Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქის ფული – მოქალაქეებს: რას ამბობს კანონი


დავით პაიჭაძე, თბილისი ია ანთაძის მიერ ნახსენები სამი ნიშნიდან ორს – კანონის უზენაესობასა და სახელმწიფოსა და პიროვნების ორმხრივ პასუხისმგებლობას ეხება თბილისის განახლებული მთავრობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა

– ქალაქის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა მისცენ მოქალაქეებს, რათა ის თავიანთი უბნის, სახლისა თუ ეზოს პრობლემათა მოსაგვარებლად დახარჯონ. საქართველოში არც ერთი დონის ხელისუფლება აქამდე ასეთ პრაქტიკას არ იცნობდა. რამდენად ეთანხმება მოქმედ კანონმდებლობას ასეთი განზრახვა?

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]: “არის ბატონი თემურ ქურხულის კონცეფცია, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ: ფული ხარჯონ ადგილობრივმა აქტიურმა საბჭოებმა. რაც ქალაქში ფულია, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კი არ უნდა მივცეთ: აირჩიოს ხალხმა ადგილობრივი საბჭოები და ამ საბჭოებს მიეცემათ ფული. ისინი თვითონ იქირავებენ ფირმას, ჩაატარებენ ტენდერს, შევლენ თანადაფინანსების ფორმით, თუ საამისო ფული ექნებათ, რათა გაარემონტონ თავიანთი ეზოები, სკვერები თუ სახლები.”.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებაში, სულ ცოტა, ორი რამ არის უჩვეულო: თავად იდეა, რომელიც პირველად ესმის ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას, და სიტყვა “საბჭოები”, რომელიც უთუოდ მისცემს გონებრივ საზრდოს ადამიანებს, ვინც სააკაშვილს ნეობოლშევიზმის ადეპტად მიიჩნევს. არადა, არაბუნებრივი ამ განზრახვაში არაფერია. უბრალოდ, ჩვენს სახელმწიფო მოხელეებსა და მოღვაწეებს ხშირად არ ესმით, როგორ შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს მოქალაქეთა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტული პროგრამებისა თუ პროექტების განსახორციელებლად.

მაგრამ ერთია იდეა და მეორეა კანონმდებლობა, რის საფუძველზეც შეიძლება იდეის რეალიზება. მე ვკითხე იურისტ დავით უსუფაშვილს, რამდენად აქვს სახელმწიფო ორგანოებს უფლება, ასე მოიქცნენ [უსუფაშვილის ხმა]: “სახელმწიფოს აქვს უფლება, გრანტის სახით გასცეს თანხა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ფორმით ხდება ამ ჯგუფების შერჩევა და დაფინანსება. ზოგადად, სახელმწიფომ რაღაც კონკურსის საფუძველზე გრანტი რომ მისცეს მოქალაქეთა ჯგუფს – ეს შეიძლება. მაგრამ, ვთქვათ, ბიუჯეტში გამოყოფილია თანხა წყალმეურნეობის მოსაწესრიგებლად და ის უნდა მიიღოს შესაბამისმა სამმართველომ; თუ ქალაქის ახალი მთვარობა ამბობს, რომ ეს თანხა უნდა მივცეთ ვინმე სხვას და არა იმას, ვისთვისაც ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, მაშინ ეს არაკანონიერი და არასწორი იქნება”.

თბილისის ხელისუფალთა ინიციატივის კანონიერება დამიდასტურა პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა სანდრო სვანიშვილმაც [სვანიშვილის ხმა]: “იურიდიულად ეს სავსებით კანონიერია. თუ საამისო თანხები არსებობს, სრული უფლება აქვთ. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსებობს – ესაა მუნიციპალიტეტის დაკვეთები. ბიუჯეტი არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ხარჯებს. ხარჯების დამოუკიდებელი განსაზღვრა ნიშნავს, რომ სრული უფლება აქვთ, მიიღონ ამ ტიპის გადაწყვეტილება (იგულისხმება სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსება – დ.პ.)”.

ნათქვამს სანდრო სვანიშვილი დასძენს, რომ ასეთი ინიციატივის განსახორციელებლად აუცილებელია ქალაქის ბიუჯეტში იმთავითვე განისაზღვროს თანხა. უწყებებისა და სამსახურებისთვის გამიზნული ფული მოქალაქეებს არ შეიძლება გადაეცეთ. მომავალი წლის ბიუჯეტის შემდგენლებს არაფერი აბრკოლებთ, ფინანსური სახსრები სამოქალაქო გაერთიანებებსაც გამოუყონ, რომელთაც მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ ქალაქის მართვასა და მოვლა-პატრონობაში.
XS
SM
MD
LG