Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალგაზრდული პროგრამის” დღევანდელ გადაცემაში ომზე


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი “ახალგაზრდული პროგრამის” დღევანდელ გადაცემაში ომზე,

ყოფილ მეომრებზე, მათ დღევანდელობაზე, აფხაზეთის ომის შესახებ ქართველი ახალგაზრდების წარმოდგენასა და საომარი მოქმედებებისადმი მათ შესაძლო დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ.
გენერალ გია ყარყარაშვილის დახმარებით, შევეცდებით ვუპასუხოთ შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად გაუფასურდა საქართველოში პატრიოტული ღირებულებები, რა იყო აფხაზეთის ომი და რატომ შეექმნა საზოგადოებას ამ ომში მონაწილეებზე მხოლოდ უარყოფითი აზრი. მანამდე კი ყოველივე ამაზე ქართველი ახალგაზრდების შეხედულებებს მოვისმენთ დავით პაიჭაძის სიუჟეტში.


როგორ უყურებენ და აფასებენ სამხედრო კონფლიქტს აფხაზეთში ის ადამიანები, რომლებიც ომს ბავშვობის ასაკში მოესწრნენ და რას მოიმოქმედებენ, თუ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სახელმწიფო და ხელისუფლება არმიას საომარ მოქმედებათა განახლებისაკენ მოუწოდებს? – ამ კითხვით მივმართე რამდენიმე ახალგაზრდას. მათი პასუხები ერთმანეთს ჰგავს და განსხვავდება კიდეც.

20 წლის მიშა ჭონიშვილმა, მაგალითად, განმიცხადა, რომ კონფლიქტი აფხაზეთში – ეს იყო ცუდად დაგეგმილი და არასახელმწიფოებრივად გათვლილი მოქმედება, რის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორია და უმიზნოდ გაიწირა ადამიანური რესურსი. იგი ფრთხილად ეკიდება, აფხაზეთში სამხედრო მოქმედების განახლების შემთხვევაში, ომში წასვლის შესაძლებლობას [ჭონიშვილის ხმა]: “არ ვიცი, გააჩნია მთავარსარდალს, გააჩნია, ვინ წარმართავს ეროვნულ და სახელმწიფო პოლიტიკას ქვეყანაში: თუ იგივე ხალხი, რომელმაც, მე როგორც ვიცი, გაყიდა ან უღალატა, მაშინ აზრს კარგავს შენი პატრიოტული შეგნება. მაგრამ თუ ხედავ და გჯერა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი ეროვნულ პოლიტიკას ეწევა, მაშინ, ალბათ, წავალ”.

გიორგი ომის დროს 11 წლისა იყო. დღეს ის ფიქრობს, რომ ომის თავიდან აცილება ქვეყანას მაშინ არ შეეძლო, მაგრამ მარცხი განაპირობა, ერთი მხრივ, სამოქალაქო ომმა, მეორე მხრივ კი, აფხაზეთში ცუდად დაგეგმილმა სამხედრო ოპერაციებმა და უხეირო მატერიალურ-ტექნიკურმა უზრუნველყოფამ. რაც შეეხება ომის განახლებას, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლო გზას, და მასში გიორგის მონაწილეობას, ის ამბობს [გიორგის ხმა]: “რომც არ დადგეს ომის აუცილებლობა, მე წინააღმდეგი არა ვარ ჯარში სამსახურის. მაგრამ ჩემს თაობას არ სურს სიკვდილი შიმშილით და არაფრის გულისთვის. თორემ ჩვენ მოქალაქეები ვართ და გვესმის, რომ რაღაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ.”.

22 წლის აკაკი აფხაზეთის სამხედრო კამპანიას დიდ შეცდომად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც ერთმანეთში გასაყოფი არაფერი ჰქონდა, უფრო ჩათრეული აღმოჩნდა და, საბოლოოდ, ემსხვერპლა პოლიტიკურ თამაშებს. აკაკის აზრით, ომის განახლების ალბათობა დაბალია, თვითონაც წინააღმდეგია ომის, რადგან ადამიანის სიცოცხლე აღუმატებელ ღირებულებად მიაჩნია. მაგრამ მე დაჟინებით მოვთხოვე ეპასუხა კითხვისთვის, წავა თუ არა ომში, თუ ცხადი გახდა, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა [აკაკის ხმა]: “ალბათ, წავალ, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები წავლენ, წავალ ჩემს გვერდით მდგომი ადამიანების დასაცავად. აქ, უბრალოდ, საკითხი ასე დგას: თუ ომი იქნება, ვალდებული ვიქნები, წავიდე. თუმცა მე არა ვარ ომის მომხრე არავითარ შემთხვევაში. თუნდაც ვერ დავიბრუნოთ აფხაზეთი – ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია”.

