოფიციალურ მიწვევას მიიღებს ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დასაწყებად.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კარელ ბორუვკამ ამ თვის დასაწყისში მიანიშნა, რომ ვიზა, შესაძლოა, მხოლოდ ლუკაშენკოს მისცენ, ხოლო მისი დელეგაციის წევრებს უარი უთხრან. ახლა იგივე ბორუვკა ამბობს, რომ ჩეხეთის საკონსულო ცალ-ცალკე განიხილავს ბელორუსიის დელეგაციის წევრთა თითოეულ განაცხადს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ბორუვკამ განაცხადა აგრეთვე, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება, როგორც ჩანს, უარს ეტყვის ბელორუსიის დელეგაციას ვიზების მიცემაზე და თან დასძინა, რომ ბელორუსიის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნატოს ლიდერებმა ბრიუსელში ასეთივე პოზიცია დაიკავეს ნატოს სამიტში ბელორუსიის შესაძლო მონაწილეობის საკითხში.

ორშაბათს ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაილ ხვოსტოვმა თავისთან იხმო ჩეხეთის საქმეთა რწმუნებული მინსკში ალეშ ფოიტიკი და გადასცა საპროტესტო ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელორუსიის დელეგაციისთვის ვიზის მიცემაზე უარის თქმა ძირს გამოუთხრის ორმხრივ ურთიერთობას და იქნება საერთაშორისო კანონის დარღვევა, რასაც "მეტად სერიოზული შედეგები" მოჰყვება.

ხოლო ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეს-მდივანმა ნატალია პეტკევიჩმა განაცხადა, რომ ბელორუსიის დელეგაციისათვის ვიზების გაცემის გარშემო ატეხილი აურზაური "შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია" ბელორუსი ხალხისთვის.

კარელ ბორუვკამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩეხეთის მთავრობა ჰგმობს პრეზიდენტ ლუკაშენკოს ავტორიტარულ მმართველობას.

ჩეხეთის რესპუბლიკა და ნატო შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ პრაღის სამიტს, შესაძლოა, დაესწროს უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმაც. ეს შეშფოთება იმით არის გამოწვეული, რომ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევმა "კოლჩუგას" სახელით ცნობილი საჰაერო დაცვის რადარული სისტემა მიჰყიდა ერაყს, რითაც გაეროს სანქციები დაარღვია. ამასობაში ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბრიუსელში განაცხადეს, რომ თუ კუჩმა და ლუკაშენკო პრაღაში ჩამოვლენ, "სამიტზე ბევრი სკამი ცარიელი დარჩება, ვინაიდან ნატოს ლიდერები არ მოისურვებენ ამ ორ პრეზიდენტთან ერთ მაგიდასთან დაჯდომას."
XS
SM
MD
LG