Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რეფორმებს რეფორმებისათვის ატარებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმართ დამოკიდებულებას ახასიათებს ერთი თავისებურება – თითქმის ყველა აღიარებს მის აუცილებლობას, მაგრამ თითქმის არავის არ სურს,

ან ბუნდოვნად წარმოუდგენია მისი განხოეციელების რეალურობა.

თუ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ეკონომიკურ მოდელებსა და სტრატეგიული განვითარების გზებზე მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს და ამ საქმეში სხვადასხვა ინსტიტუტებია ჩართული, საქართველოში სამეცნიერო წრეებშიც კი კარგა ხანია თითქმის აღარავინ მსჯელობს ეკონომიკური რეფორმის სტრატეგიასა თუ ქართულ ეკონომიკურ რეალობასთან მოდელების მისადაგებაზე.

ტოტალური არჩევნების ქვეყანაში პერიოდულად ქართველი პარტიული ლიდერები თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებში დიდ ყურადღებას უთმობენ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ამ პროგრამების რეალიზება გამარჯვებულებსაც ავიწყდებათ და დამარცხებულებსაც, საკმაოდ კარგად შედგენილი ძვირად ღირებული სტრატეგიები კი დიდი ხნით თაროებზე შემოიდება ხოლმე.

საქართველო არც მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული მრჩევლებისა თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერის დეფიციტს განიცდის, მაგრამ არც ამ მრჩევლების რეკომენდაციები ხორციელდება და არც საერთაშორისო ინსტიტუტებისა, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეფორმა მხოლოდ რეფორმისთვის ტარდება.

საქართველო, თავისი შერყეული საერთაშორისო იმიჯის მიუხედავად, დღემდე ავანსად იღებს დახმარებებს. მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხრიდან 800 მილიონ აშშ დოლარზე, ანუ სახელმწიფოს საგარეო ვალების ნახევარზე, მეტი გვაქვს მიღებული. გონივრული და გეგმაზომიერი პოლიტიკის გატარებისა და კორუფციული ხვრელების ამოვსების შემთხვევაში, ამ თანხის ნახევარიც საკმარისი იქნებოდა, რომ საქართველოს, მინიმუმ, ენერგეტიკული პრობლემა მაინც ჰქონოდა მოხსნილი.

სხვადასხვა გრანტებისა თუ კრედიტების უდიდესი ნაწილი, უკეთეს შემთხვევაში, არაეფექტურად იქნა გამოყენებული. ამ ფონზე იმავე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ”თავსმოხვეულ რეკომენდაციებსა” და უცხოელ მრჩეველთა არაკომპეტენტურობაზე საუბარი, ელემენტარულად, თავის მოტყუებად და საკუთარი უპასუხისმგებლობის შენიღბვის მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ.

თუ დასავლეთში ანტიგლობალისტებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ აგრესია ჩვეულებრივი პროტესტის ფორმაა, საქართველოში დასავლური რეკომენდაციების კრიტიკას ერთგვარი პატრიოტული და პოპულისტური შეფერილობა ახლავს. სხვათა შორის, დაახლოებით ამგვარი დამოკიდებულება არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, ”შოკური თერაპიის” ავტორისა და აღიარებული ეკონომისტის ლეშეკ ბალცეროვიჩის მიმართაც. ბალცეროვიჩი აგერ უკვე ორი წელია შევარდნაძის მრჩეველია და მის სოლიდურ ჰონორარს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო იხდის. ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოში ავტორიტეტული ეკონომისტის რჩევებში ამ ხნის განმავლობაში რაიმე ისეთი ყოფილიყო, რისი განხორციელების რეკომენდაციაც მანამდე ან ადგილობრივ, ან საერთაშორისო ექსპერტებს არ მოეცათ, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ველოსიპედის გამოგონება და ”ქართული” სპეციფიკური რეფორმის გატარების აუცილებლობა არ არსებობს – მსოფლიოში აპრობირებული ეკონომიკური სქემები, რომლებმაც მრავალ ქვეყანაში წარმატებით იმუშავა, სავსებით ადაპტირებადია საქართველოსთვისაც, თუ, რა თქმა უნდა, მისი განხორციელების პოლიტიკურ ნებას გამოვხატავთ და გეგმაზომიერ რეალიზაციას მოვახდენთ. ის, რომ აუცილებელია გადასახადების ამოღება, საჭიროა ადმინისტრირების გამკაცრება და ბიუჯეტის შესახებ კანონის განუხრელად დაცვა – აქსიომაა და ნებისმიერი მრჩეველი მხოლოდ მიგვითეთებს ამ პრობლემებზე, მდგომარეობის გამოსწორება კი, ამ მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

