Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლიდან სამომხმარებლო და ფარმაცევტული ბაზარი ”გაქართულდება”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ირღვევა მომხმარებელთა უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და არის როგორც სახელმწიფო,

ისე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელთაც მონიტორინგი უნდა განახორციელონ ამ უფლებების დაცვაზე, ჩვენს პირობებში ამის რეალიზება უკიდურესად გაძნელებულია. ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული, არის უფლება მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ მიერ შეძენილი საქონლის შესახებ. როგორ ხდება ამ უფლების რეალიზაცია საქართველოში?

ის, რომ ჩვენ, როგორც მომხმარებლები, ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენი უფლებების დარღვევას, არახალია. ერთ-ერთი უპირველესი უფლება, რომელიც კანონით არის განსაზღვრული ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, გახლავთ უფლება ვფლობდეთ ინფორმაციას ჩვენ მიერ შეძენილ საქონელზე. აღნიშნული უფლება მონიჭებული გვაქვს საქართველოს კანონმდებლობითაც, თუმცა, სხვა არაერთი კანონის მსგავსად, ვერც ამ კანონის დაცვა ხერხდება.

ამ დღეებში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონში”, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ანტიმონოპოლიური სამსახურის ინიციატივით შევიდა. ეს ცვლილება სწორედ ინფორმაციის მიღების დარეგულირებას ემსახურება.

პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, 2003 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებულ და რეალიზებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე აუცილებელი იქნება ქართულენოვანი წარწერები, 1 მარტიდან კი ანალოგიური წარწერებით ”აჭრელდება” საკვები, კოსმეტიკური და სხვა სამომხმარებლო პროდუქციაც. აღნიშნული ცვლილების შემოტანას ანტიმონოპოლიური სამსახური ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ნოემბრიდან გეგმავდა, შემდგომ ვადა მომავალი წლის თებერვლამდე გადაიწია, საბოლოოდ კი, ქართულენოვანი ინფორმაციის აუცილებლობა 1 მარტიდან გადაწყდა.

აქამდე იმპორტირებულ საქონელზე ქართულენოვანი ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ გვხვდებოდა. ანალოგიური ცვლილება პარლამენტმა ორი წლის წინ დაამტკიცა, თუმცა მაშინ ”გაქართულება” მხოლოდ თამბაქოს ნაწარმს შეეხო. სხვა პროდუქციაზე კი, უკეთეს შემთხვევაში, ინგლისური ან რუსული წარწერები თუ იყო ხოლმე.

ანტიმონოპოლიური სამსახურის ინიციატივის შედეგად, გარდა იმისა, რომ მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას შეძენილი თუ შესაძენი პროდუქციის რაობასა და მის ინგრედიენტებზე, გაიოლდება იმპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა და კონტრაბანდის გამოვლენაც. საქონელზე ქართულენოვანი ინფორმაციის დატანამ შესაძლოა დამატებითი ხარჯები და, შესაბამისად, საქონლის გაძვირება გამოიწვიოს, მაგრამ ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გადასახადების ამოღების გაზრდის მოტივაცია ამ შემთხვევაში პრიორიტეტულად გვეჩვენება.

დღეს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილი საქონლის უდიდესი ნაწილი კონტრაბანდულია და, თუ ეს კანონი მთელი სიმკაცრით ამოქმედდება, იმპორტიორს თითოეულ შემთხვევაზე 1500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს, არანაკლებად იზარალებს რეალიზატორი. შესაბამისად, სავაჭრო ობიექტები იძულებულები გახდებიან უპირატესობა ლეგალურად შემოტანილ და ქართულწარწერიან საქონელს მიანიჭონ. თუმცა, თუ ქართველი კონტრაბანდისტების ფანტაზიის უნარსა და მაკონტროლებლების კორუფციის ხარისხს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, კანონის სიმკაცრის მიუხედავად, მისი უპირობო შესრულება ბოლომდე ვერ მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG