Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებენ თუ არა მარტისთვის დაგეგმილ რეფერენდუმში მონაწილეობას პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი დევნილები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება დარწმუნდა ჩეჩნეთის კონფლიქტის ძალისმიერი ხერხებით მოგვარების უპერსპექტივობაში. ყოველ შემთხვევაში, გასულ კვირას, რუსეთის კონსტიტუციის დღეს,

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჩეჩნეთის კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ, ასეთი ფრთხილი დასკვნის საფუძველს იძლევა. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება რეფერენდუმის გზა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მშვიდობის აღსადგენად.

რუსეთის ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას უკვე 2003 წლის მარტში მიიჩნევს შესაძლებლად. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, რეფერენდუმზე გამოტანილი იქნება ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუცია და ორი კანონპროექტი: ჩეჩნეთის პრეზიდენტისა და ჩეჩნეთის პარლამენტის არჩევნების შესახებ. მან უკვე დაავალა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩეჩნეთის საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალური დახმარების გაწევა, რათა 2003 წლის მარტში რეფერენდუმი ყოველგვარი გართულებების გარეშე გაიმართოს.
ვინ მიიღებს მონაწილეობას რეფერენდუმში? – რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრ ვიშნიაკოვის განმარტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პანკისის ხეობაში თავშეფარებული 4 ათასი ჩეჩნეთიდან დევნილი, მონაწილეობის სურვილის შემთხვევაშიც კი, რეფერენდუმის მიღმა აღმოჩნდება. ვიშნიაკოვის განმარტებით, მათ, ვინც დატოვა ჩეჩნეთის ტერიტორია, მოუწევთ ჩეჩნეთში დაბრუნება და რეგისტრაციაში გავლა. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ ექნებათ მათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში. გარდა ამისა, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს ხმის მისაცემი უბნების მოწყობას ჩეჩნეთიდან დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში, - ასეთი ადგილები კი, დევნილების ჩეჩნეთში ძალით დაბრუნების ოპერაციების შედეგად, სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება. მაგალითად, ინგუშეთში ამ მიზეზით თითქმის ყველა ბანაკი გაუქმდა.
ისევ საქართველოს რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ურიგო არ იქნებოდა იმის გახსენება, რომ 7 დეკემბრის აქციის შემდეგ, როცა თბილისში, უკანონო მიგრანტებთან ბრძოლის საბაბით, ჩეჩნეთიდან დევნილები პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს, არაერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნეთიდან დევნილების ექსტრადიციისთვის ემზადება. ამ მოსაზრებას უარყოფს პრეზიდენტი შევარდნაძე:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ კვლავაც ვაცხადებ, რომ საქართველო, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის დაეხმარება უმწეო ადამიანებს, ვისაც ჯერჯერობით არ შეუძლია მშობლიურ კერასთან დაბრუნება. აქტიურად ვიმუშავებთ რუსეთის ხელისუფლებასთან, – ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან, – რათა, ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარებასთან ერთად, ეს ხალხი ნებაყოფლობით – ხაზს ვუსვამ, ნებაყოფლობით - დაბრუნდეს თავის სამშობლოში, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით. მაგრამ სანამ საქართველოში იქნებიან, მუდამ ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანაგრძნობის იმედი.”
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩეჩნეთიდან დევნილებს კიდევ დიდხანს მოუწევთ საქართველოს მხარდაჭერისა და თანაგრძნობის იმედად ყოფნა, რადგან ჩეჩნეთში დაგეგმილი რეფერენდუმი რეალურად მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კადიროვი ლეგიტიმურობით აღიჭურვოს. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე რესპუბლიკა იჩკერიის კანონიერ პრეზიდენტად ხომ ასლან მასხადოვი ითვლება.
XS
SM
MD
LG