Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაპირველად იმის შესახებ, თუ რას წერდა ქართული პრესა პრაღის ჩრდილოატლანტიკური


გიორგი კაკაბაძე, თბილისი თავდაპირველად იმის შესახებ, თუ რას წერდა ქართული პრესა პრაღის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტამდე . 21 ნოემბრის გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ “ნაწილობრივ,

ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ნატოში შესვლის აუცილებლობისა და, საერთოდ, ამ ალიანსის პერსპექტივების შესახებ, ასე თუ ისე, მომწიფდა. მაგრამ აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ნატოს წესდებაში გათვალისწინებულ მუხლებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება ეს თუ კარგად დაფინანსებული ძლიერი თავდაცვის სისტემა, ალიანსი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს და, შესაბამისად, ამ პრობლემების მქონე ქვეყნის თხოვნას აინუნშიც არ აგდებს.
საქართველოში შიშობენ, რომ ნატო, მიუხედავად მისი კეთილგანწყობისა საქართველოს მიმართ, ასე ადვილად მწვანე შუქს არ აგვინთებს და გამონაკლისს არ დაუშვებს, თუმცა არის საპირისპირო აზრიც, რომ საქართველო მაქსიმუმ ხუთ წელში მიაღწევს მიზანს...”


22 ნოემბრის გაზეთი “ახალი ეპოქა” კი წერს:
“გადაუჭარბებლად, ყალბი პათეტიკის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების სურვილის საყოველთაო გამჟღავნებით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ეტაპს დაედება სათავე. როგორც მიხეილ ნანეიშვილმა მართებულად შენიშნა, ნატოსთან საქართველოს დაახლოებას წინ უძღოდა დასავლური ცივილიზაციისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვის 500-წლოვანი ისტორია.
ისტორია ისტორიად, მაგრამ როგორი იქნება ქართულ-ჩრდილოატლანტიკური ერთობა, რას მოუტანს ის საქართველოს, მის მოქალაქეებს?

რა თქმა უნდა, საქართველოს დღესვე არ მიიწვევენ ალიანსში, მაგრამ ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის კანდიდატს შესაბამისი ყურადღებით მოეპყრობიან, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.

ნატოსთან საქართველოს დაახლოების ფაქტისადმი პესიმისტურად განწყობილნი (მოწინაღმდეგეებიო, რომ არ ითქვას) აცხადებენ, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრი უკლია ჩრდილოატლანტიკურ სტანდარტებამდე; რომ საქართველო გაეროს, ევროპის საბჭოს წევრიც არის, თუმცა დღემდე დიდად ვერაფრით ვიხეირეთ – და ა.შ.

ცხადია, საქართველოს დღეს ნატოს სტანდარტების შესაბამისი არც განვითარებული საბაზრო ეკონომიკა აქვს, არც შეუბღალავი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოუყალიბებია, ვერც შიდა სტაბილურობით დაიკვეხნის და ვერც ზოგიერთ (განსაკუთრებით ჩრდილოელ) მეზობელთან შეხმატკბილებული ურთიერთობით. მაგრამ ის, რომ ამ სტანდარტებისკენ სწრაფვაში ჩვენი ქვეყნის ახლანდელ თუ მომავალ ხელისუფლებას სწორედ მსოფლიოში უმძლავრესი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი დაეხმარება, მართლაც, ბევრს ნიშნავს”.

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურა ქართული პრესა ნატოს სამიტის მსვლელობასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. 22 ნოემბრის გაზეთები წერენ, რომ 21 ნოემბერს ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღმოსავლეთ ევროპის შვიდი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, სლოვენია, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

გაზეთი “24 საათი” აღნიშნავს, რომ “ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის შემდეგ ეს მისი ყველაზე დიდი გაფართოებაა. ამასთან ერთად, ნატოს ხელმძღვანელობა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მისი კარი ღიაა ევროპის ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც მის მიზნებს იზიარებს და მის სტანდარტებს შეესაბამება”.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს. ქვეყნის პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი პრაღაში რადიო “თავისუფლების” ოფისში სტუმრობით დაიწყო. იგი ჟურნალისტებსა და პრაღის ატლანტიკურ- სტუდენტური სამიტის მონაწილეებს შეხვდა.

როგორც “მთავარი გაზეთი” გვამცნობს, ედუარდ შევარდნაძემ შეხვედრაზე, კერძოდ, განაცხადა: ”ამ სამიტზე ჩვენ ვეცდებით, მოვიპოვოთ ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა და მივუერთდეთ ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმას, რაც მომავალში ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას მოგვცემს”.

გაზეთის თქმით, “ცოტა ხნის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით გაიმეორა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა”.

“მთავარი გაზეთი” წერს, რომ “უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების შესახებ პრეზიდენტი შევარდნაძე საკმაოდ კატეგორიული ტონით პასუხობდა. მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მტკივნეული პრობლემები, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, რუსეთიდან მოდის. უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად, შევარდნაძის პოზიცია ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო ბორხეს დე კარვალიომაც დააფიქსირა”.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, 23 ნოემბრის გაზეთი “24 საათი” წერს, რომ “22 ნოემბერს პრაღის სამიტზე, სამწუთიანი მოხსენებით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბოლო მოუღო საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ მიმდინარე დებატებს და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიად გამოაცხადა”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “22 ნოემბერს პრეზიდენტი შევარდნაძე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს 10 წუთით შეხვდა. ლიდერებმა პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასა და ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაზე” ისაუბრეს. “ყველაფერი კარგად მიდის და ამერიკა საქართველოს გვერდით იდგება”, - უთხრა პრეზიდენტმა ბუშმა შეხვედრის ბოლოს ედუარდ შევარდნაძეს.

“24 საათის” საერთაშორისო მიმომხილველი შოთა უტიაშვილი პრაღიდან იუწყებოდა, რომ “ნატომ, შესაძლოა, საქართველოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამა დაიწყოს. ამ ახალი მოდელის თანახმად, წევრობის მსურველი სახელმწიფო მხოლოდ იმ ვალდებულებებს აიღებს, რომლის შესრულებაც მას შეუძლია. ეს პროგრამა დროში გაწელილია, თუმცა ეს საშუალებას მისცემს საქართველოს ნატოს სტანდარტებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს. სამიტზე მიღებული დეკლარაციის მეშვიდე პუნქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ახალი ინდივიდუალური პროგრამების შემუშავება მოხდება”.

“24 საათი” წერს, რომ “ჯერჯერობით უცნობია ნატოს ოფიციალური პასუხი საქართველოს განცხადებაზე. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს წევრობის მსურველ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანს”.

23 ნოემბრის “მთავარი გაზეთის” თქმით, “ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა არის ქართული მხარის ოპტიმიზმის საფუძველი, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისთვის საკმაო გზა ექნება გასავლელი. შევარდნაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი აუცილებლად დაიწყება და, შესაძლოა, ამას არც ისე დიდი დრო დასჭირდეს”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ შევარდნაძის საუბარი ჯორჯ ბუშთან პროტოკოლით დაგეგმილი არ ყოფილა. ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თავად სამიტის ორგანიზატორებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან პრაღაში ნებისმიერი ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრა მკაცრად იყო შეთანხმებული.

შემდეგ “მთავარი გაზეთი” წერს:

“თუ რა პირობები ექნება საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, ეს კარგად უნდა დავგეგმოთ. ნატოს დღევანდელი ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი. მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზის შემოკლება შეუძლია. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ დიდი მონდომებაა
საჭირო”.

გაზეთის ცნობით, “ბუშისა და შევარდნაძის შეხვედრამ კონკრეტული შედეგიც გამოიღო. შევარდნაძე ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში “დიდი ამბებია მოსალოდნელი, რადგან აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში ამერიკა ამიერიდან აქტიურად ჩაერთვება”.

“მთავარი გაზეთის” თქმით, “როგორი გაგრძელება მოჰყვება საქართველოს პოლიტიკურ განაცხადს, ალბათ, ახლო მომავალში გამოჩნდება. პრაღის სამიტით ქართული მხარე კმაყოფილია და მას ისტორიულს უწოდებს”.

23 ნოემბრის გაზეთი “რეზონანსი” წერს”:

“პრაღის სამიტამდე საქართველოს პოლიტიკურ წრეებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ შევარდნაძეს ეძლევა ისტორიული შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას. გუშინ ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაცია ორმხრივ ინტერესებს ეყრდნობა. პრაღის სამიტზე დასავლეთმა რუსეთს კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა საერთაშორისო ჭრილში განიხილება. მიღებული დეკლარაციის მე-15 პუნქტში ნატო ოფიციალურად სთხოვს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო კონტინგენტი მოლდოვიდან და საქართველოდან”.

22 ნოემბრის “დილის გაზეთის” აზრით, “საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება ის მომენტი იყოს, რომ ნატომ თავის რიგებში შავი ზღვისპირა ქვეყნები – რუმინეთი და ბულგარეთი მიიწვია”. გაზეთი წერს, რომ, “ამდენად, შავი ზღვის სანაპიროზე უკვე ნატოს წევრი სამი სახელმწიფო არსებობს (თურქეთი დიდი ხანია, რაც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციის წევრია). შავი ზღვის რეგიონში ნატოს მტკიცედ დამკვიდრება ბევრად უფრო ზრდის (შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში) საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსს”.
XS
SM
MD
LG