Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკების ბედი ინგუშეთში


მაშინ, როცა საქართველოში ადამინის უფლებათა დამცვლები განგაშს ტეხენ აგვისტოში დაკავებულ ჩეჩენთა რუსეთისთვის შესაძლო გადაცემის გამო, ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო

ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინგუშეთის ტერიტორიის დატოვებით ემუქრებიან ათასობით ჩეჩენს.

რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 20 დეკემბრამდე უნდა დაიცალოს ინგუშეთში განლაგებული ლტოლვილთა ბანაკები. არგუმენტად მოყვანილია სანიტარული მდგომარეობა. მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, აშკარაა, რომ მოსკოვს ძალზე უშლის ხელს ტრიალ მინდორში, გამოსაჩენ ადგილას მდგარი კარვების ბანაკი, რომელში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლივლები უარს ამბობენ დაბრუნდნენ სამშობლოში. განსხვავებით თავად ჩეჩნეთისაგან, მოსკოვი იოლად ვერ აკონტროლებს ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების კონტაქტს ინგუშეთში მყოფ ჩეჩნებთან.

გასული კვირის ბოლოს "ჰიუმენ რაიტს უოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეთ ანდერსენმა ასეთი განცხადება გააკეთა: "კარვებში განთავსებული ბანაკების დახურვა და ხალხის იძულება, გადავიდნენ ჩეჩნეთში რეალური ალტერნატივის არარსებობის პირობებში – იძულებით დაბრუნების ტოლფასია. ეს რუსეთის საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებების პირდაპირი დარღვევაა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოიშოროს თავიდან ბანაკები, ვინაიდან ისინი ყველაზე აშკარა საბუთია იმისა, რომ ჩეჩნეთში მდგომარეობა შორსაა ნორმალურისგან. სანამ არსებობს ბანაკები, ხელისუფლებას გაუჭირდება რუსეთის საზოგადოებისა და გარე სამყაროს დარწმუნება, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტი გვარდება".

ჩვენი გადაცემის დაწყების წინ ნაზრანში ტელეფონით დავუკავშირდი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" ინგუშეთის განყოფილების თანამშრომელს, უსამ ბაისაევს. მისი თქმით, ინგუშეთში ბანაკების დახურვის დაწყება ზუსტად თავსდება მოსკოვის საერთო პოლიტიკაში, მიჩქმალოს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული რეალური ვითარება.

[ბაისაევის ხმა] "რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ჩეჩნეთში მიმართულია არა იმისკენ, რომ რეალურად გააუმჯობესოს მდგომარეობა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, არამედ შექმნას მდგომარეობის გაუმჯობესეის ილუზია ილუზია; რომ იქ ყველაფერი ფედერალური ხელისუფლების კონტროქვეშაა; მყარდება მშვიდობა და ა.შ. და ამ მხრივ მას ძალიან უშლის ხელს სწორედ კარვების ბანაკების არსებობა ინგუშეთში".

თუ რატომ დადგა კარვების ბანაკების დახურვის საკითხი სწორედ ახლა, ამასთან დაკავშირებით ბაისაევმა მითხრა, რომ ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ჯერ ერთი, ნორდ-ოსტის ინციდენტის შემდეგ დასავლეთი უკვე ისე ენერგიულად ვეღარ უტევს მოსკოვს. მეორე მხრივ, ზამთრის პირობებში უფრო იოლია გათბობისა და ელემენტარული პირობების გარეშე მყოფ ლტოლვილებზე ზეწოლა. ექსპერტების აზრით, ხელისუფლეამ შეიძლება მიაღწიოს საწადელს და ბანაკები დაცალოს. მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ბანაკებიდან აყრილი ლტოლვილები ჩეჩნეთს არ დაუბრუნდებიან.

ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებსაც მოუწევთ მსგავსი ბედის გაზიარება. ასეთი კითხვა დავუსვი კავკასიის საკითხების ექსპერტს მამუკა არეშიძეს.

[არეშიძის ხმა] იხ. აუდიოვერია

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG