Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველოს მარკა” ფილატელისტებისათვის მაღაზიას გახსნის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფილატელია, ნუმიზმატიკასთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჰობია. საფოსტო მარკების შეგროვება ბავშვური გართობიდან ბევრისათვის სერიოზულ გატაცებად იქცა.

ფილატელია საკმაოდ ძვირი ჰობიც გახლავთ. იშვიათი საფოსტო მარკების ფასი სხვადასხვა აუქციონზე აღიარებული ფერწერული ტილოების ღირებულებასაც კი უტოლდება. ფილატელისტთა საზოგადოება საქართველოშიც არსებობს. ამ დღეებში მას ”საქართველოს ფოსტა” სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს: სულ მალე საქართველოში პირველი სპეციალიზებული ფილატელისტური მაღაზია გაიხსნება.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საფოსტო მარკების შეგროვებით ათასობით ადამიანია დაკავებული და ამისათვის ფილატელისტთა გაერთიანებაც არსებობს, აქამდე ამ ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული ჰობის მიმდევართ არ ჰქონდათ სპეციალიზებული მაღაზია, სადაც მათთვის სასურველ მარკას შეიძენდნენ. ფილატელია, ნუმიზმატიკასთან ერთად, საკმაოდ ძვირი ჰობი და შემოსავლიანი ბიზნესიცაა.

უცხოელ კოლექციონერებს, რომელთაც ქართული მარკის შეძენა სურთ, ამ ოცნების განხორციელება აქამდე მხოლოდ ორი გზით შეეძლოთ: ფილატელისტები ან თავის ქართველ კოლეგებს უნდა დაკავშირებოდნენ, ან თბილისში უნდა მოეძებნათ, ფაქტობრივად, ერთადერთი მაღაზია, რომელიც საქართველოს ფოსტაშია განთავსებული და, საკანცელარიო საქონელთან ერთად, შ.პ.ს. ”საქართველოს მარკის” მიერ გამოცემულ საფოსტო მარკებსაც ყიდის.

დეკემბრის შუა რიცხვებისათვის კი შ.პ.ს. ,,საქართველოს მარკის” ,,საქართველოს ფოსტაში” არსებული ფილიალი, ,,ქართული მარკა,” ქვეყანაში პირველი ფილატელისტური მაღაზიის გახსნას გეგმავს.

,,საქართველოს მარკის” დირექტორის გიორგი ბოცვაძის განცხადებით, მაღაზიაში გამოიტანენ ყველა იმ მარკას, რაც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში გამოუშვეს.

მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში, ,,საქართველოს მარკამ” გამოუშვა აშშ-ში გასული წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელზედაც გამოსახულია ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორივე კორპუსი დანგრევამდე და წარწერა: ,,ამერიკა, ჩვენ შენთან ვართ”.
გიორგი ბოცვაძის თქმით, ამ მარკის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ფილატელისტური მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე აშშ-ში ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება.
უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შ.პ.ს. ,,საქართველოს მარკამ” 300-მდე სხვადასხვა სახის მარკა 20 მილიონზე მეტი ტირაჟით გამოუშვა. მათ შორის ფილატელისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფიროსმანის სურათების სერია, მარკები საქართველოს ფლორასა და ფაუნაზე და ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სერია.

საფოსტო მარკა, ტრადიციულად, სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ატრიბუტად ითვლება. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გამო ფილატელიას არცთუ ისე დიდი ყურადღება ეთმობა. არადა, გარდა პრესტიჟისა, მარკებით ვაჭრობა საკმაო შემოსავლის მომტანი ბიზნესია და, ამ მხრივ, სპეციალიზებული მაღაზიის გახსნა, მართლაც, სასიამოვნო სიურპრიზი გახდება კოლექციონერებისათვის.
XS
SM
MD
LG