Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრაღიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი კმაყოფილებას არ მალავს და აცხადებს, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის

ინდივიდუალური პროგრამის შექმნის შესახებ. პროგრამის კონკრეტული დეტალები მას შემდეგ გაირკვევა, რაც თბილისს ნატოს ექსპერტები ეწვევიან, თუმცა პრეზიდენტი შევარდნაძე უკვე ოპტიმისტურად აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის ინდივიდუალური პროგრამა სამაგალითო იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვლენ საქართველოში ნატოს ექსპერტები. სამაგიეროდ, ოფიციალური თბილისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ნატოს სამიტის დასრულებისთანავე თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი რიჩარდ მაიერსი. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ შევარდნაძესთან, თავდაცვის მინისრტ დავით თევზაძესა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ჯონი ფირცხალაიშვილთან შეხვედრების გარდა, გენერალი მაიერსი მოინახულებს კრწანისის სასწავლო ცენტრს, სადაც გრძელდება ამერიკული მხარის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის “ პროგრამა. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მიმდინარეობა მაღალ დონეზე შეფასდა, დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაზრდის საკითხიც.
ჯერჯერობით კი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებები მოხდება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ხელმძღვანელობაში, რაც აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების საზღვაო ქვეითებით ჩანაცვლებაში გამოიხატება. “ევროპის საზღვაო ქვეითთა ოპერატიული კონტროლის ქვეშ მყოფი საზღვაო ქვეითები სწავლებას ჩაუტარებენ წინასწარ შერჩეულ სამხედრო ნაწილებს, მათ შორის - ქვეით ბატალიონს და მექანიზირებულ ასეულს,” – ნათქვამია 23 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. პრაღიდან მომავალმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ თვითმფრინავში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ახლა ძნელია თქმა, რამდენი დრო იქნება საჭირო, როდის გავხდებით ნატოს წევრი და ა.შ., მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, შეიძლება არც ისე დიდი დრო იყოს საჭირო.”
პრეზიდენტ შევარდნაძისგან განსხვავებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით უფრო პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს ოფიციალური მოსკოვი. ინტერნეტგამოცემა “გაზეტა.რუ” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის განცხადებას , რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კვლავაც უშედეგოა, იმის დადასტურებად მიიჩნევს, რომ რუსეთი არ აპირებს ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ბაზების გაყვანას, რაც, ბუნებრივია, საქართველოს ნატოსკენ კარს “საიმედოდ” დაუკეტავს. შესაბამისად, ქართული დიპლომატიის ნომერ პირველ სტრატეგიულ ამოცანად უნდა იქცეს ის, რომ სტამბულის უეთოს შეთანხმებები, რაც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას გულისხმობს, ბოლოს და ბოლოს, შესრულდეს.
XS
SM
MD
LG