მე წავალ ომში, თუმცა მისი წინააღმდეგი ვარ; ეს ჩემი პატრიოტული ვალია, – განმიცხადა 21 წლის ლევანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ახალ ომს საგანგებო იდეოლოგიური საფუძველი სჭირდება, რადგან ჯერაც ცოცხალია ხსოვნა, როგორ მიდიოდნენ ომში ნადავლისათვის. ჩემს კითხვას, როგორ უყურებს დღევანდელი გადასახედიდან კონფლიქტს აფხაზეთში, ლევანი, ბავშვობისდროინდელ ემოციათა გაცოცხლებით, უპასუხებს [ლევანის ხმა]: “ბავშვის თვალით, როგორც ზღაპარს, ვუყურებდი ამბებს და რატომღაც მჯეროდა, ქართველები გაიმარჯვებდნენ. გული დამწყდა, რომ ქართველებმა წავაგეთ. ჩემი ამხანაგებიც ასე იყვნენ. 9 აპრილსაც იგივე დაგვემართა: გაოგნებულები ვიყავით და არ ვიცოდით, რა გვექნა. ეზოში და ყველგან სიცარიელე იყო, მშობლებთან და ნათესაობაში - სევდიანი ან დაძაბული ატმოსფერო. ბავშვებშიც იგრძნობოდა ეს და, აშკარად, გული გვტკიოდა ყველას”.

19 წლის გიორგისთან კი ჩემს საუბარს სრულად მოვიყვან:

[გიორგის ხმა]: “ჩემი აზრით, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, აფხაზეთი კვლავ გახდეს საქართველოს შემადგენელი ნაწილი, იმიტომ რომ ორ ხალხს შორის არის სიძულვილი, დიდი უფსკრული.

თქვენ გძულთ აფხაზები?

პირადად მე არ მძულს, მაგრამ იმ ადამიანებს შორის, ვინც ეს ომი ნახა და უშუალო მომსწრე იყო სიძულვილისა, ძალიან გაჭირდება. ჩვენ გვექნება ახლო აღმოსავლეთი: ებრაელები და პალესტინელები - კავკასიაში.

თუ ქართულმა სახელმწიფომ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ შეიარაღებული გზით, მოკლედ, ცხადდება ომი. თქვენ რას შვრებით ამ დროს?

არ ვიცი. ალბათ, ყველა ქართველის ვალია, იბრძოლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

ყველა ქართველი არა, პირადად თქვენ რას შვრებით?

ალბათ, ავიღებ იარაღს.

რომ გქონდეთ თავის არიდების საშუალება, არ აარიდებთ ომს?

არა.”






ომის არსს ძნელია ბოლომდე ჩასწვდეს ადამიანი, რომელსაც ომთან უშუალო შეხება არ ჰქონია. საქართველოს 10 წლის წინანდელმა რეალობამ კი მაშინდელ ახალგაზრდებს ყველა პირობა შეუქმნა, ომის საშინელებისთვის თვალებში ჩაეხედათ.მათ, ყოფილ მეომრებს, 90 - იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოუხდათ მსხვერპლის გაღება. ყოფილი მეომრების ნაწილი დღემდე სამხედრო სამსახურში რჩება, ზოგიერთმა მათგანმა მშვიდობიან პერიოდში სრულფასოვანი სამხედრო განათლების მიღებაც მოახერხა, მაგრამ ყოფილი მეომრების უფრო დიდი ნაწილისთვის საზოგადოებაში ადგილის მონახვა რთული აღმოჩნდა. ბევრი მათგანი ომის თანმდევ ცუდ მოვლენებს ვერ ასცდა და ციხეში აღმოჩნდა, ბევრი სამხედრო სამსახურს საერთოდ ჩამოშორდა და მომავალი სხვა სფეროს დაუკავშირა. დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკოსებმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს, რომ ომის შემდეგ ისინი სახელმწიფოსგან მიტოვებულები აღმოჩნდნენ. ეს ასეც არის, მაგრამ, როგორც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დეპუტატმა გია ყარყარაშვილმა გვითხრა, ომის ვეტერანების შეკრებები, მათი საუბრები ცხადყოფს, რომ ამ ადამიანებს სოციალურ პრობლემებზე და მათდამი ხელისუფლების უყურადღებობაზე მეტად გაუფასურებული პატრიოტული ღირებულებები აწუხებთ, ის, რომ საზოგადოებაში დაიკარგა შეგრძნება, რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, რას ნიშნავს სამშობლო ან მისთვის თავგანწირვა, რას ნიშნავს იმ ფასეულობის რეალიზება, რომელზეც საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში გაწვეული ქართველი ჯარისკაცები ვერც იოცნებებდნენ.

[გია ყარყარაშვილის ხმა] “როდესაც მართლა მოგვიწია ამ სუნთქვის შეგრძნება, მაშინვე მისი ფასი დავკარგეთ. რატომ? იმიტომ, რომ წინა პლანზე სოციალურმა პრობლემებმა წამოიწია.აი, მაგალითად, ორდენის ფასი, რომელიც გმირობის ხარისხის განმსაზღვრელი უნდა იყოს, სოციალური დაცვის ელემენტდ გადაიქცა. არადა, მერწმუნეთ, ძალიან ბევრს ვიცნობდი ისეთს, რომელიც ამ ორდენისთვის და სამშობლოსთვის თავს სიამაყით გაწირავდა. სამწუხაროდ, დღეს ამ ორდენზე მეტად ღირებულია ის 25 ლარი, რომელიც პენსიის დანამატია.”