გასულ კვირაში საქართველოში ბალცეროვიჩის ჯგუფის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ამჯერად მათი ძირითადი ინტერესის სფერო საბაჟო იყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამკაციანმა ექსპერტთა ჯგუფმა საბაჟოს ხელმძღვანელობას საბაჟო დეპარტამენტში დაწყებული რეფორმების დაჩქარების რეკომენდაცია მისცა.
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, პოლონელ ექსპერტებს დეპარტამენტისათვის არ გადაუციათ რეკომენდაციების ნუსხა, რომელიც ანტიკონტრაბანდულ ღონისძიებებს უნდა შეხებოდა. როგორც ჩანს, დეტალური რეკომენდაციების ჯერი მომავალში დადგება, მანამდე კი საბაჟოზე, ევროგაერთიანების ,,ტასისის” პროგრამის ფარგლებში, ახალი, 850 ათასი ევროს ღირებულების, პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც 18 თვეზეა გაწერილი და საბაჟო-გამშვები პუნქტების აღჭურვას ითვალისწინებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, უფრო სწორად, მათ არარსებობას, რის გამოც ხანდახან წუწუნებენ კიდეც მთავრობის წევრები, უბრალოდ, ამგვარი რჩევები ხშირ შემთხვევაში აზრსაც კი კარგავს ხოლმე, რადგან ხელისუფლებას ჯერ ის რეკომენდაციებიც არ შეუსრულებია, რომელიც ბალცეროვიჩმა და მისმა ჯგუფმა ჯერ კიდევ შარშან დატოვეს.

გასულ კვირაში მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ქონების მართვის და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების გაუქმებას ითვალისწინებს.

აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისა და წესის შესახებ კანონში ცვლილებები გულისხმობს ქონების მართვის სამინისტროს დაშლასა და მის შეერთებას ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან. ცალკე შეიქმნება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო.

ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაშლის შედეგად, ურბანიზაციის ნაწილი შეუერთდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო მშენებლობის ნაწილი - ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.

მთავრობა ვარაუდობს, რომ, თუ კანონპროექტი წლის ბოლომდე იქნა მიღებული, აღნიშნული ცვლილებები პრაქტიკაში ახალი წლიდან გატარდება.

ორივე სამინისტრო, რომლებსაც რეფორმა შეეხება, კარგა ხანია რუდიმენტად იქცა და რეფორმის ეს ამჟამინდელი იმიტაცია ცოტათი დაგვიანებულიცა არის. თუმცა ამ შემთხვევაშიც, დაშლა-გაერთიანებისას, თუ მთავრობა უკვე აპრობირებული მექანიკური შეერთების გზით წავიდა, რეალურად ბევრი არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ორი ექს-მინისტრის დასაქმების პრობლემა გაჩნდება.

დაშლა-გაერთიანების პრაქტიკას მთავრობა დროდადრო მიმართავს ხოლმე ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმის განხორციელების კონტექსტში, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს სტრუქტურული როქი ბევრი არაფრის მომტანია და ყველაფერი, საბოლოოდ, ”ქართულ დაშლა-არმოშლას” ემსგავსება.
XS
SM
MD
LG