Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა აქტიურად გამოეხმაურა დედაქალაქის მერიაში კვირის მიწურულს მომხდარ მნიშვნელოვან


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ქართული პრესა აქტიურად გამოეხმაურა დედაქალაქის მერიაში კვირის მიწურულს მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს. 16 ნოემბრის გაზეთი “24 საათი” აღნიშნავს, რომ თანამდებობა ერთდროულად

მერიის 26-მა ჩინოვნიკმა დატოვა. გაზეთის თქმით, “ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. საკრებულოს მუშაობის პირველივე დღემ სერიოზული პრობლემები გაუჩინა მერიას და ქალაქის ხარჯზე გამდიდრებულ ჩინოვნიკებს ტკბილი ძილი დაუფრთხო.

საკრებულოს სხდომა გუშინ საკმაოდ ქაოტური და არაორგანიზებული იყო. მიუხედავად ამისა, მთავრობის მთელი შემადგენლობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება და ამის რეალურად განხორციელება ოპოზიციის სერიოზულ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა რამდენი ხანი გაგრძელდება მერიაზე საკრებულოს ტრიუმფი, ამის პროგნოზირება საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საკრებულოს წევრების ერთსულოვნებასა და თანამშრომლობას სიმყიფე უკვე გუშინვე ეტყობოდა.

კომენტარი, რომელსაც გუშინ მერიის ნებაყოფლობით გადამდგარი თუ უნდობლობაგამოცხადებული ჩინოვნიკები აკეთებდნენ, ასეთი გახლდათ: ეს იყო დადგმული სანახაობა”.

შემდეგ გაზეთი შენიშნავს: “გუშინ საკრებულოს კულუარებში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ზოდელავამ რამდენიმე კაცის გადაბირება უკვე მოახერხა. ქალაქის მერი და პრემიერი აქტიურად რომ მუშაობდნენ საკრებულოს წევრებთან, ამის აშკარა დემონსტრირება მაშინ მოხდა, როცა ქალაქის პრემიერის გია შერაძის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 22-ზე მეტმა დეპუტატმა არ დაუჭირა, რაც საკუთარ ძალებში დარწმუნებული საკრებულოს თავმჯდომარისთვის საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს.
გუშინ ძალიან აქტუალური იყო კითხვა – რატომ გადადგა ნებაყოფლობით ქალაქის სამსახურის უფროსების უმრავლესობა? სააკაშვილის შიშით თუ სხვა მიზეზის გამო? ბევრი ლაპარაკობდა იმის თაობაზეც, რომ თანამდებობიდან ნებაყოფლობით წასვლის იდეა თავისი გუნდის წევრებს თავად ვანო ზოდელავამ მიაწოდა. ლოგიკა მარტივია: თანამდებობიდან თავისი ნებით წასულ ჩინოვნიკებს ზოდელავა ხელახლა წარადგენს დასამტკიცებლად და ფორმალურად გასამართლებელი არგუმენტიც ექნება, რადგან მათთვის უნდობლობა საკრებულოს არ გამოუცხადებია (ამის საშუალება საკრებულოს, უბრალოდ, არ მიეცა).

ასე რომ, ქალაქის მერმა მანევრირების საშუალება და იმის შანსი დაიტოვა, რომ მთავრობამ მისთვის მისაღები გუნდი თანამდებობებზე ისევ აღადგინოს”.

“24 საათის” აზრით, ბუნებრივია, დიდია იმის შანსი, რომ ზოდელავამ საკუთარი გეგმის განხორციელება ვერ შეძლოს. ამასთან ერთად, გაზეთი წერს, რომ “ოპოზიციას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს – იმ სიტუაციაში, როცა ხელისუფლებამ ყველაფრის მონოპოლიზება შეძლო, საკრებულო, შეიძლება, ერთადერთი ოაზისი გახდეს – ადგილი, სადაც რაღაც რეალურად კეთდება და რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლებისა და მისი მმართველობის სტილის რეალურ ალტერნატივად იქცეს”.

“24 საათის” თქმით, “თუ ეს ასე არ მოხდა, გუშინ საკრებულოში განვითარებული მოვლენები მართლაც დაემსგავსება სპეციალურად დადგმულ სანახაობას და ამ სანახაობით ყველაზე მეტად ხელისუფლება გაერთობა”.

16 ნოემბრის გაზეთი “რეზონანსი” აღნიშნავს, რომ “საბოლოოდ ქალაქის საკრებულოს 45-კაციანმა შემადგენლობამ 34 ხმით 10-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის წინაშე ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დასვა. გაზეთის თქმით, “ახლა ბოლო სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის, მაგრამ ბევრი თვლის, რომ შევარდნაძე ზოდელავას არ გაწირავს. საკმაოდ თვითდაჯერებული გახლდათ ზოდელავაც, რომელსაც მერიის შენობასთან მრავალშვილიანი დედები პლაკატებით ხელში მხარს უმაგრებდნენ”.

16 ნოემბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს, რომ “თბილისის მთავრობა ჩვენი ნაჟამარი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ბურჯია - ფინანსურიც და პოლიტიკურიც”. გაზეთის აზრით, “ამ ბურჯის გამოცლა ყოველგვარი ტროტილის აფეთქებაზე მეტად შეარყევს შევარდნაძის სისტემას. სააკაშვილმა და ნათელაშვილმა ცხრიანში გაარტყეს, როცა თბილისის საკრებულოს სადავეები ერთობლივად აიღეს ხელში”.