გია ყარყარაშვილისა და მისი მეგობრებისთვის სამხედრო წარსული და გმირობის ორდენი, გაცილებით ბევრს ნიშნავს. საქართველოს ყველაზე რთული პერიოდის პირველი სამხედრო პირი თავისი წარსულიდან სიამაყით იხსენებს ყოველ დღეს, იმ დღეების გარდა, რომლებსაც სინანული უკავშირდება. ამბობს, რომ სამხედრო სამსახურში წასვლით არცთუ სახარბიელო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ყველაფერს თავიდან რომ იწყებდეს, იმავე გზას აირჩევდა. “მე მაინც იმ იდეოლოგიით და იმ სამხედრო რომანტიზმით ვარ მოწამლული, რომელიც ჩვენს რეალობაში 10 წლის წინ შემოვიდაო,”- მითხრა გია ყარყარაშვილმა, თუმცა ომზე საუბრისას აღნიშნა, რომ არც ერთი მიზანი არ ღირს იმ საშინელებად რაც ომს ადამიანებისთვის მოაქვს. ასეა თუ ისე, გია ყარყარაშვილმა და მისმა თაობამ იომა და ამით ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პოლიტიკოსებს აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში პოლიტიკური მექანიზმების ამუშავების საშუალება მისცემოდათ. მართალია, ამ ომში იყო შეცდომები:

[გია ყარყარაშვილი ხმა] “უნდა ყოფილიყო კიდეც შეცდომები. იყო ღალატი, რამაც გადაწყვიტა ამ ომის ბედი. იყო პოლიტიკური ამბიციები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იყო მანკიერებები, მაგრამ, მთავარი იყო ის, რომ ამ ომის სამხედრო გზით დასრულება იყო შეუძლებელი.”

ასე ფიქრობს ადამიანი, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ყველა ომში იომა, რომელსაც სრულიად ახალგაზრდას მოუწია უმძიმეს ვითარებებზე პასუხისმგებლობის აღება და რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მეომრის სიმბოლოდ იქცა.

[გია ყარყარაშვილის ხმა] “ყველაფერი ვიყავი მე, ბატალიონის მეთაურიდან დაწყებული. ვიყავი აფხაზეთის ომში დისლოცირებული ჯარების სარდალი, სამაჩაბლოში განთავსებული ბატალიონის სარდალი, ეროვნული გვარდიის სარდალი, თავდაცვის მინისტრი. ეხლა ვარ გია ყარყარაშვილი.”

მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტული ღირებულებები, სოციალური სიდუხჭირისა და სხვა მიზეზებით, გაუფასურებულია, გენერალი ყარყარაშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელ ქართველ ახალგაზრდებს მის თაობაზე არანაკლებ შეუძლიათ სამხედრო შემართებისა და პატრიოტიზმის გამომჟღავნება. “ეს არის, რომ ამ თაობას დრო სხვა მისიას აკისრებს. მას პატრიოტიზმის გამოვლენა განათლებით მოეთხოვება, საქართველოს პრობლემები მან სხვა მექანიზმებით უნდა გადაწყვიტოსო,” – ამბობს ის, აფხაზეთის ომში გამოჩენილი არაერთი გმირობის გახსენებას კი თავს არიდებს და არა იმიტომ, რომ ამ ომში გმირობის მაგალითები არ იყო, პირიქით. გია ყარყარაშვილს არ უკვირს, რომ წაგებულ ომთან დაკავშირებით საზოგადოებას ცალმხრივი შეხედულება აქვს, თანაც, უფრო მეომრებზე, ვიდრე პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ამ ომში გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვათ.

[გია ყარყარაშვილის ხმა] “ომისთვის, ისევე როგორც მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, დამახასიათებელია, ერთი მხრივ, მანკიერი თვისებები, მეორე მხრივ, თავდადება, პატრიოტრიზმი, გმირობა. უბრალოდ, შედეგიდან გამომდინარეობს, საზოგადოება ომის რომელ თვისებას წამოსწევს წინა პლანზე. ჩვენს საზოგადოებაში სოციალურმა სიდუხჭირემ განაპირობა და არა მარცხმა ის, რომ აფხაზეთის ომზე უარყოფით შეხედულებას დაეფუძნა 10 წლიანი პოლიტიკა.
რა თქმა უნდა, იყო ცუდი მოვლენები, მარადიორობა, ღალატი, ლაჩრობა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა. მაგრამ საზოგადოებისთვის ეს უფრო მისაღები გახდა. სოციალური კრიზისის დროს მატერიალური ღირებულებები უფრო მძლავრობს, ვიდრე სულიერი ღირებულებები. ამიტომ არ მიკვირს ეს ყველაფერი, თუმცა გული მტკივა.”
XS
SM
MD
LG