Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა ევროკავშირის თავდაცვის ხარჯების უკეთ კოორდინირების წინადადება წამოაყენა


ანდრო ეული, პრაღა საფრანგეთი გამოვიდა წინადადებით, რომ უკეთ მოხდეს ევროკავშირის თავდაცვის ხარჯების კოორდინირება და შეიქმნას ახალი, სრულიად ევროპის შეიარაღების სააგენტო.

ინიციატივა ეკუთვნის საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს მიშელ ალიო-მარის.

მიშელ ალიო-მარიმ წამოაყენა წინადადება, რომ დაიდოს ეგრედ წოდებული "კონვერგენციის პაქტი", რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრებმა თავიანთი შიდა ეროვნული პროდუქტის საერთო მაჩვენებელთან შედარებით სრულიად უმნიშვნელო თანხა უნდა გამოყონ თავდაცვის ხარჯების დასაფარად. ფრანგ მინისტრს ეს აუცილებლად მიაჩნია, რათა ევროპის ქვეყნებმა განამტკიცონ თავიანთი თავდაცვისუნარიანობა.

ამჟამად, ევროპის ქვეყნები, შიდა ეროვნული პროდუქტის ორიდან ოთხ პროცენტამდე ახმარენ თავდაცვას, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს თანხა არც თუ გონივრულად იხარჯება. აშშ, მაგალითად, თავისი შიდა ეროვნული პროდუქტის 4 პროცენტს ხარჯავს თავდაცვაზე, მაგრამ თავდაცვისუნარიანობით ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს.

ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი უშიშროების საკითხებში ალექსანდრა ეშბურნი მიესალმა საფრანგეთის წინადადებას, და თან დასძინა ამასთანავე, რომ ეს სულაც არაა ახალი იდეა, ვინაიდან რამდენიმე წლის წინათ იქნა პირველად წამოყენებული, მაგრამ ევროკავშირის წევრმა-ქვეყნებმა, მაშინ, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. ეშბურნი დარწმუნებულია იმაში, რომ იგივე მოხდება ამჯერადაც.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე წამოაყენა წინადადება, რომ შეიქმნას სრულიად ევროპის შეიარაღების სააგენტო, რომელიც ერთობლივი თავდაცვის იმ პროექტებს გაუწევს კოორდინირებას, რომლებშიც ევროკავშირის ერთზე მეტი წევრი-სახელმწიფო იქნება ჩართული. აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ლონდონში დაფუძნებული ევროპის რეფორმისტული ცენტრის ექსპერტმა უშიშროების საკითხებში დან კოჰეინმა: [დან კოჰეინის ხმა] "საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის ყველა სახელმწიფო არ მიიღებს შეიარაღების სააგენტოს საქმიანობაში მონაწილეობას, ვინაიდან მრავალეროვან პროგრამებში ყოველი ქვეყანა არ იქნება უცილობლად ჩართული. ეს, უწინარესად, იარაღის მწარმოებელი წევრების პრეროგატივა იქნება. რთული იქნება ეს პოლიტიკურად, თუმცა შეიძლება მისი განხორციელება. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ როცა ევროკავშირის წევრთა რიცხვი 25-დე გაიზრდება, ამის გაკეთება, პოლიტიკურად, კიდევ უფრო გართულდება".

რაც შეეხება ევროკავშირის ძალისხმევას, რაც სწრაფი რეაგირების საკუთარი სამხედრო შენაერთის შექმნისკენაა მიმართული, ამას ჯერჯერობით, არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. უთანხმოებამ თურქეთსა და საბერძნეთს შორის დააყოვნა ხსენებული სამხედრო შენაერთის შექმნა. ევროკავშირის სწრაფი რეაგირების სამხედრო შენაერთს მაკედონიაში უნდა განეხორციელებინა თავისი პირველი სამშვიდობო მისია.

ამასობაში, გასულ თვეს გამართულ სამიტზე პრაღაში, ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს სწრაფი რეაგირების 20 ათასკაციანი საკუთარი სამხედრო შენაერთი დააარსონ, რაც, ცალკეულ მიმომხილველთა აზრით, ზედმეტს გახდის უკვე ევროკავშირის ჩარჩოებში ანალოგიური სამხედრო შენაერთის დაარსებას.
XS
SM
MD
LG