16 ნოემბრის “მთავარი გაზეთის” თქმით კი,”იმაში, რომ დედაქალაქში ბევრი რამ რიგზე ვერ არის, არავინ არავის ედავება. თუმცა, ალბათ, იმაზეც კარგად უნდა დავფიქრდეთ – რამდენად სასიკეთო შედეგს გამოიღებს რევოლუციური გარდაქმნები”.

ამ კვირაში ქართულმა პრესამ არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პრობლემატიკას, რაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჟან-მარი გიენოს საქართველოში ვიზიტს დაუკავშირდა. 15 ნოემბრის გაზეთი
“ახალი ეპოქა” წერს, რომ “გაეროს გენმდივნის მოადგილე თბილისში ყოფნისას საქართველოში გაეროს ყოფილი სპეცწარმომადგენლის, დიტერ ბოდენის, იმ დოკუმენტზე ალაპარაკდა, რომელიც ფართო საზოგადოებრიობისთვის რატომღაც გაუხმაურებელი რჩება და ერთგვარად გასაიდუმლოებულიც არის. გიენოს ეს არც თბილისსა და არც სოხუმში მოუწონეს”.

გაზეთის თქმით, “საქართველოს ხელისუფლებაში ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა ბოდენის გეგმის მეორე მუხლი, სადაც წერია: “აფხაზეთი წარმოადგენს სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებულ სუვერენულ წარმონაქმნს საქართველოს სახელმწიფოს შიგნით”, ანუ სახელმწიფოში ორი სუვერენული წარმონაქმნია?
სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩასულ გიენოსთან ბოდენის გეგმაზე საუბარი არც ერთმა სეპარატისტმა ჩინოვნიკმა არ ისურვა და აი, რატომ: პირველსავე მუხლში აღნიშნულია: “საქართველო წარმოადგენს სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებულ სუვერენულ სახელმწიფოს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრები დამტკიცებულია 1991 წლის 21 დეკემბერს და შეცვლას არ ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარეშე”. ანუ, ბოდენის დოკუმენტით, აფხაზეთი ისევ საქართველოს შემადგენლობაში რჩება, რადგან 1991 წელს აფხაზეთში ჯერ კიდევ ქართული იურისდიქცია ვრცელდებოდა. მიხედავად იმისა, რომ ბოდენის დოკუმენტი სეპარატისტებს სხვა დაუმსახურებელ შეღავათებსაც ანიჭებს, აფხაზებს ამაზე საუბარი მაინც არ სურთ”.

15 ნოემბრის “დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ 19 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხს, კონკრეტულად, ე.წ. ბოდენის დოკუმენტს მიუბრუნდება.

გაზეთის თქმით, “საგულისხმო კი “ბოდენის გეგმის” ისტორიაში ის არის, რომ მისი ერთი წლის თავზეც კი ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მათ ის ოფიციალურად ჯერაც არ მიუღიათ და მას მხოლოდ აფხაზური პრესის წყალობით იცნობენ. დოკუმენტი ქართული მხარისთვის თავიდანვე გაასაიდუმლოეს, ახლა კი იმაზეც ლაპარაკობენ, რომ მას თითქოს “რიბენტროპ-მოლოტოვის” ოქმის მაგვარი ოქმიც კი ახლავს, ანუ აფხაზეთის ბედი თითქმის გადაწყვეტილია …

აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, “ბოდენის გეგმას” საფუძვლიანად რომ ვიცნობდეთ, შესაძლოა, მის განხილვაზე უარი აფხაზებს კი არა, სულაც ჩვენ გვეთქვა. “ბოდენის გეგმაში” “სუვერენული აფხაზეთის სუვერენული საქართველოს შემადგენლობაში” მოაზრების ფაქტს რომ თავი დავანებოთ, ასევე სერიოზული დავის საფუძველს იძლევა დოკუმენტშივე არაერთხელ ნახსენები თბილისსა და სოხუმს შორის “ფედერალური შეთანხმება”. თამაზ ნადარეიშვილის აზრით, საქართველო აქ ორსუბიექტიან ქვეყნად არის მოაზრებული, რაც აფხაზურ მხარეს შესაძლებლობას მისცემს, როცა მოესურვება, მაშინ გაწყვიტოს კავშირი საქართველოსთან”.

შემდეგ “დილის გაზეთი” წერს: “აფხაზები გაეროს უშიშროების საბჭოს 19 ნოემბრის სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვენ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება ქართული მხარის ინტერესებს. არადა, თუ რეალისტები ვიქნებით, იმ დოკუმენტის განხილვის მიზნით მოწვეულ სხდომაზე დასწრება მათთვის უფრო უპრიანი იქნებოდა. აფხაზებმა ის მაინც იციან, რაზე ამბობენ უარს.

საერთოდ კი, თუ დოკუმენტი ორივე მხარისთვის მიუღებელია, მაშინ ვისთვის არის ეს დოკუმენტი შედგენილი? “ბოდენის გეგმის” ერთწლიანი ისტორია იმდენ შეკითხვას შეიცავს, რომ ამ გეგმის გასაშიფრად ქართულ მხარეს, აშკარად, ახალი გეგმის შედგენა მართებს”.

“დილის გაზეთის” კიდევ ერთ წერილში ნათქვამია, რომ “სამწუხაროდ, ფართოდ რეკლამირებულმა მშვიდობიანი მოწესრიგების “ბოდენის გეგმამ” ვერ გაამრთლა და ამის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავის თავზე”.
XS
SM
MD
LG