Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბურთალოს ამომრჩეველი რთული არჩევანის წინაშეა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საბურთალოს ერთმანდატიან ოლქში არჩევნებამდე 4 დღით ადრე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მოქალაქეთა კავშირისა და სოციალისტური პარტიის მიერ 25 ნოემბერს

გაფორმებული “მშვიდობისათვის პარტნიორობის” შემდეგ საბურთალოს არჩევნებზე ორივე პარტია ერთსა და იმავე კანდიდატს დაუჭერს მხარს. შესაბამისად, ბრძოლას ერთი საპარლამენტო მანდატისთვის უკვე პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება.

25 ნოემბრამდე, დამკვირვებლების ვარაუდით, საბურთალოს საარჩევნო ოლქის კონკურენტუნარიან კანდიდატებად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გივი თარგამაძე და სოციალისტური პარტიის წევრი ზურაბ გუდავაძე ითვლებოდნენ. 25 ნოემბრის შემდეგ ვითარება შეიცვალა: სოციალისტურმა პარტიამ, იმის დასამტკიცებლად, რომ მოქალაქეთა კავშირთან მისი პარტნიორობა სერიოზულია, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნა და 30 ნოემბრის არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირის კანდიდატს თემო გოცაძეს აღუთქვა მხარდაჭერა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ამ ორი კანდიდატის პიროვნულ ღირსებებს ან იმ პროგრამებს, რომელთა განხორციელებასაც ისინი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ჰპირდებიან ამომრჩეველს. შაბათს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მოქალაქეთა კავშირსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მოუწევს, რაც განსაკუთრებულ დრამატიზმს იძენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგის ფონზე, როცა თბილისის ამომრჩეველმა უპირატესობა ნაციონალურ მოძრაობას მიანიჭა. როგორც თავის დროზე ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ არჩევნებს განიხილავდნენ პოლიტიკოსები ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების გენერალურ რეპეტიციად, შეიძლება ითქვას, რომ საბურთალოს არჩევნები, გარკვეულწილად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური “დათვალიერების”ფუნქციას იძენს. ნაციონალური მოძრაობა თავის პოლიტიკურ ამბიციებს არ მალავს, როცა აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისას უმრავლესობაში მოსვლას გეგმავს, რის შემდეგაც პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ მოქმედების არეალს გაიფართოებს. ფაქტია ისიც, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე პრეზიდენტი შევარდნაძე დაინტერესებულია “კონსტრუქციული” პარლამენტის არსებობით, რაც პარლამენტში მისი მხარდამჭერი ძალების სოლიდური წარმომადგენლობის არსებობას გულისხმობს. ფაქტია ისიც, რომ, ახალი თავმჯდომარის არჩევის მიუხედავად, მოქალაქეთა კავშირმა, საეჭვოა, დამოუკიდებლად საპარლამენტო არჩევნებისას წარმატებას მიაღწიოს. ანუ ის, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ყოფილი მმართველი პარტია პარტნიორების ძიებას დაიწყებდა, თავისთავად ცხადი იყო. ამ ეტაპზე არჩევანი სოციალისტურ პარტიაზე შეჩერდა, თუმცა, საეჭვოა, ძიება ამით დასრულდეს. ფაქტია, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მსხვილ საარჩევნო ბლოკებს შორის მოუხდება, რის პირველი ნიშნებიც ზაფხულში გამოჩნდა, როცა ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. თუმცა მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა პარლამენტსა და საკრებულოში “პროტესტანტთა” პარტნიორობის შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენა. გაურკვეველია მომავალიც წინა არჩევნების ერთ-ერთი წარმატებული სუბიექტის, ბლოკ “აღორძინებისა”, რომლის წევრი-პარტიები ნელ-ნელა ახალ-ახალ ბლოკებში ნაწილდებიან. ვინ შეიძლება იქცეს მოქალაქეთა კავშირის პოტენციური პარტნიორი – ეს, გარკვეულწილად, შაბათს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ გაირკვევა. მოქალაქეთა კავშირის კანდიდატის გამარჯვება ახალი პარტნიორების გამოჩენისთვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მოქალაქეთა კავშირისთვის საბურთალოს საარჩევნო ოლქის არჩევნების შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

30 ნოემბერს 4 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნები კვლავ გაუგებარ ვითარებაში გაიმართება – ასეთ განცხადებას აკეთებს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, რომლის წევრებიც არ გამორიცხავენ არჩევნების შედეგის ირგვლივ დაუსრულებელი სასამართლო პროცესების გამართვას. საარჩევნო სიების მოუწესრიგებლობას კიდევ ერთი პრობლემა ემატება – მაგალითად, არჩევნებამდე 5 დღით ადრე საბურთალოს რაიონის ერთმანდატიანი ოლქის უბნების უმრავლესობის სპეცჯგუფები ისევ თავმჯდომარეების გარეშეა დარჩენილი. კიდევ რა პრობლემები შეიქმნება 30 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას – თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ.
XS
SM
MD
LG